ჩვენ ვცხოვრობთ ტექნოლოგიური სიახლეების ეპოქაში, როდესაც ადამიანური რესურსების მნიშვნელობა ხშირად დგება გამოწვევების წინაშე. მაგალითად, ხელოვნური ინტელექტის მიერ ადამიანების ჩანაცვლება სამსახურში, პანდემიის გამო დისტანციური სამუშაო რეჟიმის შემოღება და შემდეგ მისი გაუქმება, ეკონომიკური კრიზისი, შემცირებების ტალღა წამყვან კომპანიებში და ა.შ.
ცვლილებების ეპოქაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სწორად შეფასდეს ადამიანური რესურსების გამოყენების მომავალი. HR გუნდმა უნდა დაგეგმოს სამომავლო სტრატეგია იმისთვის, რომ კომპანიამ მიაღწიოს საუკეთესო შედეგებს.
Entrepreneur გვიზიარებს 5 რჩევას, რომელიც უნდა გაითვალისწინონHR-ებმა, იმისთვის, რომ უზრუნველყონ კომპანიის წარმატება მუდმივად ცვალებად დროში:
1. იზრუნეთ თანამშრომლების ერთგულებაზე პირველივე დღიდან;
HR ახალი დასაქმებულებისთვის პირველი საკონტაქტო პირია. როგორც წესი, ახალი თანამშრომელი კომპანიაში ონბორდინგის ეტაპს გადის, რომელიც მოსაწყენი და სტანდარტულია.
უკანასკნელი წლების განმავლობაში, ბევრმა კომპანიამ სცადა დასაქმებულების ჩართულობის გაზრდა, რისთვისაც ახალ თანამშრომლებს უგზავნიდნენ კომპანიასთან დაკავშირებულ ატრიბუტიკას, სუვენირებს, მისალმების წერილს დირექტორისგან ან დეკორაციებს სახლის მოსაწყობად. ეს ნაბიჯები ეხმარება დასაქმებულს თავი უკეთ იგრძნოს, თუმცა რეალურად არ განაპირობებს მის ერთგულებას კომპანიის მიმართ.
HR უნდა დაეხმაროს ახალ დასაქმებულს კომპანიის მიზნების და ხედვების გააზრებაში. თანამშრომლისთვის მნიშვნელოვანია იცოდეს რატომ არსებობს კომპანია, რა კონტრიბუცია აქვს მას საზოგადოებისთვის და როგორია მისი როლი კომპანიაში. ამ ღირებულებების გააზრება გაზრდის თანამშრომლის ერთგულებას კომპანიის კორპორატიული კულტურის და ინიციატივების მიმართ.
2. განსაზღვრეთ და ყურადღება გაამახვილეთ პრიორიტეტებზე;
მუდმივად ცვალებად სამყაროში, ხშირად იცვლება კომპანიის პრიორიტეტები. ბევრი დასაქმებული უთითებს, რომ ისინი გადატვირთულები არიან ბევრი საქმით და ხშირად, არ აქვთ დავალებაზე ფიქრისთვის საკმარისი დრო. HR-ის ამოცანაა, კომპანიებს დაეხმაროს პრიორიტეტების განსაზღვრაში, რაც შემდეგი კომპონენტებისგან შედგება:
- შესასრულებელი სამუშაოს სიცხადე - ყველა დასაქმებულმა უნდა იცოდეს რა არის მათი პოზიცია და რას ელის მათგან კომპანია. სამუშაო აღწერილობის გაგზავნის და ონბორდინგ შეხვედრების გარდა, გაესაუბრეთ დასაქმებულს და მიაწოდეთ მეტი ინფორმაცია მათ მიერ შესასრულებელი ვალდებულებების შესახებ. აუხსენით რას მოიცავს მისი სამუშაო, რა კავშირი აქვს სხვა დეპარტამენტებთან და რა მნიშვნელობა აქვს კომპანიისთვის.
- მიზნების დასახვა - მკაფიო, რთული მაგრამ მიღწევადი მიზნების დასახვამ შეიძლება გამოიწვიოს არაპროპორციული განვითარება. ორგანიზაციის მიზნები დასახეთ მარტივი საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით და შემდეგ გააცანით ეს მიზნები ყველა დასაქმებულს.
- უკუკავშირის კულტურა - ნებისმიერი კომპანიის წარმატებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უკუკავშირის კულტურა. უკუკავშირი უნდა მოიცავდეს ყველა რგოლის თანამშრომელს. დაატრენინგეთ დასაქმებულები, აუხსენით მათ რას გულისხმობს ჯანსაღი უკუკავშირი, როგორ უნდა დააკვირდნენ, შეაფასონ და აღწერონ მოვლენები და შესთავაზონ ერთმანეთს პროცესების გაუმჯობესების გზები.
3. გამოიყენეთ ტექნოლოგიები;
ხელოვნური ინტელექტი აუცილებლად შეცვლის სამუშაოს შესრულების პროცესს. გამოიყენეთ ეს ცვლილება კომპანიისთვის სასიკეთოდ. HR პროცესებში მეტად ჩართეთ ხელოვნური ინტელექტი. გამოიყენეთ დასაქმებულების შეფასების და შერჩევის ავტომატიზირებული სისტემები, დავალებები, ვიდეოები.
4. შექმენით/მოიძიეთ ტალანტების ჰაბი;
მიუხედავად იმისა, რომ ბევრი დიდი კომპანია ცდილობს დასაქმებულები სამუშაოდ ოფისში დააბრუნოს, დისტანციური მუშაობის მოდელი აუცილებლად დიდხანს დარჩება შრომით ბაზარზე. კომპანიის ლიდერებმა ისევე, როგორც HR-ებმა, უნდა შეიმუშავონ სტრატეგია, რომ დისტანციურად მუშაობის სხვადასხვა ბენეფიტი მოერგოს კომპანიის საჭიროებებს. რა ტიპის სამუშაოს შესრულება შეიძლება ოფისიდან? დისტანციურად? რომელი პოზიციების გატანა შეიძლება აუთსორსზე უფრო ნაკლები დანახარჯებით?
HR-ს შეუძლია მოიძიოს შედარებით დაბალანაზღაურებადი ტალანტები ჰაბი, საიდანაც შეიძლება ტალანტების მოზიდვა კომპანიისთვის ნაკლები დანახარჯებით.
5. წაახალისეთ მრავალფეროვანი კულტურის შექმნა კომპანიაში;
რაც უფრო მრავალფეროვანია გუნდი, ის უფრო მეტად ინოვაციურია. ფინანსური სტრესის, ეკონომიკური კრიზისის პერიოდში, შეიძლება კომპანიებმა ნაკლები ყურადღება მიაქციონ გუნდის მრავალფეროვნებაზე, თანასწორ მიდგომებსა და ინკლუზიურობაზე ზრუნვას. თუმცა, HR გუნდის მნიშვნელოვანი ფუნქციაა ეს მიდგომები შეინარჩუნონ დასაქმებულების შერჩევისას.
როდესაც კომპანია სხვადასხვა ტალანტს გლობალური ბაზრიდან ქირაობს, უფრო მეტად იზრდება კომპანიაში მიმღებლობის მნიშვნელობა. კომპანიამ უნდა გაითვალისწინოს მისი დასაქმებულების ეთნიკური მრავალფეროვნება, ესმოდეს სხვადასხვა კულტურის და გამონახოს განსხვავებულ ადამიანებთან მუშაობისთვის საჭირო გზები და საშუალებები.
წყარო - 5 Ways HR Can Drive Success In Today's Turbulent Times | Entrepreneur