ფსიქოლოგებისთვის დიდი ხანია ცნობილია, რომ უკუკავშირმა სამუშაო პროცესის გამოსწორების ნაცვლად, შესაძლოა ადამიანებს შორის ურთიერთობები დააზიანოს. ამასთან, უკუკავშირი მართვის, განათლების მიღებისა და კონფლიქტის თავიდან აცილების განუყოფელი ნაწილია, რომლის მიზანი ადამიანების მოტივაციის ამაღლება და მათი ქცევის უკეთესობისკენ შეცვლაა.
ხშირად, უკუკავშირი თავის მიზანს ვერ ასრულებს და ადამიანებს შორის დაძაბულობას ზრდის. მიზეზი კი ისაა, რომ უკუკავშირისას საუბრობენ არა პროცესებზე, არამედ იმაზე, თუ სად იყო შეცდომა და ვის ეკისრება მასზე პასუხისმგებლობა. ფსიქოლოგმა და Humanity Possible-ის პრეზიდენტმა ჯეკი გნეპმა და მისმა კოლეგებმა, ჯოშუა კლაიმანმა, იან ო ვილიამსონმა და სემა ბარლასმა ჩაატარეს კვლევა, რომლის მიხედვითაც დადგინდა, რომ უკუკავშირი საკუთარ მიზანს ასრულებს მაშინ, როდესაც წარსულის ნაცვლად მომავალზეა ორიენტირებული.
პირველ კვლევაში მონაწილეობა მიიღეს მენეჯერებმა სხვადასხვა ქვეყნიდან და კვლევის ავტორებს თავიანთი სამუშაო გამოცდილებიდან მაგალითები გაუზიარეს. უკუკავშირის მიმღებებისა და გამცემების გამოცდილება ერთმანეთისგან საგრძნობლად განსხვავდებოდა. უკუკავშირის გაცემისას, ისინი სამუშაოს შესრულების დადებით და უარყოფით მხარეებს უსვამდნენ ხაზს და მათ ადამიანების შესაძლებლობებთან და ძალისხმევასთან აკავშირებდნენ. თანამშრომლები, რომლებიც ნეგატიურ უკუკავშირს იღებდნენ, საკუთარ წარსულ შეცდომებს გარემო ფაქტორებს აბრალებდნენ, როგორიცაა სირთულეები და ცუდი იღბალი. მათთვის ნეგატიური უკუკავშირი არ შეესაბამებოდა სიმართლეს, ხოლო იმ ადამიანს, ვინც უკუკავშირს გასცემდა, არაკომპეტენტურად მიიჩნევდნენ.
მეორე კვლევა დაეთმო იმ ფართოდ გავრცელებულ მოსაზრებას, რომლის მიხედვითაც ორმხრივი უკუკავშირი წარსულ პროცესებს უფრო ცხადს ხდის და მომავალი ცვლილებების ორმხრივ სურვილს აჩენს. კვლევის ფარგლებში, ბიზნესში დასაქმებულ ადამიანებს მენეჯერის როლის მორგება და სხვებისთვის უკუკავშირის გაზიარება სთხოვეს. თითოეულს კვლევის მონაწილე, მეორე ადამიანის პირადი საქმეები დაურიგეს, სადაც მოცემული იყო მონაწილეების დადებითი და უარყოფითი ქცევის მაგალითები. კვლევის მონაწილეებს სთხოვეს, რომ 20 წუთიანი შეხვედრები ჩაეტარებინათ და ამ ადამიანებისათვს უკუკავშირი მიეწოდებინათ.
კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ადამიანები უკუკავშირს უფრო ლეგიტიმურად აღიქვამენ მაშინ, როდესაც ის მომავალზეა ორიენტირებული. რა თქმა უნდა, კვლევის მონაწილეებისთვის უკუკავშირი უფრო მარტივად მისაღები იყო მაშინ, როდესაც ორივე მხარე თანხმდებოდა წარსული შეცდომების მიზეზებზე. ამასთან, მოტივაციას ყველაზე მეტად ზრდიდა ისეთი უკუკავშირი, რომელიც მომავლისთვის ახალი გეგმების შემუშავებას ეთმობოდა.
მესამე კვლევამ მეორე კვლევის შედეგები გაიმეორა. კვლევის ავტორებმა მესამე და მეორე კვლევის შედეგები ერთ დიდ ბაზაში გააერთიანეს. უკუკავშირის მიმღებლებმა პროცესი მომავალზე ორიენტორებულობის მიხედვით შეაფასეს. აღმოჩნდა, რომ მონაწილეები, დაბალ და საშუალო შეფასების მქონე უკუკავშირებს ნეგატიურად აღქვამდენენ. თუმცა, ის უკუკავშირი, რომელიც მომავალზე მეტად იყო ორიენტირებული, მონაწილეების მხრიდან დადებითად აღიქმებოდა და მომავალში ცვლილებების სურვილს აჩენდა, მაშინაც კი, თუ ის ძალიან ნეგატიური შინაარსისა იყო.
ადამიანების უმრავლესობა, უკუკავშირს სხვა ადამიანის გამოსასწორებლად იძლევა. თუმცა ბევრისთვის ეს პოცესი რთულია და ამიტომ, ხშირად მას თავს არდებენ. უკუკავშირის მიმღებლებსაც სურთ მოისმინონ ის ინფორმაცია, რომელიც მათ განვითარებასა და პროცესების გამოსწორებაში დაეხმარბა. თუმცა, უარყოფითი უკუკავშირის მოსმენა მათთვის იმდენად არასასიამოვნო ხდება, რომ ამ პროცესიდან სარგებლის მიღების ნაცვლად, თვის მართლების პოზიციაში დგებიან. უკუკავშირის გაცემის ტრადიციული რჩევაა, რომ წარსულის შეცდომების განხილვა ნაკლებად მტკივნეული და კონკრეტული ფაქტებით გამყარებული იყოს. თუმცა, აღნიშნული კვლევის მიხედვით, უკუკავშირის გაცემისას ოპტიმალური მიდგომები არ არსებობს.
იმისათვის რომ უკუკავშირი იყოს უფრო ეფექტური, საუბარი წარსულ შეცდომების ნაცვლად მომავალზე უნდა ორიენტირდეს. მომავალზე ორიენტირებული უკუკავშირი ადამიანებს აძლევს მოტივაციას, მაშინაც კი თუ მისი შინაარსი ნეგატიურია. კვლევის ავტორებს სჯერათ, რომ ამ პროცესში მსგავსი მიდგომა უნდა ჰქონდეთ როგორც უკუკავშირის მიმღებებს, ასევე გამცემებს. ისინი რამდენიმე რჩევასაც გვიზიარებენ:
1. უკუკავშირისას ადამიანებმა უნდა ჩამოაყალიბონ მომავლისთვის გასაუმჯობესებელი საკითხები
2. წარმოიდგინონ მათი ქმედებების იდეალური ვარიანტები
3. ისაუბრონ წარსული პროცესების როგორც დადებით, ისე უარყოფით შედეგებზე, თუმცა უნდა მოერიდონ მიზეზების განხილვასა და ახსნა-განმარტებას
4. განიხილონ მომავალი ნაბიჯები
5. საუბრის მონაწილეებმა პრობლემის გადაჭრის გზა ერთობლივად უნდა შეიმუშავონ