პანდემიის პერიოდში სახლიდან მუშაობისას ნათელი გახდა, რომ გენდერული როლები თანაბრად არ არის გადანაწილებული დისტანციურად მუშაობის დროსაც. Forbes გვიზიარებს კვლევებს, რომლებითაც დადასტურდა, რომ პანდემიის დროს ქალების უმრავლესობა დისტანციურად მუშაობის პარალელურად ასრულებდა საშინაო საქმეებს და უწევდა ამ ახალ გამოწვევებთან გამკლავება, მსგავსი სირთულეების გადალახვა კი მამაკაცებს ნაკლებად მოუწიათ.
ნევადას უნივერსიტეტის კვლევამ დაადგინა, რომ დამსაქმებლების მიერ გამოყენებულმა სხვადასხვა საშუალებებმა, რომლებიც მიზნად ისახავდა დისტანციურად მუშაობის გამარტივებას, საპირისპირო შედეგი გამოიღო და პირიქით, გაამწვავა სტრესი და მენტალური ზეწოლა.
მკვლევრებმა გამოიკითხეს რამდენიმე ასეული დასაქმებული, რომლებიც პანდემიის პიკურ პერიოდში 10 კვირის განმავლობაში დისტანციურად მუშაობდნენ. კვლევამ დაადგინა, რომ სტრესის დონე უფრო მაღალი იყო ქალებში, რომლებსაც ჰყავდათ შვილები. კვლევის ავტორთა მოსაზრებით ამის მთავარი გამომწვევი მიზეზი იყო სამსახურისა და პირადი ცხოვრების ბალანსის დაცვის პრაქტიკული შეუძლებლობა.
მსგავსი შედეგები გამოვლინდა Ohio State University's Fisher College of Business-ის კვლევითაც, რომლითაც დასტურდება, რომ ქმრები უკეთ მუშაობენ სახლიდან, როდესაც ორივე პარტნიორი დისტანციურად მუშაობს. კვლევამ ცხადყო, რომ ქმრები უფრო ნაკლებად ასრულებდნენ სახლთან დაკავშირებულ დავალებებს, როდესაც ცოლებიც მათთან ერთად სახლიდან მუშაობდნენ. ქალების შემთხვევაში, კი მათთვის არ ჰქონდა მნიშვნელობა რომელი ლოკაციიდან მუშაობენ მათი ქმრები.
გარდა ამისა, კვლევის თანახმად, ცოლები ოფისში სამუშაოდ დაბრუნების შემთხვევაში ქმრებთან შედარებით უფრო მეტად განიცდიან დანაშაულის შეგრძნებას ოჯახის და საშინაო საქმეების მიმართ.
კაცებს და ქალებს განსხვავებული გამოცდილებები აქვთ სახლიდან მუშაობასთან დაკავშირებით. გენდერული განსხვავებები გამოიხატება იმაში, თუ როგორ ანაწილებენ და მართავენ სახლის და სამსახურის პასუხისმგებლობებს.
UConn-ის კვლევის ფარგლებში გამოიკითხა რამდენიმე ასეული ამერიკელი დასაქმებული სხვადასხვა ინდუსტრიიდან, რომლებიც სახლიდან მუშაობდნენ. კვლევაში მონაწილე თითოეულ დასაქმებულს ჰყავდა პარტნიორი, ვისთან ერთადაც ცხოვრობდნენ და შვილი ან მათზე დამოკიდებული სხვა პირი. კვლევით დადგინდა, რომ მამაკაცების პროდუქტიულობა ქალებთან შედარებით, უფრო მაღალი იყო სახლიდან მუშაობისას, იქიდან გამომდინარე, რომ ქალებს უფრო მეტი ხელშემშლელი ფაქტორი ჰქონდათ. მკვლევარებისთვის განსაცვიფრებელი აღმოჩნდა გენდერული განსხვავებები დისტანციურად მუშაობისას, თუმცა, ემპირიული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ქალები უფრო მეტი შეფერხებებით მუშაობენ სახლიდან. რაც საერთო ჯამში ამცირებს სამუშაოს შესრულების ხარისხს და ზრდის ემოციურ გადაღლას.
კვლევების შედეგების ანალიზით დადასტურდა, რომ როდესაც ორივე პარტნიორი მუშაობს სახლიდან, სახლის საქმეების უმრავლესობას ქალი პარტნიორები ასრულებენ. ეს საშინაო საქმეები დამატებითი ხელისშემშლელი ფაქტორებია ქალისთვის. სახლის საქმეების არათანაბარი განაწილება პანდემიამდელ რეალობაშიც არსებობდა, თუმცა ამ დროს კიდევ უფრო მეტად გამწვავდა.
წყარო - The Gender Divide When Working From Home (forbes.com)