წარმატებული გასაუბრების პროცესის შემდეგ მიიღეთ სასურველი სამსახურის შემოთავაზება, თუმცა თქვენთვის მისაღები არ არის ანაზღაურების ოდენობა? ასეთ შემთხვევაში, აუცილებლად უნდა დაიწყოთ მოლაპარაკებების პროცესი.
აშშ-ში ჩატარებული კვლევის თანახმად დაკმაყოფილდა იმ კანდიდატების 85%-ის მოთხოვნა, რომლებმაც დამსაქმებელს სამსახურის შეთავაზებაზე საპასუხო წინადადებით უპასუხეს და განსხვავებული ანაზღაურება მოითხოვეს. გამოკითხულთა 58% დათანხმდა დამსაქმებლის შემოთავაზებას საპასუხო წინადადების განხილვის გარეშე.
Forbes გვიზიარებს 5 რჩევას, რაც შეგიძლიათ გამოიყენოთ ხელფასის ოდენობის მოლაპარაკებისას:
1. გადაამოწმეთ იყო თუ არა ხელფასის ოდენობა მითითებული ვაკანსიაში;
კომპანიაზე დადებითად მეტყველებს, თუ კონკრეტული პოზიციისთვის განსაზღვრული ანაზღაურება ვაკანსიაშია მითითებული. ასეთ შემთხვევაში, აშკარაა, რომ კომპანიას კანდიდატების დასაქმების მიმართ გამჭვირვალე პოლიტიკა აქვს. ამ გზით კომპანია უფრთხილდება საკუთარ და კანდიდატების დროს.
მიუხედავად იმისა, დამსაქმებლის მიერ შემოთავაზებული ანაზღაურების ოდენობა ექცევა თუ არა ვაკანსიაში მითითებულ ფარგლებში, ყოველთვის შეგიძლიათ ახალი მოლაპარაკება წამოიწყოთ. მოლაპარაკებისას შეგიძლიათ უზრუნველყოთ, რომ თქვენთვის გაკეთებული ოფერი ზუსტად ასახავს ბაზარზე არსებულ ფასებს და შეესაბამება თქვენს პოზიციას. მოლაპარაკების დაწყებამდე, მოიძიეთ ინფორმაცია სასურველი პოზიციისთვის არსებული ანაზღაურების ოდენობის შესახებ.
2. ჰკითხეთ დამსაქმებელს მათ მიერ განსაზღვრული ბიუჯეტის ოდენობა;
ხშირად დამსაქმებლები ხელფასის მინიმალურ ოდენობას სთავაზობენ კანდიდატებს. შესაბამისად, დაძლიეთ ანაზღაურებაზე საუბრის უხერხულობა და აგრძნობინეთ დამსაქმებელს, რომ თქვენ კარგად იცით რა არის თქვენი ღირებულება. კომპანიები კანდიდატებს ეკითხებიან ხოლმე მათ მიმდინარე ანაზღაურებას და შემდეგ ამ ოდენობას იყენებენ საკუთარი შეთავაზების გასაკეთებლად. არ გაეხვეთ ამ მახეში. თქვენი წარსული არ უნდა განსაზღვრავდეს თქვენს მომავალს. თქვენი ანაზღაურება უნდა შეესაბამებოდეს ბაზარზე არსებულ რეალობას და სტანდარტებს. ამ კითხვაზე პასუხის გაცემის ნაცვლად, ჰკითეთ რა არის მათ მიერ განსაზღვრული სავარაუდო ბიუჯეტი. ბიუჯეტის შესახებ ინფორმაციის გაზიარების შემდეგ კი შეგიძლიათ უთხრათ თქვენთვის სასურველი ანაზღაურების ფარგლები. ამ გზით თქვენ დამსაქმებელს აჩვენებთ, რომ მზად ხართ მოლაპარაკებებისთვის.
3. სხვადასხვა შემოთავაზების არსებობის გამოყენება
არაფერი ხდის კანდიდატს უფრო სასურველს, ვიდრე იმის გააზრება, რომ მისი დაქირავება სხვა კომპანიასაც სურს. რამდენიმე ოფერის არსებობა დამსაქმებელს აჩვენებს, რომ თქვენ კარგი კანდიდატი ხართ, რომელზეც დიდია მოთხოვნა. ასეთ შემთხვევაში, უფრო მაღალია ალბათობა, რომ კომპანია უფრო მაღალ ანაზღაურებას შემოგთავაზებთ. ანაზღაურებაზე საუბრისას, ახსენეთ, რომ სხვ კომპანიებისგანაც გაქვთ კონკურენტული შემოთავაზებები.
ბევრი შემოთავაზების ქონა იმასაც ნიშნავს, რომ კომპანიებს პასუხი კონკრეტულ ვადაში უნდა დაუბრუნოთ. ეს დამატებით დაგეხმარებათ თქვენთვის სასურველ დამსაქმებელს განუსაზღვროთ საბოლოო გადაწყვეტილების მიღების ვადები.
4. არ იფიქროთ მხოლოდ ხელფასის ოდენობაზე
ბევრ კანდიდატს ავიწყდება, რომ ანაზღაურება მხოლოდ ხელფასი არ არის. კომპანიები დასაქმებულებს ხელფასთან ერთად სხვა დამატებით ბენეფიტებსაც სთავაზობენ მათ მოსაზიდად და შესანარჩუნებლად. ეს შეიძლება იყოს ბონუსები, დაზღვევა, დამატებითი შვებულების დღეები, ტრანსპორტირების ანაზღაურება და სხვა.
ამავე პროცესში შეგიძლიათ განიხილოთ დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობა.
5. იმუშავეთ დამსაქმებელთან ერთად და არა მათ წინააღმდეგ
მომავალ დამსაქმებელთან მოლაპარაკებისას, მნიშვნელოვანია ამ დიალოგს მიუდგეთ პროფესიულად და პატივისცემით. დაპირისპირების ნაცვლად, ეს შესაძლებლობა გამოიყენეთ. ეცადეთ გაიგოთ რა არის მათი პრიორიტეტები და შეზღუდვები, მოიფიქრეთ რისი დათმობა შეგიძლიათ ამ პროცესში იმგვარად, რომ დაიცვათ თქვენი ინტერესები და ხელი არ შეუშალოთ დამსაქმებლის ინტერესებს.
წყარო - https://www.forbes.com/sites/shodewan/2024/04/15/5-things-to-keep-in-mind-when-negotiating-your-salary/?sh=6b3f276d1893