ამ მცირე სტატიით გადმოცემული მოსაზრება არც სწორია და ალბათ არც მცდარი (ამიტომაცაა, რომ “მოსაზრებაა” და არა წესი) თუმცა, საინტერესოა და ვფიქრობთ - ბევრ კითხვას გააჩენს და კრიტიკასაც დაიმსახურებს.
არავინ იცის, როდის არის სამსახურის შეცვლის გონივრული თუ სწორი ვადა. დასავლური გამოცემები და კარიერის განვითარების კონსულტანტები ამბობენ, 3 ან 4 წელი ყველაზე ოპტიმალურია ცვლილების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად; ადამიანური რესურსის ბაზრის კვლევის მონაცემები ამბობენ, ადამიანების “მოძრაობა” კიდევ უფრო მცირე ვადაში ხდება და თანაც, გააჩნია რა პროფესიისაა და რა ასაკობრვი ჯგუფს მიეკუთვნებიან ადამიანები; მენეჯერები ამბობენ, ადამიანები რომლებიც სამსახურს ხშირად იცვლიან არასტაბილური (უფრო არასანდო) ხალხია და ძალიან ცუდია, თუკი ცვლილებები 2 წელიწადში ერთხელ ხდება. მოკლედ, ყველას თავის მოსაზრება აქვს, არგუმენტირებული მოსაზრება და კითხვაზე “როდის უნდა შეიცვალოს ადამიანმა სამსახური?” ინტუიტიურ პასუხს უფრო მივიღებთ ვიდრე გააზრებულს და ფაქტებით გამყარებულს.
არ გაგიკვირდეთ და ინტუიტიური პასუხი სწორია. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანებს “ინტუიცია არ ღალატობთ” (აქვე, ინტუიცია გულწრფელია და სანდო), სად რამდენი წელი ვიმუშვებთ ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. თუმცა, უდავოდ მნიშვნელოვანია შედემგი: 1. ვინ ვართ (ხასიათი და ღირებულებები), 2. რა პროფესიის ვართ, 3. რას ვგეგმავთ მომავალაში.
ბევრი რჩევაა, როდის უნდა შეიცვალოს ადამიანმა სამსახური და ვრცელი ჩამონათვალია, რომ თუ სამსახურში მისვლა გეზარება, თუ კოლეგების დანახვაც გეზარება, თუ მენეჯერი მოკლე პასუხებს იძლევა კითხვებზე და სხვ., დროა სამსახური შეიცვალო. არის მეორე ტიპის რჩევაც - თუ საქმეს “თვალდახუჭული” აკეთებ, თუ “კომფორტის ზონაში” ხარ (ჩვენი მოკრძალებული აზრით, კომფორტის ზონა უკვე უსაქმურობაა, ფაქტიურად აღარაფერს ქმნი ან აკეთებ), დროა სამსახური შეიცვალო.
ფაქტია, სამსახურის ცვლილების ნეგატიური და პოზიტიური მიზეზები ვრცელია და რჩევები ასეთივე, ნაირგვარი. თუმცა სიმრავლემ ხელი არ შეგვიშალა და კიდევ ერთი რჩევა ჩვენც გამოვაცხევთ - თუ განვითარებაზე ზრუნავთ, სამსახური უნდა შეიცვალოთ მაშინ, როდესაც არც მენეჯერი გიშლით ნერვებს და კომფორტის ზონაშიც ჯერ არ ხართ. თუ განვითარებაზე ზრუნავთ, ძალიან გინდათ წარმატებული იყოთ თქვენს პროფესიაში და ამბიცია არ გასვენებთ, მაშინ სამსახური უნდა შეიცვალოთ აი იმ ორ უკიდურეს მოცემულებას შორის, ანუ როცა კარგად ხართ. რას ნიშნავს კარგად ყოფნა? კარგად ხართ როცა საქმეს კარგად აკეთებთ, მენეჯერი შეგაქებთ, იცით კოლეგები რას აკეთებენ, მინიმუმ ერთხელ მოგემატათ ხელფასი, ისწავლეთ თქვენი საქმე და არა როდესაც მენეჯერთან უკვე მეგობრობთ, რჩევებზე გაკითხავენ და “ძალიან კარგი ხელფასი” გაქვთ.
როდესაც სამსახურიდან წასვლის მიზეზი ნეგატიურია (მაგალითად: მენეჯერი არ გვაფასებს თუ “ვერ დააფასა ჩვენი შედეგი”, საქმე გაგვიუარესდა და სხვ.) არასწორი გადაწყვეტილების მიღების ალბათობა მაღალია და შესაძლებელია, აღმოჩნდეთ კიდევ უფრო უინტერესო საქმეზე და უინტერესო გარემოში. ანუ, “გაქცევა” ჩვენთვის კარგი შედეგით შეიძლება ვერ დამთავრდეს და ძალიან მალე, სამსახური კვლავ მოსაძბენი გაგვიხდეს.
როდესაც “კომფორტის ზონაში ლივლივია” კარიერული ცვლილებაზე ფიქრი, ახალი გამოწვევების ძებნისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესი გაჭიანურდება. ჩვენი დაკირვებით, კომფორტის ზონაში მყოფები აუცილებლად დავიწყებთ, შევაფასოთ რა თანამდებობას გვთავაზობენ, რა ხელფასად, ახლანდელი თქვენი პირობები თუ პოზიცია როგორ ჯობია შემოთავაზებულს და სხვ. მოკლედ, კომფორტმა მიჩვევა იცის და დათმობა რთულია -ცვლილებების თავიდან არიდების მიზეზებს კი უხვად მოვძებნით (შეიძლება სწორედ ესაა იმის მიზეზიც, რომ ყველაზე ხშირად, “კომფორტის ზონიდან გამოსვლას” გვირჩევს ბიზნეს ლიტერატურა და გამოცემები).
როდესაც “კარგად ვართ სამსახურში”, ახალი სამსახურის ძიების პროცესი უფრო რაციონალურია და მიზანმიმართული, რადგან ვიცით, კონკრეტულ მომენტში რას ნიშნავს “ახალი გამოწვევები”; უფრო დინჯად ვფიქრობთ - კიდევ რა უნდა ვისწავლოთ, ანუ როგორი იქნება ჩვენი განვითარება და ახალ სამსახურსაც სწორედ ასე შევარჩევთ - სად ვისწავლით უფრო უკეთესად მაგალითად ექსელს ან ფინანსებს და არა სად იქნებიან კარგი მენეჯერები ან კარგი ხელფასი.
მოკლედ, როდის უნდა შეიცვალოთ სამსახური? მაშინ, როდესაც განვითარებას (სინონიმი - სწავლა) ნამდვილად გეგმავთ, არ გეშინიათ ცვლილებებით გამოწვეული სტრესის, არ გასვენებთ ამბიცია, ინტუიცია გკარნახობთ, რომ “კარგად ხართ” და ვიდრე “კომფორტულ მორევში” გადაეშვებით - უნდა მოძებნოთ “restart!” თუ სტრესს მძიმედ ეგუებით, ხელს გიშლით და გაფორიაქებთ ცვლილებები, ფიქრობთ “მშვიდ ცხოვრებასა “ და დაბალანსებულ დროზე სამუშაოზე, მაშინ ნუ აყვებით ტრენდულ რჩევებს და ნუ გამოხვალთ კომფორტის ზონიდან! აუმჯობესია დარჩეთ კომფორტულ მოცემულობაში, შეაფასეთ რა გიქმნით კომფორტს და კმაყოფილების განცდას და განავითარეთ სწორედ ის, რაც თქვენს კმაყოფილებას განაპირობებს.
კიდევ ერთი - ცვლილებები კარიერაში ყველს არ “უხდება”. ვისაც “უხდება”, მან კი საკუთარ გონებას უნდა მოუსმინოს.
ავტორი: მედეა ტაბატაძე