თქვენი კომპანია მზად არის გაუძლოს სამომავლო კრიზისებს და გამოწვევებს? ლიდერების მისიაა კომპანიაში ჩამოაყალიბონ კულტურა, რომელიც სრულად პასუხობს დასაქმებულების საჭიროებებს და ბაზარზე არსებულ გამოწვევებს. ჯანსაღი კორპორატიული კულტურა გულისხმობს გარემოს, სადაც მუდმივად არის ცვლილებების და ზრდის შესაძლებლობა.
ლიდერობის მთავარი ტესტია, რამდენად შეუძლია მენეჯერს შეინარჩუნოს ჯანსაღი კულტურა და ამავდროულად, უზრუნველყოს კომპანიის მდგრადი განვითარება.
ჯანსაღი კულტურა გულისხმობს გარემოს, სადაც დასაქმებულების პოზიციას ითვალისწინებენ, მათ უსმენენ, ზრუნავენ მოტივაციის გაზრდაზე. ამგვარი კულტურისთვის დამახასიათებელია:
- გახსნილი კომუნიკაცია - ლიდერი უზიარებს გუნდის წევრებს საკუთარ მოტივაციას, ღირებულებებს, გადაწყვეტილებებს და მათგანაც იმავეს ელის საპასუხოდ;
- აღიარება - ლიდერი აღიარებს მისი გუნდის ძალისხმევას, შესრულებულ სამუშაოს. ამის შედეგად, გუნდის წევრები თავს დაფასებულად გრძნობენ. ლიდერი პერიოდულად ამოწმებს რამდენად ესმით გუნდის წევრებს მათი ღირებულება კომპანიისთვის.
- ინკლუზიურობა - განსხვავებული ადამიანების ჩართულობა, უზრუნველყოფს საუკეთესო გადაწყვეტილებების მიღებას. ლიდერი მოტივირებულია მოისმინოს ბევრი განსხვავებული აზრი, თუნდაც ისინი მის პირად აზრს ეწინააღმდეგებოდეს.
- პირადი ცხოვრების და სამსახურის ბალანსი - დასაქმებულები სამსახურებრივ მიზნებს აღწევენ პირადი ცხოვრების გაწირვის გარეშე. ლიდერი გუნდში მუდმივად ახალისებს პირადი ცხოვრების და სამსახურის სწორ ბალანსს,
ზემოთ ჩამოთვლილი გარემოებები ქმნიან კომპანიაში ჯანსაღ გარემოს. თუმცა ამ კულტურის ერთხელ ჩამოყალიბება არ ნიშნავს, რომ ის მუდმივად იარსებებს. ლიდერის მთავარი ამოცანაა, შეინარჩუნოს კომპანიაში ჯანსაღი ურთიერთობები და კორპორატიული კულტურა.
კორპორატიული კულტურა მუდმივად ცვალებადი ეკოსისტემაა, რომელიც იცვლება, იბრძვის და ადაპტირდება ცვლილებებთან. ეს აერთიანებს შემდეგ ფაქტორებს:
- ღრმად გამჯდარი ღირებულებები - ღირებულებები განაპირობებენ გადაწყვეტილებებს. ყოველდღიურად დასაქმებულებთან ერთად იღებთ გადაწყვეტილებებს და ამ პროცესში წარმოაჩენთ ღირებულებებს.
- ლიდერებზე ზრუნვა - კომპანია გამიზნულად ნერგავს სხვადასხვა პროცესებს, დებს ინვესტიციას, რომ მისი დასაქმებულები ლიდერებად აქციოს.
- ადაპტური სტრატეგიები - ლიდერები და კომპანიასთან დაკავშირებული ყველა პირი მოქნილია, ერგება ცვლილებებს, გარე ზეწოლას და შიდა ზრდას. ლიდერობა დინამიური პროცესია, რომელიც მუდმივად იცვლება და ვითარდება.
კომპანიაში ჯანსაღი და მდგრადი კულტურის შექმნის ნაბიჯები
კომპანიაში კულტურის შექმნა, რომელიც შეესაბამება არსებული რეალობის მოთხოვნებს და უზრუნველყოფს სტაბილურ მომავალს, საჭიროებს ორდონიან ფიქრს. Forbes გვიზიარებს 4 ნაბიჯს, რომელიც შეგიძლიათ ამგვარი კულტურის შესაქმნელად დღესვე გადადგათ:
ნაბიჯი 1 - ჩამოაყალიბეთ კომპანიის მთავარი ღირებულებები და გაუზიარეთ ისინი დასაქმებულებს
დღეს - გაუზიარეთ ღირებულებების შესახებ ინფორმაცია დასაქმებულებს, განუმარტეთ ცხადად მათი მიზნები და ყოველდღიურ საქმიანობაში გამოყენების გზები
მომავალში - დაგეგმეთ რეგულარული შეხვედრები, რომლის დროსაც გადახედავთ ღირებულებებს. ბიზნეს გარემოში ცვლილებების გათვალისწინებით, შეიძლება შეიცვალოს კომპანიის მიზნები და ღირებულებების გამოყენების წესები. ღირებულებებზე დიალოგი უნდა ეფუძნებოდეს ეთიკას და ეთიკიდან გამომდინარე მიღებულ გადაწყვეტილებებს. ღირებულებები კომპანიისთვის შეიძლება უცვლელი დარჩეს, თუმცა შეიცვალოს მისი გამოხატვის ფორმა.
ნაბიჯი 2 - შექმენით და შეინარჩუნეთ ნდობა
დღეს - იზრუნეთ დასაქმებულებს შორის ნდობის ჩამოყალიბებაზე გულწრფელობით, გამჭვირვალობით.
მომავალში - იზრუნეთ ნდობის შენარჩუნებაზე. ნდობა დინამიური და ცოცხალია. ადამიანები იზრდებიან და იცვლებიან, თუმცა მთავარია ამ პროცესში შეინარჩუნოთ გამჭვირვალობა და გაუფრთხილდეთ ადამიანურ ურთიერთობებს.
ნაბიჯი 3 - მხარი დაუჭირეთ მომავალ ლიდერებს
დღეს - დაამყარეთ კონტაქტი ყველა დონეზე არსებულ დასაქმებულებთან, იზრუნეთ მათი განწყობის და მოტივაციის გაზრდაზე.
მომავალში - მიეცით დასაქმებულებს შესაძლებლობა განავითარონ და გააუმჯობესონ კულტურა. ეს ნაბიჯი მოიაზრებს დასაქმებულების გამძლეობაზე ზრუნვას. კომპანიას უნდა ჰქონდეს უნარი ინვესტიცია ჩადოს მისთვის სასურველ მომავალში, თუმცა ამავდროულად, აკონტროლებდეს აწმყოს და მოერგოს იმ ცვლილებებს, რისი კონტროლიც შეუძლებელია. ეს უნარები განავითარეთ თქვენს დასაქმებულებშიც.
ნაბიჯი 4 - შეინარჩუნეთ ბალანსი ამბიციას და კეთილდღეობას შორის
დღეს - წაახალისეთ დაბალანსებული პროდუქტიულობა, პირადი ზრდა და ჯანმრთელობა
მომავალში - დაგეგმეთ პროცესი, რომლის ფარგლებშიც პერიოდულად გადახედავთ დასაქმებულებზე მორგებულ პოლიტიკებს. ბალანსი ყოველთვის მნიშვნელოვანი იქნება დასაქმებულების კეთილდღეობისთვის და კომპანიის წარმატებისთვის.
ლიდერების ამოცანა ნათელია - უნდა შექმნათ კულტურა, რომელიც ბრწყინავს დეს და ჩაუყაროთ საფუძველი კულტურას, რომელიც გაუძლებს ათწლეულებს.
წყარო - https://www.forbes.com/sites/kathymillerperkins/2024/04/30/4-steps-for-establishing-healthy-and-sustainable-cultures/?s