ალბათ ბევრ თქვენგანს ჰყლია თანამშრომელი, რომელიც მუდმივად უკმაყოფილოა და წუწუნებს. ასეთი ადამიანის უკმაყოფილების მიზეზი შეიძლება იყოს უამრავი რამ: სამსახური, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური მდგომარეობა, მისი პირადი ცხოვრება, ვალუტის კურსი და ა.შ. ასეთი ადამიანები ყოველთვის უარყოფითად მოქმედებენ მათ გარშემომყოფებზე და მათ ემოციურ მდგომარეობას სერიოზულ ზიანს აყენებენ. HBR-მა გაგვიზიარა, თუ რა არის წუწუნის მოყვარული ადამიანების ქრონიკული უკმაყოფილების მიზეზები და როგორია მათი ქცევის შედეგები ორგანიზაციაში. ამას გარდა,შემოგვავაზა რამდენიმე რჩევაც, თუ როგორ გავუმკლავდეთ მუდმივად უკმაყოფილო თანამშრომლების ხასიათს:
კვლევების მიხედვით, ქრონიკულ უკმაყოფილებასა და წუწუნს ფსიქოლოგიური შეგედები აქვს. ცუდი და სევდიანი შეგრძნებების განმეორების შედეგად, ტვინში არსებული ნეიროტრანსმიტერები ე.წ. „ნერვულ გამეორებებს“ აკეთებენ. შედეგად, ტვინი ცუდ და უკმაყოფილო ფიქრებს ავტომატურად ამეორებს, რის გამოც ტვინს ახალი პოზიტიური შეგრძნებებისთვის, როგორიცაა მადლიერება და დაფასება, ნაკლები სივრცე და ენერგია რჩება. ქრონიკული უკმაყოფილება ასევე აზიანებს ჰიპოკამპუსს, ტვინის იმ ნაწილს, რომელიც პრობლემის გადაჭრასა და კოგნიტურ ფუნქციონირებაზეა პასუხისმგებელი. ამ მიზეზების გამო, დროთა განმავლობაში, მუდმივად უკმაყოფილო და მოწუწუნე ადამიანები ნეგატიურ შეგრძნებებზე ხდებიან დამოკიდებულები.
ქრონიკულად უკმაყოფილო ადამიანები მიდრეკილები ხდებიან რადიკალური ფიქრებისკენ. მათთვის კომპრომისი ტოლობის არცერთ მხარეს არ წარმოადგენს. ისინი ხედავენ უფრო მეტ პრობლემას, ვიდრე გამოსავალს, რის გამოც, მათთან მუშაობა უფრო რთული ხდება. ასეთი ადამიანებისთვის გადაწყვეტილების მიღება და პრობლემის გადაჭრა სირთულეს წარმოადგენს. ისინი დროთა განმავლობაში გარშემო უფრო და უფრო მეტ მიზეზს ხედავენ უკმაყოფილებისთვის.
ქრონიკულად უკმაყოფილო ადამიანები მუდმივი წუწუნით მათ გარშემო მყოფებსაც აზიანებენ. ადამიანები ნებისმიერი ტიპის ემოციას, იქნება ეს პოზიტიური თუ ნეგატიური, ერთმანეთს გაუცნობიერებლად გადავდებთ ხოლმე. ამ ფენომენს ფსიქოლოგები „პროაქტიულ იდენტიფიკაციას“ უწოდებენ. ქრონიკულად უკმაყოფილო ადამიანები თავისი ემოციების გამოხატვისას, გაუცნობიერებლ სერიოზულ ზიანს აყენებენ სხვა ადამიანების ემოციურ მდგომარეობას და სხვებს პოზიტიურ ენერგიას წურბელებივით აცლიან.
ემოციების გადაცემა ადამიანის ევოლუციის შედეგია. ზოგი ნეირომეცნიერი ამბობს, რომ ადამიანის ტვინში, ევოლუციის შედეგად განვითარდა „სარკისებრი ნეირონები“ და ისინი მნიშვნელოვანია გადარჩენისათვის. ამ ნეირონების დახმარებით, ადამიანები გაუცნობიერებლად ითვისებენ სხვა ადამიანის განწყობას, რაც მას სახიფათო სიტუაციიდან თავის დაღწევაში ეხმარება. თუმცა, ტვინის ამ თვისებას სუსტი მხარეც აქვს. მსგავსი „ნეირო არეკვლის“ შედეგად, ქრონიკულად უკმაყოფილების გამომხატველი ადამიანების გარემოცვაში, შესაძლოა, უკმაყოფილების შეგრძება ჩვენც გაგვიმძაფრდეს.
უკმაყოფილების მიზეზები
რა თქმა უნდა, უკმაყოფილება ყოველთვის ცუდი არ არის. კონკრეტულ სიტუაციაში, ნეგატიური ემოციის გამოხატვა და საკუთარი აზრის ღიად დაფიქსირება, სტრესის სხვა სახით გამოვლინებას ამცირებს. როდესაც ადამიანი კონკრეტული გარემოების გამო უკმაყოფილოა და ამას გამოხატავს, ის თავის ემოციებსა და პრობლემას ზემოდან უყურებს, რაც ამ პრობლემის გაანალიზებასა და გადაჭრაში ეხმარება. ადამიანები ხშირად წუწუნებენ იმის გამოც, რომ ემოციებისგან დაიცალონ და თავი უკეთესად იგრძნონ.
თუმცა, ხშირად ადამიანები მუდმივ უკმაყოფილებას საკუთარი გავლენების გასაძლიერებლად გამოხატავენ. მსგავსი ქცევა კი განსაკუთრებით იმ ორგანიზაციებში გვხვდება, სადაც ბევრია „დაძაბულობის კერა“ და სადაც გავლენის მოსაპოვებლად, რამდენიმე დაპირისპირებული მხარე იბრძვის. ასეთ კომპანიაში, ხშირი წუწუნი და მუდმივი უკმაყოფილების გამოხატვა თანამშრომლების მხარდაჭერის მოსაპოვებლად საჭირო იარაღია.
ხშირად, ქრონიკული უკმაყოფილება ადამიანის ცხოვრების ადრეულ ეტაპზე ჩვევად ყალიბდება. ხანდახან, ბავშვები მუდმივი წუწუნით ცდილობენ ყურადღების მოპოვებას და ოჯახის წევრებთან კომუნიკაციის დამყარებას, რაც ხშირ შემთხვევაში, ზრდასრულობაში ჩვევად გარდაიქმნება.
მუდმივად უკმაყოფილო ადამიანის მართვა
ქრონიკულად უკმაყოფილო ადამიანის ხასიათის მართვის მცდელობები, ხშირ შემთხვევაში უშედეგოა. ისინი აგრძელებენ ჩვეულ განწყობაზე ყოფნას და პრობლემის გადაჭრის გზებს ნაკლებად ეძებენ. სწორედ ეს ხდის მათთან ურთიერთობას რთულს თუმცა, არსებობს რამდენიმე მიდგომა, რომელსაც HBR ეფექტურად მიიჩნევს „რთული“ ადამიანების სამართავად.
პირველ რიგში, მნიშნელოვანია, რომ მუდმივად უკმაყოფილო თანამშრომელს მენეჯერმა ან კოლეგამ მოსმენისა და საუბრისათვის მზაობა დაანახოს. თუმცა, აუცილებლად უნდა დააფიქსიროს, რომ ერთ თემაზე განმეორებით საუბარი არ არის სასურველი, რადგან ერთიდაიმავე თემაზე მრავალჯერ საუბარს შედეგი არცერთი მხარისთვის მოაქვს. მენეჯერმა ან კოლეგამ საუბრისას აუცილებლად უნდა აღნიშნოს ისიც, თუ რამდენად უარყოფითად მოქმედებს ამ ადამიანის წუწუნი სხვა თანამშორმლებზე. უკმაყოფილებას ყველა ადამიანი გამოხატავს, თუმცა გამოხატვის ფორმებსა და სიხშირეს დიდი მნიშნელობა აქვს. მუდმივად უკმაყოფილო ადამიანებთან საუბრისას უნდა დაფიქსირდეს, რომ უკმაყოფილების გამოხატვა ნამდვილად კარგია ისეთ სიტუაციებში, როდესაც ადამიანს ხელშესახები და პოზიტიური ცვლილების მოხდენა შეუძლია. თუმცა, მუდმივი წუწუნი ნამდვილად არ არის გამოსავლის ძიების კონსტრუქციული გზა.
აუცილებელია, რომ მოსაუბრე ეცადოს და მუდმივად უკმაყოფილო თანამშრომელს გააგებინოს, თუ რამდენად უკეთესად იგრძნობს თავს ქცევის შეცვლის შემდეგ- მუდმივად წუწუნის ნაცვლად, საკუთარი მოსაზრების მიზანმიმართული დაფიქსირება ადამიანს ეხმარება საკუთარ თავში ნეგატიური ემოციები გადალახოს. მენეჯერმა ან კოლეგამ ასეთ ადამიანს უნდა აუხსნას, რომ პრობლემის აღმოჩენის შემდეგ, უკეთესი იქნება, თუ წუწუნის ნაცვლად დროს პრობლემის გადაჭრის გზებზე ფიქრს დაუთმობს.
მადლიერების გრძნობა ნეგატიური ემოციებისგან დაცილის ერთ-ერთი საუკეთესო გზაა. თუ ადამიანი უკმაყოფილების დროს გაიხსენებს იმ ფაქტებს, რის მადლიერიცაა, ქრონიკულ ნეგატიური ემოციებს ნელ-ნელა დადებითი ემოციები ჩაანაცვლებს. ასეთი მიდგომით ქრონიკულად უკმაყოფილო ადამიანის ხასიათი გაუმჯობესდება, მოემატებაენერგია და მისი შფოთვაც შემცირდება. კარგი იქნება, თუ წუწუნის მოყვარული ადამიანი მიმართავს ქოუჩს ან ფსიქოლოგოს, რომელიც მუდმივი უკმაყოფილების მიზეზების დადგენაში დაეხმარება და მოაძებნინებს პასუხს შემდეგ კითხვებზე: რატომ მოსწონს მუდმივად მსხვერპლის როლში ყოფნა, როგორ უნდა იმუშავოს სამყაროს სხვაგვარად აღქმაზე, რა მოვლენები ხდება მის გარშემო და სხვ.
ქრონიკულად უკმაყოფილო ადამიანები, ერთი შეხედვით, სულაც არ ჩანან ზიანის მომტანები. თუმცა, ისინი გარშემო მყოფების ემოციებს მუდმივად უარყოფითისკენ ცვლიან. ასეთმა ადამიანებმა უნდა გააცნობიერონ, რომ მათ ქცევას შედეგი არ მოაქვს, მეგობრებისა თუ კოლგების მხრიდან ურთიერთობის შემცირებული სურვილი კი ნამდვილად მოაქვს.
წყარო: HBR