თაობა Gen Z შრომით ბაზარზე ახლახანს გამოჩნდა და უკვე მოახერხა გავლენის მოხდენა კომპანიებზე, მათ კულტურასა და მიდგომებზე. დამსაქმებლები იწყებენ ახალი თაობის ინტერესების გათვალისწინებას. Gen Z-ს მიერ ნაკარნახევი ცვლილებები სხვა თაობებისთვისაც სასარგებლოა, რადგან ფოკუსირებულია სამუშაოს შინაარსზე, ადეკვატურ ანაზღაურებასა და სამსახურისა და პირადი ცხოვრების ბალანსზე.
კომპანიებს უწევთ გაითვალისწინონ Gen Z-ს მოთხოვნები თუ მათ სურთ, რომ მათი უნარები და პოტენციალი მაქსიმალურად გამოიყენონ. მნიშვნელოვან როლს თამაშობს სოციალური მედიაც, რომელიც ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს საკუთარი სურვილები, ინტერესები, ღირებულებები საკმარისად და ეფექტურად წარმოაჩინონ და ფართო აუდიტორიას მიაწვდინონ ხმა.
გაგაცნობთ Gen Z-ისთვის ყველაზე უფრო პრიორიტეტულ საკითხებს, რასაც ისინი ითხოვენ დამსაქმებლებისგან.
1. ღირებული სამუშაო
ცხადია ყველა თაობის დასაქმებულს სურს მნიშვნელოვანი, ღირებული საქმის კეთება, თუმცა Gen Z ამბობს, რომ მათთვის ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია სამსახურის შერჩევისას.
არარეალისტურია გქონდეს მოლოდინი, რომ ყოველი სამსახურეობრივი მოვალეობა იდეალური და ღირებული იქნება. თუმცა Gen Z-ისთვის პრიორიტეტულია დასაქმდნენ იმ მიმართულებით, რომელიც მოსწონთ და საიამოვნებას ანიჭებთ. ამ თაობის წარმომადგენლების ბედნიერების გასაღებია სამსახურის და პირადი ინტერესების, ღირებულებების თანხვედრა.
Gen Z-ის კმაყოფილებისთვის აუცილებელია, რომ შესრულებული სამუშაო პოზიტიურ გავლენას ახდენდეს როგორც პირადად მათზე, ასევე სხვა თანამშრომლებზე, გარემოზე, ზოგადად სოციუმზე და მსოფლიოზეც კი.
მათ სჯერად რომ საამისოდ საკმარისი პოტენციალი აქვთ და მათი მიზნებიც შესაბამისად ყალიბდება.
აღნიშნულიდან გამომდინარე კომპანიები ცდილობენ სამუშაო დავალებები მაქსიმალურ თანხვედრაში მოიყვანონ თანამშრომელთა სურვილებთან და მოლოდინებთან.
2. ფინანსური სტაბილურობა
Gen Z განსაკუთრებით ფოკუსირებულია ფინანსურ სტაბილურობაზე, განსაკუთრებით დღევანდელი ეკონომიკური წნეხის, ინფლაციის და შემცირებების გათვალისწინებით. შესაძლოა მათი უმთავრესი მიზანი სიმდიდრე არ არის, თუმცა მნიშვნელოვანია სტაბილური შემოსავალი, რომელიც მათ კეთილდღეობას, ჯანმრთელობაზე ზრუნვას და პირადი ინტერესების დაკმაყოფილებას უზრუნველყოფს.
სხვადასხვა კვლევებით დასტურდება, რომ Gen Z ხშირად მზად არის დათმოს სახლიდან მუშაობა, ჰობი, სოციალური ცხოვრება და პირადი ურთიერთობებიც კი, კონკრეტულ მომენტში მათთვის სასურველი ხელფასისთვის.
3. სამსახურისა და პირადი ცხოვრების ბალანსი
დღევანდელმა საზოგადოებამ დიდი ხანია გაიარა ის ეტაპი, როდესაც გამუდმებული მუშაობა წახალისებული და მისაღები იყო.
სამსახური ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც თვითგამოხატვის, საკუთრი თავის რეალიზების საშუალებას გაძლევს, თუმცა არსებობს სხვა აუცილებელი ღირებულებები, რომლებიც ადამიანს სამსახურს გარეთ ელოდება.
Gen Z-ისთვის მნიშვნელოვანი ღირებულებებებია ოჯახი, პირადი ურთიერთობები და მეგობრები. მათთვის პრიორიტეტულია მოგზაურობა, ჰობი და სხვა პირადი ინტერესები. შესაბამისად მათთვის მთავარი გამოწვევაა იპოვონ ბალანსი სამსახურსა და პირად ცხოვრებას შორის.
კარიერული კმაყოფილება და წარმატება ხშირად განაპირობებს სამსახურს გარეთ ბედნიერებასაც. თუმცა კომპანიებს უნდა ესმოდეთ, რომ აღნიშნული მოცემულობა Gen Z-ისთვის პირიქითაც მუშაობს - როდესაც სამსახურს გარეთ დაკავებული ხარ საქმიანობებით, რომლებიც ბედნიერებას განიჭებს, სამსახურშის საქმესაც უკეთ, მეტი მოტივაციით და შემართებით ასრულებ.
4. ჯანმრთელობა
კარიერისა და პირადი ცხოვრების ბალანსის მსგავად მნიშვნელოვანია ჯანმრთელობა და მასზე ზრუნვა. Gen Z-ისთვის სხვა თაობებზე მეტად დამახასიათებელია დეპრესია, ADHD და სხვა შფოთვითი პრობლემები.
აღნიშნულის გამო ორგანიზაციები თანამშრომლებს სთავაზობენ სხვადასხვა სახის პროგრამებს, მხარდამჭერ აქტივობებს ფიზიკურ, მენტალურ და კოგნიტურ ჯანმრთელობაზე ზრუნვისთვის.
5. პირადი განვითარება
Gen Z სამსახურის ძებნისას მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს კარიერული განვითარების შესაძლებლობას. განვითარების შესაძლებლობა მნიშვნელოვანია იყოს მაქსიმალურად კონკრეტული, აღქმადი, გაზომვადი და წინასწარ დადგენილ კრიტერიუმებზე დამოკიდებული. დასაქმებულმა უნდა დაინახოს მისი კარიერული განვითარების გზა და ნაბიჯები და ამასთან ხელი მიუწვდებოდეს ისეთ პროგრამებზე, საშუალებებსა და გარემოზე, რომლებიც ამ გზის გავლაში დაეხმარება.
წყარო - https://www.forbes.com/sites/tracybrower/2024/04/09/the-gen-z-effect/?sh=3569ac9042fa