10, 15 ან თუნდაც 20 წლის წინ, საუკეთესო სამსახურის შეთავაზების მისაღებად აუცილებელი იყო ტექნიკური, ე.წ. „მყარი“ უნარების ქონა. თუმცა, დღევანდელ მსოფლიოში იცვლება დასაქმებულების მიმართ მოთხოვნები და დამოკიდებულება. ე.წ. რბილი უნარები ახალი სავაჭრო ვალუტა ხდება.
თანამედროვე ტექნოლოგიები ყოველდღიურად ცვლიან დამსაქმებლების მოთხოვნებს, კომპანიები უფრო მეტად გაამახვილებენ ყურადღებას რბილ უნარებზე. ეს უნარები მათ დაეხმარებათ მარტივად მოერგონ ცვლილებებს. რბილი უნარების მთელი ხიბლი იმაშია, რომ ინდუსტრიებს შორის მარტივად შეიცლება პოზიციის ცვლილება. მათი დახმარებით შეგიძლიათ შეიცვალოთ კარიერა ან უფრო მარტივად გადახვიდეთ ახალ საფეხურზე.
Forbes გვიზიარებს ამერიკული კომპანიის CashNet-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს, რომელმაც გამოიკვლია indeed.com-ზე განთავსებული ვაკანსიები. ამ ანალიზის შედეგად გამოიკვეთა 10 ყველაზე მოთხოვნადი რბილი უნარი:
1. სტრატეგიული აზროვნება - განთავსებული ვაკანსიების 65% უთითებდა ამ უნარის საჭიროებაზე. სტრატეგიული დაგეგმარების უნარი გულისხმობს დასაქმებულის შესაძლებლობას გააანალიზოს სიტუაცია და შესაბამისად დასახოს მიზნები. ეს უნარი საჭიროა არა მხოლოდ ლიდერისთვის და მენეჯერისთვის, არამედ ყველა პროფესიონალისთვის.
2. მოლაპარაკების უნარი - ეს უნარი გამოიყენება როგორც გაყიდვების დროს, ასევე ხელშეკრულებებზე მუშაობისას, მომხმარებლების კმაყოფილებაზე ზრუნვისას, მნიშვნელოვანი და სენსიტიური ინფორმაციის დამუშავებისას და სხვა. მოლაპარაკების უნარის დასახვეწად შეგიძლიათ დაესწროთ სხვადასხვა ტრენინგებს და კურსებს.
3. დარწმუნების უნარი - დარწმუნება კომუნიკაციის ერთ-ერთი ნაწილია და ხშირად შეიძლება მოლაპარაკების უნარში გააიგივონ. თუმცა, მოლაპარაკება გულისხმობს ორივე მხარისთვის სასურველი შედეგის მოფიქრებას, მისთვის ორივე მხარის მიერ კომპრომისის გაღებას, ხოლო დარწმუნება გულისხმობს მეორე მხარის აზრის შეცვლას.
4. პრეზენტაციის უნარი - ჰიბრიდულ სამუშაო გარემოში მუშაობისას პრეზენტაციის უნარი სამუშაო გარემოს განუყოფელი ნაწილი ხდება. შეეცადეთ დახვეწოთ პრეზენტაციის უნარი იმგვარად, რომ თანაბრად მიიპყროთ ყველას ყურადღება, იქნებიან ისინი თქვენს წინაშე თუ კომპიუტერის ეკრანს მიღმა.
5. კრიტიკული აზროვნება - სტრატეგიული ფიქრის და გადაწყვეტილების მიღების შემადგენელი ნაწილია. კრიტიკულად ფიქრისთვის უნდა შეაგროვოთ და გააანალიზოთ ფაქტები, თქვენი დაკვირვებები და მიიღოთ გადაწყვეტილება.
6. მენტორობა - მენტორობა არ არის უნარი, რომელიც რბილ უნარებზე საუბრისას გვახსენდება. თუმცა, მენტორობა განვითარების და კომპეტენციის გამოვლენის საუკეთესო საშუალებაა. მენტორობის დროს გამოავლენთ გუნდური მუშაობის უნარს, კოლაბორაციას, გაიუმჯობესებთ კომუნიკაციის უნარებს.
7. ემოციური ინტელექტი - უნარი გაიგო და დაარეგულირო ემოციები, გამოეხმაურო სხვა ადამიანების ემოციებს. ემოციური ინტელექტის მაჩვენებელი შეიძლება იყოს როგორ უსმენთ და გამოხატავთ ემპათიას, როგორ იქცევით მარცხის დროს როგორ აფასებთ საკუთარ პროფესიულ განვითარებას და ზრდას.
8. ინოვაციურობა - საკუთარ თავს მიიჩნევთ ინოვატორად თუ შემოქმდებით ადამიანად? ის რომ რაღაც ყოველთვის ერთი გზით კეთდებოდა არ ნიშნავს, რომ მუდმივად ასე უნდა მოხდეს. თუნდაც არ თვლიდეთ, რომ რაიმე განსაკუთრებულად გამორჩეული ინოვაციური უნარები გაქვთ, ყოველდღიურად დაფიქრდით რისი შეცვლა შეიძლება სამუშაო პროცესში, შეაფასეთ პრობლემები სხვადასხვა მხრიდან, გაანალიზეთ დადებითი და უარყოფითი მხარეები.
9. ფინანსების მართვა - არ არის აუცილებელი ფინანსურ დეპარტამენტში მუშაობდეთ, რომ გესმოდეთ ფინანსები. დაესწარით შესაბამის ტრენინგებს დ მიიღეთ განმარტებები თქვენი კომპანიის ფინანსური დეპარტამენტისგან, გაიაზრეთ როგორ მუშაობს კომპანია, როგორ შეიძლება ხარჯების შემცირება, ისწავლეთ მარტივი ფინანსური ტერმინოლოგია.
10. გამძლეობა- გამძლეობას ავლენენ ის ადამიანები, რომლებსაც მაღალი ემოციური ინტელექტი აქვთ. გამძლეობა ნიშნავს, რომ შეგიძლიათ გაუმკლავდეთ მარცხს და მას ახალი თვალთახედვით შეხედოთ. მარცხის მიზეზების სხვებისთვის დაბრალების ნაცვლად, გამოყოთ დრო თვითრეფლექსიისთვის, კრიტიკულად შეაფასოთ სიტუაცია და ისწავლოთ დაშვებული შეცდომებისგან.
წყარო - https://www.forbes.com/sites/rachelwells/2024/02/07/the-top-10-in-demand-soft-skills-to-learn-in-2024-based-on-research/?sh=58d