გაიხსენეთ სამუშაო დღის ბოლოს როდის დაუსვით თავს შეკითხვა „საერთოდ რამე გავაკეთე დღეს?“. ადამიანებისთვის დამახასიათებელია, რომ ცხოვრების გარკვეულ პერიოდში უკმაყოფილოები არიან იმით, თუ როგორ ატარებენ დროს.
Psychology Today-ის თანახმად, სამი ყველაზე გავრცელებული მიზეზი, რის გამოც ადამიანები თვლიან, რომ დრო უსარგებლოდ დახარჯეს, შემდეგია:
1. ისეთი რამის კეთება, რისი გაკეთებაც არ გსურთ - თქვენ ისეთ საქმეზე მუშაობთ ან იმ ვალდებულებებს ასრულებთ, რისი გაკეთებაც არ გინდათ. ამგვარი „გარეშე“ ვალდებულებების პირად საჭიროებებზე მაღლა დაყენება გიწევთ, რაც უარყოფას და უკმაყოფილების შეგრძნებებს იწვევს.
2. დაუგეგმავი საქმეების შესრულება - მოულოდნელი დავალებები სრულად იკავებენ თქვენს დროს და მათ გამო აღარ გრჩებათ მნიშვნელოვანი საქმეებისთვის დრო.
3. ძველ საქმეებს ავტომატურად ასრულებთ - თქვენი სამუშაო დღე სრულად რუტინულია, თქვენ მუშაობთ პრიორიტეტების გადანაწილების და საჭიროებების იდენტიფიცირების გარეშე. ეს იწვევს სტაგნაციას და მოწყენილობას.
ყველას შეუძლია ამ პრობლემებთან გამკლავება. ამისთვის, პირველ რიგში უნდა განსაზღვროთ რა არის თქვენთვის მნიშვნელოვანი და შემდეგ თქვენი ქმედებები, გეგმა და სამუშაო განრიგი შეუსაბამოთ ამ ღირებულებებს.
იყავით გულწრფელი და დაუსვით საკუთარ თავს კითხვა - რას ვაკეთებ და რატომ ვაკეთებ ამას? დააწესეთ პირადი საზღვრები, დათანხმდით იმ საქმეებს, რომლებიც შეესაბამება თქვენს სურვილებს და ღირებულებებს.
Psychology Today გვიზიარებს რამდენიმე რჩევას, თუ როგორ უნდა განსაზღვროთ თქვენთვის მნიშვნელოვანი ღირებულებები და გარდაქმნათ ისინი ქმედებებში:
- განსაზღვრეთ ღირებულებები - რა არის თქვენთვის ყველაზე მნიშნელოვანი ღირებულება? ჩამოწერეთ რაც გონებაში პირველად მოგდით ამ კითხვის გაგონებისას. არ იფიქროთ ბევრი, არ იფიქროთ იმაზე რა არის სწორი და რა არა. ენდეთ ინტუიციას, ჩამოწერეთ რა არის თქვენთვის მნიშვნელოვანი და როგორი ადამიანი გინდათ რომ იყოთ. ღირებულებები უნდა ასახავდეს თქვენს პიროვნებას. უპირატესობას რას ანიჭებთ - კრეატიულობას, ოჯახს, ბუნებას, დამოუკიდებლობას, რწმენას, პირად განვითარებას, გართობას თუ რაიმე სხვას?
- ღირებულებები გარდაქმენით კონკრეტულ ქმედებებში - მოიფიქრეთ აბსტრაქტული ღირებულებების კონკრეტულ ქმედებებად გადაქცევის გზები. ჩამოწერეთ ერთი ან ორი საქციელი და ყოველდღიური არჩევანი, რაც გამოხატავს ამ ღირებულებებს.
მაგალითად, თუ ოჯახი თქვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღირებულებაა, თქვენი პრაქტიკული მაგალითი შეუძლება იყოს „შაბათ დილას პარტნიორთან ერთად სეირნობა“, კრეატიულობისთვის „ყოველ სამშაბათს ვივლი ხატვის გაკვეთილზე“ ან „კვირაში 2 საათი დროს ქსოვას დავუთმობ“ და სხვა.
ყველა ღირებულებას შეიძლება პრაქტიკული მაგალითი ვერ მოუძებნოთ და ეს ბუნებრივიცაა. ამ დავალების არსიც სწორედ ეს არის. ჩამოწერეთ შესასრულებლად რეალური და ღირებულებებთან ყველაზე მეტად მიახლოვებული მაგალითები.
- შეადარეთ თქვენი გეგმა ცხოვრების არსებულ წესს - შეესაბამება თუ არა თქვენი გეგმა თქვენი ცხოვრების სტილს:
- როგორ ასახავს თქვენი ტიპიური სამუშაო კვირა ღირებულებებს?
- თქვენი მიმდინარე გეგმები შეესაბამება თუ არა ღირებულებებს და პრიორიტეტებს?
- რა აკლია თქვენს გეგმას?
- რა შეგიძლიათ დაამატოთ გეგმაში?
რამდენიმე პრაქტიკული მაგალითი, როგორ შეგიძლიათ ღირებულებები რეალურ ცხოვრებაში გადმოიტანოთ:
- თუ გიყვართ სიახლეები და სწავლა - ყოველ დღე 30 წუთით ნაკლები გაატარეთ სოციალურ მედია პლატფორმებზე და ამ დროის განმავლობაში წაიკითხეთ წიგნი, მოუსმინეთ პოდკასტს საინტერესო საკითხზე;
- თუ მეგობრებთან ურთიერთობა გიყვართ - დაურეკეთ მათ მიწერის ნაცვლად;
- თუ გიყვართ კულინარია - იპოვეთ ახალი რეცეპტი და შაბათ-კვირას მოამზადეთ ახალი კერძი.
წყარო - https://www.psychologytoday.com/us/blog/on-second-thought/202406/stop-wasting-your-precious-time