პანდემიამ მსოფლიო შრომით ბაზარზე ფუნდამენტური ცვლილებები გამოიწვია. ეს ცვლილებები შეეხო ადამიანების პროფესიის არჩევანსაც. Pew Research-ის კვლევის თანახმად, ამერიკაში დასაქმებულთა 53%-მა შეიცვალა კარიერა პანდემიის პერიოდში და სრულად ახალ სფეროში განაგრძეს მუშაობა.
კარიერის ცვლილების დასაგეგმად FastCompany გვიზიარებს 7 მთავარ ნაბიჯს:
1. განსაზღვრეთ მიზნები;
ყველა ცვლილების პირველი ნაბიჯია საბოლოო მიზნის იდენტიფიცირება. კარიერის ცვლილებისთვის ბევრი გზა არსებობს, მათ შორის შესაფერისი გზის არასჩევად მნიშვნელოვანია განსაზღვროთ საიდან იწყებთ და რისი მიღწევა გსურთ.
მაგალითად, შეიძლება რადიკალური ცვლილების ნაცვლად გსურთ არსებული პროფესიის მომიჯნავე სფეროში გადასვლა, შეიძლება თანმიმდევრული ცვლილებები გჭირდებათ ან პირიქით, დაუყოვნებლივ და რადიკალურად ახალ სფეროში ხედავთ თავს.
არ აქვს მნიშვნელობა ამ სამი გზიდან რომელს ირჩევთ - პარალელურ გზას, თანმიმდევრულ თუ რადიკალურ ცვლილებებს, მთავარია განსაზღვროთ თქვენთვის სასურველი საბოლოო მიზანი.
2. განსაზღვრეთ ცვლილების მნიშვნელობა;
განსაზღვრეთ თუ რატომ გსურთ კარიერის ცვლილება, რამდენად მნიშვნელოვანი და აუცილებელია ის?
ახალი კარიერისკენ მიმავალი გზა არ იქნება მარტივი და აუცილებლად შეგხვდებათ დაბრკოლებები. ცვლილებების მიზეზების გააზრება დაგეხმარებათ მომზადებულები შეხვდეთ ყველა გამოწვევას.
3. დაგეგმეთ ცვლილების გზა;
განსაზღვრეთ ყველა ეტაპი, რაც გჭირდებათ მიზნის მისაღწევად. ჩამოწერეთ ყველა დეტალი, იდეები, კითხვები, ჩაატარეთ კვლევა, გაესაუბრეთ ადამიანებს, რომლებთაც შეუძლიათ საკუთარი გამოცდილებების და რჩევევის გაზიარება.
4. აღნიშნეთ დიდი და პატარა მიღწევები;
ადამიანების უმრავლესობა მოტივირებულია საბოლოო მიზანს მიაღწიოს და ამ პროცესში ყურადღებას არ აქცევს გასავლელ გზას. დაგეგმეთ პატარა და დიდი მიღწევები. პატარა მიღწევები შეიძლება იყოს აპლიკაციის შევსება, გასაუბრების დანიშვნა. არ აქვს მნიშვნელობა, როგორ აღნიშნავთ მიღწევებს, მთავარია ცვლილებების პროცესში აღიაროთ თქვენ მიერ მიღწეული პროგრესი.
5. განსაზღვრეთ პოტენციური დაბრკოლებები;
განსაზღვრეთ მოსალოდნელი დაბრკოლებები, რომლებმაც შეიძლება ხელი შეგიშალონ პროფესიის ცვლილებაში. მაგალითად, არ დარეგისტრირდეთ პირველივე პროგრამაზე, კარგად გამოიკვლიეთ სფერო, სადაც ცოდნის გაღრმავება ან ახალი ცოდნის შეძენა გსურთ და მხოლოდ ამის შემდეგ შეარჩიეთ სასურველი სასწავლო კურსი.
დაბრკოლებებზე და გამოწვევებზე წინასწარ ფიქრი დაგეხმარებათ უფრო მომზადებულები შეხვდეთ მათ და მარტივად გაუმკლავდეთ.
6. თვალი ადევნეთ პროგრესს;
თვალი ადევნეთ და აღრიცხეთ პროგრესი, რამდენად მოახერხეთ და მიყევით წინასწარ განსაზღვრულ გეგმას? ეს დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ მოტივაცია.
ხშირად წარსულის გახსენებისას ადამიანებს მხოლოდ განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი გამარჯვებები ან მარცხები ახსოვთდა ყურადღებას ნაკლებად აქცევენ ყოველდღიურ რუტინულ შრომას.
მაგალითად, შეიძლება მოსაწყენი იყოს ყოველ დღე დროის გამონახვა და კითხვა, თუმცა სამომავლო მიზნის მიღწევა ყოველდღიური მუშაობის გარეშე შეუძლებელია.
7. აღიარეთ წარსული მიღწევები;
ასაკის მატებასთან ერთად, ადამიანები ნაკლებად იქცევიან რისკიანად. წარსული გამოცდილებების გააზრება და გახსენება, თუ რა დაბრკოლებები გადალახეთ წარმატებულად, დაგეხმარებათ კარიერულ ტრანზიციაში.
ეს შეიძლება იყოს არა ისეთი პატარა მიღწევები, მაგალითად როგორიც არის პირველი სამსახურის დაწყება ან უნივერსიტეტის დამთავრდება. გაიხსენეთ რამე, რაც შეუძლებელი მიგაჩნდათ, შემდეგ კი თქვენი შრომის და თავდაუზოგავი მონდომების შედეგად გამოგივიდათ.
წყარო - https://www.fastcompany.com/90926724/want-change-your-career-heres-how-steps