თანამედროვე კონკურენტულ შრომით ბაზარზე,განსაკუთრებით ტექნოლოგიურ და ცოდნაზე დაფუძნებულ სექტორებში, გავრცელებულია კანდიდატებისგან ანაზღაურების გარეშე დავალების შესრულების მოთხოვნა. დამსაქმებელები თითქოს ამ ფორმით ამოწმებენ კანდიდატის კომპეტენციას, რეალურად კი, შეცდომაში შეჰყავთ კანდიდატი, რომელიც თანახმაა უფასოდ შეასრულოს კონკრეტული დავალება სამომავლო დასაქმების მოლოდინით. ეს ტრენდი ეთიკურად არასწორია და ასევე ხაზს უსვამს, შრომით ბაზარზე არსებულ უთანასწორო მდგომარეობას.
მიუხედავად ტექნოლოგიური სექტორის ზრდისა და სიახლეებისა, პანდემიამდელ მაჩვენებლებთან შედარებით, ამ სექტორში სამუშაო ვაკანსიები 25%-ით შემცირებულია. ამის შედეგად, იზრდება კონკურენცია, რაც დამსაქმებლებს აძლევს შესაძლებლობას, კანდიდატების შერჩევის ეტაპზე მოითხოვონ სრული პროექტის მომზადება. დავალებები ერთმანეთისგან განსხვავდება და მათ შესრულებას შეიძლება დასჭირდეს რამდენიმე საათი ან რამდენიმე დღეც კი. ხშირად, ამ პროექტებს კომპანია იყენებს, თუმცა არ იღებს ნებართვას კანდიდატისგან და არ უხდის მათ არანაირ ანაზღაურებას.
ანაზღაურების გარეშე სამუშაოს შესრულებას სოციალურეკონომიკური უთანასწორობებიც განაპირობებს. კანდიდატები, რომლებსაც არ აქვთ იმის შესაძლებლობა, რომ საკუთარი დრო გადადონ ანაზღაურების გარეშე დავალების შესრულებისთვის, დამსაქმებლის ყურადღების მიღმა დარჩებიან. ეს აძლიერებს ეკონომიკურად პრივილეგირებულ და ნაკლებად პრივილეგირებულ კანდიდატებს შორის არსებულ კლასობრივ სხვაობას, გასაუბრების ეტაპზე, უფასოდ დავალების მომზადება უფრო მეტად შეუძლიათ მათ, ვისაც შეუძლია საკუთარ თავს მისცეს ანაზღაურების გარეშე მუშაობის უფლება. ეს დასაქმების პროცესში არსებული ელიტური ბარიერი ხდება.
LinkedIn-ის კვლევის თანახმად, 150 რესპოდენტიდან 85%-თვის მოუთხოვიათ სამსახურის გასაუბრების ეტაპზე დავალების შესრულება ანაზღაურების გარეშე. მათგან 21%-მა ამ დავალების შესრულებას ორი საათი დაუთმო, 44%-მა სამიდან ხუთ საათამდე და 19%-მა - ექვს საათამდე.
პირადი მაგალითებით კიდევ უფრო ნათელი ხდება, როგორ ახდენენ დამსაქმებლები კანდიდატების შრომით ექსპლუატაციას. მაგალითად, ერთ-ერთ კანდიდატს, გასაუბრებაზე სთხოვეს შეექმნა პროდუქტის სტრატეგია, UX ანალიზი - ამ დავალების სრულყოფილად შესრულებას ათასობით დოლარი სჭირდება. სხვა კანდიდატს, რომელიც მარკეტინგის ლიდერი იყო, თხოვეს შეექმნა მარკეტინგის სტრატეგია, შემდეგ კი კომპანიამ მისი იდეები ნებართვის აღების და მისი დასაქმების გარეშე გამოიყენა. კიდევ ერთი კანდიდატი იხსენებს, რომ მისი მიმდინარე სამსახურიდან შვებულების აღება მოუწია იმისთვის, რომ მოემზადებინა პრეზენტაცია მომავალი დამსაქმებლისთვის. მიუხედავად ამ დახარჯული დროისა, ის არ შეარჩიეს ამ პოზიციისთვის გამოცდილების დონის გამო. ამ გადაწყვეტილების მიღება დამსაქმებელს იქამდეც შეეძლო, სანამ კანდიდატს უდიდესი დროითი ინვესტიციის ჩადება მოუწევდა.
ეს მაგალითები მხოლოდ მცირე ნაწილია ბაზარზე არსებული რეალობის და ნათელს ფენს სისტემურ პრობლემებს, რომ კომპანიები სარგებლობენ კანდიდატების ინტელექტუალური სამუშაოთი მათთვის შესაბამისი ანაზღაურების გადახდის გარეშე.
ამ პრაქტიკის სიხშირე გულისხმობს, რომ მისი ნორმალიზება ხდება. ეს არა მხოლოდ აუფასურებს პოტენციური დასაქმებულების მიერ შესრულებულ საქმეს, ასევე აწესებს ფინანსურ პრივილეგიებს - კანდიდატმა, რომელიც ძალიან ნიჭიერია, შეიძლება ვერ მოახერხოს დავალების შესრულება, რადგან მას არ შეუძლია დრო დაუთმოს საქმეს, რისთვისაც არ მიიღებს ანაზღაურებას.
გამოსავალი კომპანიების მხრიდან მიდგომების ცვლილებაა. მათ კანდიდატების შესაფასებლად უნდა გამოიყენონ დავალებები, რომლებიც არ საჭიროებენ დიდ დროს. კომპანიებს შეუძლიათ მაგალითად, ახალი დავალების შესრულების მოთხოვნის ნაცვლად, კანდიდატებს თხოვონ არსებული გამოცდილების გათვალისწინებით, მათ მიერ უკვე განხორციელებული პროექტების ანალიზი. თუ სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე აუცილებელია დავალების შესრულება კანდიდატის შესაფასებლად, დამსაქმებელმა უნდა განსაზღვროს ამ დავალების შესრულებისთვის შესაბამისი კომპენსაციაც.
წყარო - https://www.forbes.com/sites/rebekahbastian/2024/04/05/the-cost-of-getting-hired-unpaid-labor-in-job-interviews/?sh=ee28ea450f90