თითოეული ადამიანის კარიერა მილიონობით გადაწყვეტილებისგან შედგება. ამის გამო, წარმატებული ადამიანებისთვის დამახასიათებელია ეფექტური გადაწყვეტილებების მიღების უნარი. როდესაც ისინი იღებენ გადაწყვეტილებას, დამატებით დროს აღარ ხარჯავენ იმაზე ფიქრში, სწორი იყო მიღებული გადაწყვეტილება თუ არა. წარმატებული ადამიანები პასუხისმგებლობას იღებენ საკუთარი ქმედებების შედეგებზე და აგრძელებენ წინსვლას. რა თქმა უნდა, ისინი კარგ გადაწყვეტილებებთან ერთად, აუცილებლად გააკეთებენ არასწორ არჩევანსაც, თუმცა ეს მათთვის ზრდის მოტივაციად იქცევა.
გადაწყვეტილების მიღებისთვის თავის არიდებით ერთ ადგილას გაიყინებით. ხშირად, ადამიანები თავის ასარიდებლად იმიზეზებენ, რომ სჭირდებათ მეტი ინფორმაცია, თუმცა სინამდვილეში, ბევრი ინფორმაციის მოძიება ხანდახან პირიქით, ნაკლებად პროდუქტიულიც შეიძლება იყოს.
FastCompany გვიზიარებს 4 გზას, თუ როგორ გავაუმჯობესოთ ეფექტური გადაწყვეტილებების მიღების უნარი:
1. ინტუიცია;
დააკვირდით საკუთარ ემოციებს და განაცალკევეთ შფოთვა და ინტუიცია ერთმანეთისგან. ხშირად შეიძლება რთული იყოს ამ ორი ფაქტორის ერთმანეთისგან განცალკევება, თუმცა მნიშვნელოვანია აღმოაჩინოთ თქვენი ინტუიციის უნარი. კვლევებით დასტურდება, რომ სწრაფი და ეფექტური გადაწყვეტილებების მიღების ერთ-ერთი გზა ინტუიციის ნდობა შეიძლება იყოს.
2. შედეგების განჭვრეტა და მომზადება;
დაფიქრდით და ლოგიკურად შეაფასეთ გადაწყვეტილების სავარაუდო შედეგები. მოიძიეთ სრული ინფორმაცია. გახსოვდეთ, რომ შეუძლებელია ყველა შესაძლო შედეგი 100%-ის სიზუსტით განსაზღვროთ წინასწარ. არც ერთი გადაწყვეტილება არ არის იდეალური. თუ იგრძნობთ, რომ გადაწყვეტილების მიღება განსაკუთრებით გიჭირთ, დაფიქრდით რა შედეგების მოტანა შეუძლია გადაწყვეტილების მიუღებლობას. ადამიანებს ურჩევნიათ დიდხანს დარჩნენ კომფორტის ზონაში. იმის გააზრება, თუ რა შეიძლება დაკარგოთ გადაწყვეტილების მიუღებლობით, შეიძლება დაგეხმაროთ გამოსავლის პოვნაში.
3. შედეგების აღრიცხვა და ცვლილებები;
აღრიცხეთ მიღებული გადაწყვეტილებების შედეგები. თუ ეს შედეგები შეესაბამება თქვენს მიერ დასახულ გეგმებს და ვადებს - ყველაფერი კარგად არის. თუ გადაწყვეტილებებმა თქვენთვის სასურველი შედეგები არ გამოიწვია, დაფიქრდით რა არის ამის მიზეზი და შეეცადეთ შეცვალოთ მიდგომები თუ ეს შესაძლებელია. სამწუხაროდ, ბევრი ლიდერი თავს არიდებს ამ ნაბიჯს. ხშირად ამის მიზეზი შეიძლება იყოს ადამიანური ეგოისტობა, შეცდომის აღიარების სირცხვილი. ზოგჯერ უფრო მარტივია გაჰყვე დინებას და არ შეცვალო არაფერი. თუმცა, უკეთესი შედეგების და ეფექტური გადაწყვეტილებების მისაღებად, აუცილებელია დააკვირდეთ შედეგებს, გააანალიზოთ ისინი და საჭიროების შემთხვევაში - შეცვალოთ მიღებული გადაწყვეტილებები.
4. სწავლის შესაძლებლობა;
უკეთესი გადაწყვეტილებების მისაღებად აუცილებელია გაიაზროთ რისი სწავლა შეგიძლიათ ყველა გამოცდილებიდან. თუ სასურველი შედეგები ვერ მიიღეთ - დააკვირდით რა დაგაკლდათ, რა ვერ გათვალეთ წინასწარ. არ მოუსმინეთ ინტუიციას? გადაწყვეტილება შიშის გამო მიიღეთ? მეტი ინფორმაცია ხომ არ უნდა მოგეპოვებინათ გადაწყვეტილების მიღებამდე? ყველაფერმა კარგად ჩაიარა?
არ აქვს მნიშვნელობა დადებითი იქნება ამ კითხვებზე პასუხი თუ უარყოფითი, მნიშვნელოვანია შეაგროვოთ ეს გამოცდილებები და გარდაქმნათ სწავლის შესაძლებლობად.
წყარო - https://www.fastcompany.com/91072668/4-ways-to-make-more-effective-decisions