ცხოვრების განმავლობაში შეიძლება ბევრჯერ მოგიწიოთ კარიერის ნებაყოფლობითი ან იძულებითი ცვლილება. ნებაყოფლობითი ცვლილებები შეიძლება გამოწვეული იყოს სამუშაო წლის დასასრულით, თქვენი სურვილით გადახვიდეთ უფრო მოქნილ სამსახურში ან იმის გაანალიზებით, რომ უკვე დრო მოვიდა მოუსმინოთ თქვენს შინაგან ხმას და შეიცვალოთ პროფესია. იძულებითი ცვლილებები შეიძლება გამოწვეული იყოს კომპანიაში რეორგანიზაციით, შემცირებებით, ჯანმრთელობის მდგომარეობის მოულოდნელი გაუარესებით.
მიუხედავად ცვლილებების მიზეზისა, კარიერული ცვლილებები დაკავშირებულია ბევრ პიროვნულ და პრაქტიკულ გამოწვევებთან. გამოწვევები შეიძლება იყოს რთული - გაურკვევლობა თუ რა იქნება მომავალში, ან შედარებით მარტივი - რეზიუმეს განახლება ან სამოტივაციო წერილის დაწერა.
პროფესიის ცვლილებასთან წარმატებით გასამკლავებლად, მნიშვნელოვანია გაიაზროთ თქვენი არსებული მდგომარეობა და შემდეგ დაგეგმოთ შემდეგი ნაბიჯები. ამ ნაბიჯების დაგეგმვაში დაგეხმარებათ სამ მთავარ კითხვაზე პასუხის გაცემა:
1. კმაყოფილი ვარ თუ არა ჩემი კარიერით?
არსებული მდგომარეობის ანალიზისას, კმაყოფილების დონე შეაფასეთ სხვადასხვა მნიშვნელობის მქონე კომპონენტების დაჯგუფებით. მაგალითად, მაღალქულიანი კრიტერიუმი შეიძლება იყოს არსებული სამსახურის ლოკაცია, ინდუსტრია, ორგანიზაცია, პოზიცია და ხელფასი. გაითვალისწინეთ, სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორებიც, რაც გავლენას ახდენენ კმაყოფილებაზე - განვითარების შესაძლებლობა, სამსახურის და პირადი ცხოვრების ბალანსი, მენეჯერის მხარდაჭერა, უნარების, ინტერესების და სიძლიერეების გამოვლენის შესაძლებლობა.
2. რისი გაკეთება მინდა უფრო ხშირად?
განსაზღვრეთ რისი გაკეთება გსურთ უფრო ხშირად სამსახურში და პირად ცხოვრებაში. მაგალითად, გსურთ უფრო მეტი დრო გაატაროთ ოჯახის წევრებთან, საყვარელ ადამიანთან, უფრო მეტი დრო დაუთმოთ ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვას.
დაფიქრდით რა მოლოდინები გაქვთ სამსახურისგან. მაგალითად, გინდათ თუ არა რომ დაგეკისროთ ადამიანების მართვასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობები? გსურთ გქონდეთ პროექტების გაძღოლის უფრო მეტი შესაძლებლობა? უფრო მაღალი ხელფასი? გინდათ უფრო მეტად შეესაბამებოდეს თქვენი სამსახური პიროვნულ ღირებულებებს? უფრო მეტად იყოთ დაინტერესებული კომპანიის პროდუქტით ან ბრენდით?
3. რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის?
ამ კითხვაზე პასუხის გაცემა რთულია. ხშირად, შეიძლება პროფესიული და პირადი ინტერესები ერთმანეთს უპირისპირდებოდეს. მაგალითად, უფრო მეტად საპასუხისმგებლო სამუშაოს შესრულებას სჭირდება უფრო მეტი სამუშაო საათები, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს სამსახურის და პირადი ცხოვრების ბალანსის დაცვას. იმ სამსახურში გადასვლა, რომელიც უფრო მეტად შეესაბამება პირად ღირებულებებს, შეიძლება ნიშნავდეს სტაბილური არსებული სამსახურის მიტოვებას და უფრო ნაკლებად სტაბილურ გარემოში გადასვლას. განსაზღვრეთ რა არის თქვენთვის პრიორიტეტული ცხოვრების კონკრეტულ ეტაპზე და შეგიძლიათ თუ არა დათმობაზე წასვლა.
ზემოთ მოცემულ კითხვებზე პასუხების გაცემის შემდეგ შეგიძლიათ დაიწყოთ კარიერული ცვლილებების დაგეგმვა შემდეგი რჩევების გათვალისწინებით:
- ჩამოწერეთ თქვენი უნარები, შესაძლებლობები და სად შეიძლება ამ უნარების გამოყენება. ჩამოთვალეთ ყველა შესაძლო გზა, რომელსაც აირჩევდით. გაითვალისწინეთ თქვენი ინტერესები ან სფერო, რომელშიც ყოველთვის გინდოდათ მუშაობა. მოიძიეთ ინფორმაცია აქტუალურ სამსახურებზე, მზარდ ინდუსტრიებზე და კომპანიებზე, რომლებთაც აქტიური ვაკანსიები აქვთ.
- შეაგროვეთ სამსახურის ძიების პროცესისთვის საჭირო მასალები. შეადგინეთ სამოტივაციო წერილი. კონკრეტული სამსახურისთვის წერილს უფრო პერსონალიზირებულ სახეს მოგვიანებით მისცემთ, თუმცა განსაზღვრეთ წერილის ზოგადი სტრუქტურა. წერილში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული შემდეგი დეტალები - რატომ ხართ დაინტერესებული კონკრეტული პოზიციით, რა გაქცევთ ძლიერ კანდიდატად.
- განაახლეთ თქვენი რეზიუმე და პროფილი სოციალურ მედიაში. რეკრუტერები თქვენს შესახებ ინფორმაციას მოიძიებენ ინტერნეტში. მიუთითეთ თქვენი უახლესი გამოცდილება და მნიშვნელოვანი მიღწევები.
- დაუკავშირდით არსებულ კონტაქტებს და შეატყობინეთ, რომ გეგმავთ კარიერის ცვლილებას. ეს კონტაქტები შეიძლება იყვნენ ძველი მენეჯერები, კოლეგები, რეკრუტერები, მენტორები. შექმენით ახალი კავშირები - შემოიკრიბეთ ადამიანები, რომლებიც მოტივაციას გაძლევენ.
- კარიერის ცვლილება დაიწყეთ ნაკლებად რისკიანი ნაბიჯით. მაგალითად, დაიწყეთ ახალი უნარების შეძენა სასწავლო კურსით ან სასერტიფიკატო პროგრამით. გატესტეთ რამდენად გსიამოვნებთ ახალი კარიერული არჩევანი. შეგიძლიათ დაესწროთ თემატურ კონცერენციებს და ტრენინგებს.
კარიერის ცვლილებისკენ საბოლოო ნაბიჯი გადადგით, როცა ამისთვის მზად იქნებით. ხანდახან ერთადერთი გზა იცოდე, ხარ თუ არა მზად ცვლილებისთვის ამ ცვლილებების გაბედვაა. პროფესიული ცვლილებების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას შეიძლება არ იყოთ დარწმუნებული ამ გადაწყვეტილების სისწორეში. მშვიდად გაიაზრეთ რა გსურთ და ახალი კარიერის შენება დაიწყეთ პატარა ნაბიჯებით. ეს დაგეხმარებათ მიიღოთ უფრო მეტად წინდახედული გადაწყვეტილები და გაგიმარტივდეთ საბოლოო კარიერული ნახტომის გაკეთება.