ზაფხული გავიდა. პანდემიის პირობებში ზოგიერთმა ჩვენგანმა შეძლო დასვენება, ზოგიერთმა კი ვერა.
ამერიკის შეერთებულ შტატებში, დასაქმებულებს მხოლოდ 10 დღიანი ანაზღაურებადი შვებულების გამოყენების უფლება აქვთ, დიდ ბრიტანეთში 28-დღე, ხოლო საფრანგეთში ანაზღაურებადი შვებულება 30 დღით განისაზღვრება. ამერიკის შეერთებული შტატები ერთადერთი განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყანაა, რომელიც დასაქმებულს ანაზღაურებად შვებულებას არ სთავაზობს. ეკონომიკისა და პოლიტიკის კვლევითი ცენტრის მონაცემების მიხედვით, ოთხიდან ერთი ამერიკელი საერთოდ ვერ ახერხებს შვებულების დღეების გამოყენებას ან შვებულების დროსაც დისტანციურად მუშაობა უწევს.
თუმცა, ამ პრობლემის წინაშე მხოლოდ აშშ არ დგას. Ipsps/Reuters-მა რამდენიმე ქვეყანის დასაქმებული ადამიანი გამოიკვლია და აღმოაჩინა, რომ შვებულების სრულად გამოყენებას დასაქმებული ადამიანების მხოლოდ 2/3 ახერხებს. ის ადამიანები, რომლებიც საკუთარ ბიზნესს მართავენ ან Freelance პროექტებზე მუშაობენ, კიდევ უფრო ნაკლებად იყენებენ შვებულების დღეებს, რომლის მიზეზიც, ხშირ შემთხვევაში, კლიენტების დაკარგვის შიშია.
ხშირად, დასაქმებულები ვერ ან არ იყენებენ შვებულების დღეებს, რადგან უჭირთ დიდი ხნით სამუშაოს მიტოვება. მიჩიგანის უნივერსიტეტის პროფესორი მონიკა ვოლრაინი ამბობს, რომ ეს ფენომენი თანამშრომლების მოტივაციასა და პროდუქტიულობაზე უარყოფითად აისახება. შვებულების გამოყენებისას, ზოგი ადამიანი შიშით ფიქრობს, თუ რა შეიძლება მოჰყვეს მის არყოფნას, რა სამუშოები გაფუჭდება, რა სამუშაოები ვერ შესრულდება და მოახერხებენ თუ არა, მენეჯერების ნდობის კვლავ შენარჩუნებას.
თანამშრომლების მსგავს დამოკიდებულებებს თავად მენეჯერების მიდგომებიც უწყობს ხელს. ბევრ დამსაქმებელს მოსწონს, როდესაც თანამშრომელი შვებულების დროსაც „მუშაობს“ და საკუთარი საქმის კონტროლი შეუძლია. კვლევები ადასტურებს, რომ მენეჯერები თანამშრომლებს ხშირად ე.წ. „მოქალაქეობრივი ქცევის“ მიხედვით აფასებენ - რაც საერთო საქმისათვის დამატებითი სამუშაოს შესრულებას გულისხმობს.
სამწუხაროდ, დამსაქმებლებისა და დასაქმებულების ლოგიკა ძალიან არასწორია. არც ერთი მხარე არ ითვალისწინებს იმ ფაქტს, რომ შვებულების გარეშე უარესდება როგორც ცალკეული თანამშრომლის, ასევე ორგანიზაციის შედეგები- შვებულების გარეშე ადამიანი განიცდის სტრესს, ეს კი მუშაობის პროცესში შეცდომის დაშვების ალბათობას ზრდის.
სამსახურისგან დასვენება ყველა ადამიას სჭირდება. კვლევები ადასტურებს, რომ შესვენება კიდევ უფრო აუცილებელია, თუ სამუშაო მაღალ ჩართულობასა და სწრაფად რეაგირებად პროცესებს მოითხოვს. როგორ უნდა მოიქცნენ ამ შემთხვევაში HR პროფესიონალები? Workline ამბობს, რომ მათ თანამშრომლებს მეტი ინფორმაცია უნდა მიაწოდონ შესვენების აუცილებლობასთან დაკავშირებით და შვებულების დღეების გამოყენება აუცილებელიც კი უნდა გახადონ.
Silicon Valley-ის ერთ-ერთი წარმატებული ანტრეპრენერი და PandaWhale-ის დამფუძნებელი, ადამ რაფკინი, თანამშრომლებს ურჩევს, რომ იმ შემთხვევაში თუ მათ შვებულების აღება არ შეუძლიათ, ყოველ დღე პატარ-პატარა შესვენებები მოიწყონ. Sonnentag-ის კვლევის მიხედვით, სამსახურის შემდეგ ჰობით დაკავება, ვარჯიში და სეირნობა ადამიანს თავს ენერგიულად და უფრო მოტივირებულად აგრძნობინებს. სამუშაოს ენერგიის მენეჯმენტის კვლევის შედეგებმა კი აჩვენა, რომ პატარ-პატარა შესვენებები ადამიანის პროდუქტიულობას აუმჯობესებს.
მკვლევარები შაბათ-კვირის დასვენების მნიშვნელობის შესახებაც გვესაუბრებიან. ბრიტანელი მკვლევარი პიტერ ტოტერდელი ამბობს, რომ დასვენების პირველი დღე ნაკლებად პროდუქტიულია, ვიდრე მეორე. შესაბამისად, სამუშაო დღეებში პოზიტიური განწყობისა და მოტივაციის შესანარჩუნებლად, აუცილებელია ადამიანმა ორივე დასვენების დღე სრულად გამოიყენოს.
მნიშვნელოვანია ისიც, თუ რას აკეთებს ადამიანი დასვენების დროს. როგორც მკვლევარები გვეუბნებიან, უმჯობესია თუ თანამშრომელი დასვენებას მხოლოდ ტელევიზორის ყურებაში არ გაატარებს და სხვადასხვა აქტივობებით დაკავდება. რა თქმა უნდა, ეს აქტივობები ადამიანის შინაგან სამყაროსთან თანხვედრაში უნდა იყოს: მაგალითად, თუ ადამიანი ინტროვერტია, შეუძლია დრო სახლში მარტო ყოფნასა და კითხვაში გაატაროს ,ხოლო თუ ექსტროვერტია - მას მეგობრებისა და ოჯახურ წრეში სოციალიზაცია სჭირდება.
ეს კვლევები ნათელს ხდის იმას, რომ დამსაქმებლება თანამშრომლებს დასვენების უფლება უნდა მისცენ და სავალდებულოც უნდა გახადონ. თანამშრომლებმაც უნდა გაითავისონ, რომ პროდუქტიულობისა და სამუშაოს ხარისხის გასაზრდელად, დასვენება აუცილებელია.
აშში, შვებულების გამოუყენებლობით გამოწვეული ზარალი წელიწადში 224 მილიარდ დოლარს აღწევს. თანამშრომელი რომელიც არ ისვენებს, ქრონიკული სტრესსა და გადაღლას განიცდის, რასაც საბოლოოდ ჯანმრთელობის პრობლემებამდე მივყავართ. ფაქტია, რომ კომპანიაში ბევრ პრობლემას სწორედ თანამშრომელთა გადაღლა და სტრესი იწვევს: უბედური შემთხვევები, სამსახურის გაცდენები, თანამშრომელთა დენადობა, ნაკლები პროდუქტიულობა, ჯანმრთელობისა და დაზღვევის ხარჯები. ასე, რომ ადამიანმა მოკლევადიანი ეფექტურობის აუცილებლად უნდა გამოიყენოს ყოველდღიური, პატარ-პატარა შესვენებები. თუმცა გრძელვადიანი ეფექტურობისთვის საჭიროა შვებულების გამოყენება.