უკუკავშირის გაცემა და მიღება ბევრი დასაქმებულისთვის სტრესთან ასოცირდება. FastCompany-ის მიერ გაზიარებულ კვლევაში, 7000 გამოკითხულიდან 44% უთითებს, რომ უკუკავშირის გაცემა რთული და სტრესულია.
უკუკავშირიც გაცემის და მიღების შიშის გადალახვა აუცილებელია პროფესიული განვითარებისთვის. მნიშვნელოვანია მენეჯერები უკუკავშირის შეხვედრამდე მოემზადონ შეხვედრისთვის დეტალურად.
FastCompany გვიზიარებს წარმატებული და სასარგებლო უკუკავშირის შეხვედრისთვის მოსამზადებლად რჩევებს, თუ რისი გაკეთება შეგიძლიათ შეხვედრამდე, შეხვედრის დროს და შემდეგ:
წარმოიდგინეთ საკუთარი თავი თანამშრომლის ადგილას, შეეცადეთ გაიაზროთ რა ხდება მათ თავს და მათი პერსპექტივიდან შეაფასოთ სიტუაცია. საკუთარ თავს დაუსვით შეკითხვები - რა გამოწვევების გადალახვა უწევს? რა გამოწვევების წინაშე დგას? გრძნობს თუ არა შფოთვას გასაუბრებამდე? რა ტიპის მხარდაჭერას ელის თქვენგან? რა სჭირდება გამოწვევების გადასალახად?
ამ კითხვებზე პასუხის გაცემის შემდეგ დაფიქრდით საკუთარ თავზე. საკუთარ თავს დაუსვით შეკითხვები - ხომ არ ხდება რაიმე, რამაც შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს უკუკავშირის გაზიარების შეხვედრაზე? როგორ გრძნობთ თავს? დასტრესილი? გაბრაზებული? ასეთ შემთხვევაში, ხომ არ ჯობს გადადოთ შეხვედრა? რა არის შეხვედრის მთავარი სათქმელი? რა კითხვებს დაუსვამთ დასაქმებულს იმისთვის, რომ თავად მივიდეს გამოსავლის პოვნამდე?
დაფიქრდით და წინასწარ დაგეგმეთ შეხვედრის ლოჯისტიკაც - როდის და სად უნდა ჩატარდეს შეხვედრა? პირადად თუ ონლაინ? თავი აარიდეთ უკუკავშირის ელექტრონულ ფოსტაზე გაზიარებას. მიეცით დასაქმებულს დრო მოემზადოს შეხვედრისთვის.
საუბრის დაწყებისას აგრძნობინეთ დასაქმებულს, რომ ზრუნავთ მასზე და მის წარმატებაზე, ხედავთ მათ მიერ შესრულებულ საქმეს და აღიარებთ მათ ღირებულებას კომპანიისთვის. აგრძნობინეთ რომ ენდობით და გჯერათ მათი შესაძლებლობების. ხაზი გაუსვით, რომ უკუკავშირის მიზანია დაეხმაროთ განვითარებასა და გაზრდაში.
შეხვედრის დროს ყურადღებით და მზრუნველობით მოუსმინეთ ნებისმიერ საკითხს, რასაც დასაქმებული თქვენთან განიხილავს. გაიზიარეთ მათ მიერ გამოხატული პოზიტიური თუ ნეგატიური გრძნობები. გამოკითხეთ თუ როგორია მათი შეხედულებები წარმატების შესახებ, როგორი შედეგების მიღწევა სურთ და ერთად განსაზღვრეთ ნათელი და ცხადი სამომავლო მოქმედების გეგმა.
დააკვირდით მათ ემოციებს. აღელვების ან თავდაცვის პოზიციაში ჩადგომის შემთხვევაში, გამოხატეთ მზრუნველობა, უპირატესობა მიანიჭეთ მათ ინტერესებს და კეთილდღეობას.
გამოიყენეთ შეხვედრაზე ყოფნის შესაძლებლობა და მიიღეთ უკუკავშირი თქვენს შესახებ. მოისმინეთ ჩატარებული შეხვედრის შეფასება ყურადღებით და გადაუხადეთ მადლობა გაზიარებული მოსაზრებებისთვის.
შეხვედრის შემდეგ გამოყავით დამატებითი დრო და პერიოდულად შეამოწმეთ რამდენად მიყვება დასაქმებული შეხვედრაზე შეთანხმებულ სამოქმედო გეგმას. აღნიშნეთ პოზიტიური ცვლილებები, მადლობა გადაუხადეთ შესრულებული სამუშაოსთვის და აღნიშნეთ, რომ მზად ხართ ნებისმიერ დროს განიხილოთ მათი იდეები.