თუ სამსახურს ეძებთ, პირველ რიგში გასაუბრებებისთვის უნდა იყოთ მზად. ქვემოთ მოცემული რჩევები დაგეხმარებათ გამოიმუშავოთ ის აუცილებელი უნარები, რაც დღევანდელ კონკურენტულ გარემოში გასაუბრების წარმატებით გავლის საწინდარია.
რჩევები გასაუბრებამდე მოსამზადებლად
1 - იცნობდეთ საკუთარ რეზიუმეს
გასაუბრებამდე აუცილებლად გადახედეთ თქვენს რეზიუმეს. თქვენ უნდა შეგეძლოთ დეტალურად ისაუბროთ რეზიუმეში მითითებულ ნებისმიერ პროექტზე, მიღწევასა თუ როლზე. მაგალითად თუ რეზიუმეში მითითებული გაქვთ, რომ თქვენ ხელმძღვანელობდით პროექტს რომელმაც ბიზნესის გაყიდვები 20%-ით გაზარდა, მზად უნდა იყოთ, რომ მოყვეთ იმ კონკრეტულ ქმედებებზე, რომლებმაც აღნიშნულ შედეგამდე მიგიყვანათ.
2. შეისწავლეთ დამსაქმებელი
აუცილებელია მოიძიოთ ინფორმაცია დამსაქმებლის შესახებ და გაეცნოთ კომპანიის მიზანს, ღირებულებებს, კულტურასა და ბოლოდროინდელ მიღწევებს. გაითვალისწინეთ, რომ ინფორმაციის მოძიების დროს დაეყრდნოთ სანდო წყაროებს, რადგან გასაუბრებისას შეგროვებული ინფორმაციის დემონსტრირება მოგიწევთ და შესაძლოა უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდეთ, თუკი ის არასწორი იქნება. მაგალითისთვის, AI მოდელები (როგორიც არის ChatGPT) სწრაფად მოგაწვდიან ინფორმაციას ნებისმიერ კომპანიაზე, თუმცა, ხშირად მათი ცოდნა განახლებული არ არის და მოძველებულია. ან ეხება იგივე დასახელების სხვა კომპანიას და ა.შ. აღნიშნულმა შესაძლოა შეცდომაში შეგიყვანოთ.
3 . მოამზადეთ ისტორიები თქვენი მიღწევების შესახებ
გამსაუბრებლები, როგორც წესი. ინტერესდებიან კანდიდატის წარსული მიღწევებით. შესაბამისად, თქვენ შეგიძლიათ წინასწარ მოემზადოთ თუ რას და როგორ მოყვებით კონკრეტულ პროექტთან თუ როლთან მიმართებით. ეცადეთ წინასწარ მოამზადოთ კონკრეტული, ხელშესახები მაგალითები, რითიც თქვენს წარსულ გამოცდილებას მეტად შთამბეჭდავს და დამაჯერებელს გახდით.
4. მოემზადეთ ინტერვიუსთვის AI-ს გამოყენებით
უკვე აღვნიშნეთ, რომ ინტერვიუსთვის მოსამზადებლად AI -ს გამოყენება საფრთხილოა, თუმცა სწორი მიდგომით, დადებითი შედეგების მომტანი შეიძლება იყოს. ChatGPT-ს მიაწოდეთ ინფორმაცია კომპანიის და პოზიციის შესახებ, უპასუხეთ მის მიერ შესაბამისად დაგენერირებულ შეკითხვებს და თხოვეთ უკუკავშირის დაბრუნება. ამგვარი წინასწარ „ინსცენირებული“ გასაუბრება დაგეხმარებათ უკეთ მოემზადოთ რეალური გასაუბრებისთვის. აღნიშნულისთვის გამოსადექი რესურსებია ასევე www.wizco.com/ava ან www.interviewfocus.com რომლებიც სპეციალურად ინტერვიუსთვის მოსამზადებლადაა შექმნილი.
5. მოემზადეთ ვიდეო გასაუბრებისთვის
ვიდეო გასაუბრების შემთხვევაში წინასწარ შეამოწმეთ ვიდეო კამერა, დარწმუნდით, რომ გამართულად მუშაობს და გამოსახულება ხარისხიანია.
6. დარწმუნდით, რომ იცით როდის და სად არის გასაუბრება
ერთი შეხედვით ელემენტარული საკითხია, თუმცა ხშირად წინასწარი ეიფორიის, აღელვების გამო, კანდიდატები აგვიანებენ გასაუბრებაზე. ბუნებრივია, არავის სურს გასაუბრებაზე დაგვიანებით ან ნაჩქარევად გამოცხადდეს, ამიტომ დარწმუნდით, რომ ზუსტი ინფორმაცია გაქვთ გასაუბრების ჩატარების დროის, ადგილის და სხვა მსგავსი ტექნიკური საკითხების შესახებ.
რჩევები გასაუბრების მიმდინარეობისთვის
7. ჩაიცვით შესაბამისად
ჩაიცვით კომპანიისთვის შესაფერისად. ძირითად შემთხვევებში ფორმალური ჩაცმა აუცილებელია. თუ კომპანია სადაც გასაუბრება გაქვთ დამწყებ „start-up
-ს წარმოადგენს, ნაკლები ფორმალურობა შესაძლოა მისაღები იყოს, თუმცა პატივი უნდა სცეთ კომპანიის კულტურას. უმჯობესია უარი თქვათ დახეულ ჯინსებსა და წარწერებიან მაისურებზე. აუცილებელია ჩაცმულობით აჩვენოთ, რომ გასაუბრებასა და კომპანიას სერიოზულად უყურებთ და პოზიციის შესაბამისი მოწიფულობა გაქვთ.
8. წაიღეთ რეზიუმე და სამოტივაციო წერილი
ნუ ივარაუდებთ, რომ გამსაუბრებელს აუცილებლად ექნება წვდომა თქვენს რეზიუმესა და სამოტივაციო წერილზე. იმ შემთხვევაშიც კი თუ დარწმუნებული ხართ, რომ გამსაუბრებლისთვის აღნიშნული დოკუმენტები ხელმისაწვდომი იქნება, მათი თან ქონა თქვენს მოწესრიგებულობასა და მომზადებულობას უსვამს ხაზს. დამატებით დადებით შთაბეჭდილებას მოახდენთ თუ აღმოჩნდება, რომ გამსაუბრებელს თქვენი რეზიუმე თან არ აქვს.
9. ყურადღება გაამახვილეთ არავერბალურ კომუნიკაციაზე
მნიშვნელოვანია გასაუბრებისას როგორ წარმოაჩენთ თავს საუბრით, თუმცა გასაუბრების წარმატებაში არანაკლები წვლილი შეაქვს არავერბალურ კომუნიკაციას, სხეულის ენას. სახის გამომეტყველება, მზერა და მანერები თავდაჯერებულობას, ყურადღებიანობასა და ინტერესს უნდა გამოხატავდეს.
10. გამოხატეთ პოზიციით დაინტერესება
გამსაუბრებლისთვის მნიშვნელოვანია დარწმუნდეს, რომ კანდიდატს ნამდვილად სურს განსახილველ პოზიციაზე დასაქმება. ეცადეთ მაქსიმალურად გამოავლინოთ ენთუზიაზმი კონკრეტულ პოზიციასთან მიმართებით, თუნდაც ზოგადი, განმარტებითი წინადადებებით.
11. დასვით ინფორმაციული შეკითხვები
კითხვები, რომელთაც დასვამთ გასაუბრების განმავლობაში ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც პასუხები გამსაუბრებლის შეკითხვებზე. დაინტერესდით პოზიციით, სამუშაო ვალდებულებებით, გუნდით, კომპანიის კულტურით და ინტერვიუს მომდევნო ნაბიჯებით. აქტიური კანდიდატები უფრო მეტ სიმპათიას იმსახურებენ პასიურ კანდიდატებთან შედარებით, რომლებიც არ იჩენენ დამატებით ინტერესს და მხოლოდ დასმულ შეკითხვებზე მშრალი პასუხებით შემოიფარგლებიან.
12. გასაუბრების ხანგრძლივობა
გასაუბრება კომპანის ოფისში ვიზიტის მომენტიდან იწყება. აღნიშნულის გამო არ უნდა დაიძაბოთ, თუმცა ეცადეთ ყოველი წამი, რომელსაც კომპანიაში გაატარებთ გამოიყენოთ პოტენციურ დამსაქმებელზე დადებითი შთაბეჭდილების მოსახდენად.
რჩევები გასაუბრების შემდეგ
13. გამოყავით დრო თვით-რეფლექციისთვის
გასაუბრების დასრულების შემდეგ საკუთარ თავს დაუბრუნეთ უკუკავშირი, რათა სამომავლო ინტერვიუებისთვის უკეთესად მოემზადოთ. ეცადეთ ზედმეტად არ გაკიცხოთ საკუთარი თავი შეცდომების გამო. გახსოვდეთ, რომ შეცდომები ყველას მოსდის და იგრძენით კმაყოფილება დადებითი ასპექტების გამო.
14. გააგზავნეთ სამადლობელი შეტყობინება
გასაუბრების შემდეგ სამადლობელი შეტყობინების გაგზავნა ეტიკეტის ნაწილია, რაც დადებითი რეზულტატის მომტანი შეიძლება იყოს და დამსაქმებელს თქვენს სასარგებლოდ მიაღებინოს გადაწყვეტილება. გარდა მადლობის ტექსტისა შეგიძლიათ დამატებითი ინფორმაცია მიაწოდოთ დამსაქმებელს, ხაზი გაუსვათ იმ გარემოებებს, რაც გასაუბრების განმვალობაში არასაკმარისად წარმოაჩინეთ და დააზუსტოთ პასუხები კონკრეტული შეკითხვების მითითებით.
15. დაინტერესდით შედეგებით
მისაღები ფორმაა კანდიდატი გარკვეული გონივრული დროის შემდეგ დაინტერესდეს გასაუბრების შედეგებით. გაგზავნეთ დამსაქმებელთან ფორმალური ტექსტის შემცველი შეტყობინება და იკითხეთ ვაკანსიასთან და საკუთარ კანდიდატურასთან დაკავშირებით სიახლეების არსებობის თაობაზე.
წყარო - 15 Expert Job Interview Tips To Get Hired Faster In 2024 (forbes.com)