ცნობისმოყვარეობა ლიდერობის ყველაზე ნაკლებად დაფასებული მახასიათებელია. მისი გავლენა დიდია კომპანიის საერთო წარმატებაზე.
ჰარვარდ ბიზნეს რევიუს 2018 წლის სტატიაში, ქცევითი მეცნიერი და მენეჯმენტის ექსპერტი ფრანჩესკა ჯინო წერდა, რომ ცნობისმოყვარეობის სურვილის შენარჩუნება ინოვაციურობისთვის კრიტიკულად აუცილებელი კომპონენტია. ცნობისმოყვარეობა გულისხმობს კრიტიკულად აზროვნებას და რაღაც მეტის სურვილს. ცნობისმოყვარე ადამიანები მოწოდებულები არიან დასვან შეკითხვები, განიხილონ და გააანალიზონ საკითხი ყველა მხრიდან. ეს მათ ეხმარება იპოვონ პრობლემების გადაჭრის გზები იქ, სადაც ყველა მხოლოდ პრობლემას ხედავს.
3 გზა თუ რატომ არის ცნობისმოყვარეობა კარგი კომპანიისთვის
რისკის ან არაეფექტურობის შიშით, ბევრი ლიდერი ცდილობს ჩაახშოს დასაქმებულების ცნობისმოყვარეობა. სინამდვილეში, კი პირიქით, ცნობისმოყვარეობის წახალისება დაეხმარება ბიზნესს შემოსავლის გაზრდაში. ის დასაქმებულებს აძლევს შესაძლებლობას უფრო სიღრმისეულად შეისწავლონ საკითხი და იპოვონ კრეატიული გადაწყვეტა.
წარმატებული კომპანიები ცნობისმოყვარეობას განიხილავენ, როგორც აუცილებელ პროფესიულ უნარს. მათ ესმით ცნობისმოყვარე დასაქმებულების განუსაზღვრელი ღირებულება კომპანიისთვის.
1. ცნობისმოყვარეობა განაპირობებს კრეატიულ აზროვნებას;
კვლევებით დასტურდება, რომ ცნობისმოყვარეობის წახალისება აუმჯობესებს სამუშაო გარემოს, ზრდის კრეატიულობას. მაგალითად, ჯინოს კვლევაში, დადგინდა, რომ დასაქმებულები, რომლებსაც მისცეს შესაძლებლობა კითხვის ნიშნის ქვეშ დაეყენებინათ კომპანიის პროცესები და მიზნები, უფრო კრეატიული გზებით მუშაობდნენ, ვიდრე ის თანამშრომლები, რომლებსაც დაავალეს არსებული წესების შესაბამისად ემუშავათ. ჩარჩოებს გარეთ ფიქრის შედეგად იქმნება ინოვაციური მიდგომები, რაც გაზრდილ შემოსავალს ნიშნავს კომპანიისთვის.
ცნობისმოყვარეობა მოიცავს ბიზნესისთვის აუცილებელ კომპონენტებს - კოლაბორაციას და პრობლემების გადაჭრას. ცნობისმოყვარე თანამშრომლები სვამენ ბევრ კითხვას, იკვლევენ ახალ თეორიებს და აღმოაჩენენ ძველი პრობლემების გადაჭრის ახალ გზებს. ამ მიდგომების წახალისება გუნდში იწვევს პოზიტიურ განწყობას, განახლებულ ენერგიას ყოველდღიური და უჩვეულო პრობლემების მოსაგვარებლად.
2. ცნობისმოყვარეობა გულისხმობს გადაწყვეტილებებზე ორიენტრირებულ მიდგომას;
ცნობისმოყვარე ადამიანები საქმის შემსრულებლები არიან. ისინი იძირებიან პრობლემებში და მხოლოდ მაშინ წყვეტენ ფიქრს, როდესაც იპოვიან პრობლემის მოგვარების ინოვაციურ გზას. ისინი ყველა პრობლემაში ახალ შესაძლებლობებს ხედავენ. ეს ეხმარებათ რომ მიიღონ უკეთესი, უფრო მეტად ინფორმირებული გადაწყვეტილებები, ისწავლონ ყველა დაბრკოლებისგან.
ასეთ დასაქმებულს არ უნდა მოუწოდოთ აკეთოს საქმე ისე, როგორც ეს ყოველთვის კეთდებოდა. ისინი უნდა წაახალისოთ დასვან მეტი კითხვა, აღმოაჩინონ პრობლემები და დაგეგმონ მათი მოგვარების ნაბიჯები. ცნობისმოყვარეობა განაპირობებს ზრდას. ცნობისმოყვარეობა ავტომატურად არ მოაგვარებს ყველა ბიზნეს დილემას, თუმცა ის საუკეთესო დასაწყისია.
3. ცნობისმოყვარეობა დაგეხმარებათ ურთიერთობების ჩამოყალიბებაში და კომუნიკაციის გაუმჯობესებაში;
ყველა დასაქმებულისთვის პრიორიტეტი უნდა იყოს დასაქმებულის მენტალური და ემოციური ჯანმრთელობა, ამ მიზნით ისინი უნდა ეხმარებოდნენ კომპანიის დასაქმებულებს ერთმანეთთან მჭიდრო კავშირების შექმნაში. ასეთი ურთიერთობები თავისით არ ყალიბდება. მნიშვნელოვანია ადამიანები აქტიურად ცნობისმოყვარეები იყვნენ ერთმანეთის მიმართ და კომპანიაში არსებობდეს ფსიქოლოგიური უსაფრთხოების კულტურა.
ცნობისმოყვარეობა საუკეთესო დასაწყისია ურთიერთობების ჩამოსაყალიბებლად. ის საშუალებას მოგცემთ მოერგოთ სხვადასხვა სიტუაციას, იდეას და ადამიანს. აქტიურად მოუსმინეთ თქვენი გუნდის წევრებს. ამ გზით უკეთესად გაერკვევით მათ ემოციებში, პრობლემებში. ცნობისმოყვარეობა ლიდერებს დაეხმარება მეტი პატივისცემის მოპოვებაში და ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობების ჩამოყალიბებაში.
როგორ შეიძლება გახდეთ მეტად ცნობისმოყვარე პროფესიონალი
ყველა ადამიანი ბუნებრივად ცნობისმოყვარე არ არის. Forbes გვიზიარებს ცნობისმოყვარეობის გასაზრდელად რამდენიმე სტრატეგიას:
- დასვით ღია კითხვები;
- გააჟღერეთ თქვენი ფიქრები;
- იყავით გულწრფელი;
- მოუსმინეთ სხვებს;
- სცადეთ სიახლეები;
- შეხვდით ახალ ადამიანებს;
- იყავით თავმდაბალი;
- არ შეგეშინდეთ შეცდომების დაშვების;
- იყავით მიმღებელი;
- დაისახეთ ცნობისმოყვარეობის ყოველდღიური მიზანი;
წყარო - The Power Of Curiosity In The Workplace (forbes.com)