სამსახურის გასაუბრებები ძირითადად, გაყიდვებია. ერთის მხრივ, კანდიდატი „ყიდის“ თავის უნარებს და ტალანტს, გამსაუბრებელი კი „ყიდის“ კომპანიას, როგორც საუკეთესო დამსაქმებელს.
დასაქმებულებისთვის გამოწვევად იქცა სიმართლის გარკვევა კომპანიის კულტურის შესახებ იქამდე, სანამ შემოთავაზებას დათანხმდებიან. როგორც წესი, გასაუბრებას აღვიქვამთ როგორც კანდიდატის შეფასების პროცესს, თუმცა გასაუბრება საუკეთესო შესაძლებლობაა კომპანიის შესაფასებლადაც. რეკრუტინგის პროცესზე ყურადღებით დაკვირვებით ბევრი საინტერესო დასკვნის გაკეთება შეიძლება მომავალ დამსაქმებელზე.
Forbes გვიზიარებს კომპანიის კულტურისთვის დამახასიათებელ 5 ტოქსიკურ ნიშანს, რომელთა აღმოჩენა გასაუბრების ეტაპზევე შეგიძლიათ:
1. თქვენი დროის უპატივცემულობა;
სამწუხაროდ, ხშირად, რეკრუტერები და მენეჯერები კანდიდატებს გასაუბრების დაწყებამდე დიდხანს ალოდინებენ, გასაუბრებას ერთსა და იმავე დროს უნიშნავენ რამდენიმე კანდიდატს ან ცვლიან გასაუბრების დროს დამატებითი ახსნა-განმარტების გარეშე.
ასეთ შემთხვევაში, მოინიშნეთ, რომ ეს კომპანია პატივს არ სცემს თქვენს დროს. მართალია, გაუთვალისწინებელი შემთხვევა შეიძლება ყველას დაემართოს, თუმცა, მნიშვნელოვანია რომ დროის ნებისმიერი ცვლილების ან დაგვიანების შემთხვევაში, მოგიბოდიშონ.
2. შერჩევის ეტაპზე უფასო კონსულტაციის მოთხოვნა;
თუ კომპანია თქვენი შესაბამისობის დასადგენად დაუსრულებელ ინტერვიუებს ატარებს, ეს ნიშნავს, რომ მათ არ აქვთ გამართული გადაწყვეტილების მიღების პროცესი. ამაზე შემაშფოთებელი იმგვარი ინტერვიუებია, როდესაც კომპანიები ტალანტების შერჩევის პროცესს იყენებენ უფასო კონსულტაციების მისაღებად.
გასაუბრებისას მისაღებია დაგისვან შეკითხვა თუ როგორ გაუმკლავდებოდით კონკრეტულ გამოწვევას, თუმცა, თუ შერჩევის ეტაპზე გავალებენ შესთავაზოთ მათი ლოჯისტიკური პრობლემების გაუმჯობესების გეგმა ან გიგზავნიან დიდი მოცულობის და მნიშვნელოვან დავალებას „თქვენი შესაბამისობის უკეთ დასადგენად“ - უკანმოუხედავად გაიქეცით.
3. გამჭვირვალობის ნაკლებობა, განსაკუთრებით ანაზღაურების შესახებ ინფორმაციის დამალვა;
კომპანიებს ძალიან უყვართ გამჭვირვალობაზე საუბარი. ბევრ მათგანს გამჭვირვალობა კომპანიის მთავარ ღირებულებად აქვთ განსაზღვრული იქამდე, სანამ რაიმე ისეთ შეკითხვას დაუსვამთ, რომლის შესახებ ინფორმაციის თქვენთან გამჟღავნება არ სურთ. ყველაზე ნათელი მაგალითი ანაზღაურების საკითხია. დააკვირდით რა რეაქცია მოყვება გამსაუბრებლის მხრიდან ანაზღაურებაზე დასმულ თქვენს შეკითხვას, ცდიან თავი აარიდონ თუ გაგიზიარებენ მათ ბიუჯეტს, ნათლად განგიმარტავენ ბენეფიტებს, თუ თქვენს კითხვას პასუხის გაცემის გარეშე დააიგნორებენ.
მოინიშნეთ დამსაქმებელი, რომელიც ანაზღაურების და დაწინაურების შესაძლებლობის შესახებ შეკითხვების დასმისას თავს არაკომფორტულად გრძნობს.
გახსოვდეთ, შრომითი ურთიერთობა ორმხრივია. თქვენ კომპანიას თქვენს უნარებს ანაზღაურების სანაცვლოდ სთავაზობთ, შესაბამისად, გაუგებარია გასაუბრების მთელი პროცესი რატომ უნდა ტრიალებდეს მხოლოდ კანდიდატის უნარების გამოცდაზე და არა იმაზე, თუ რას სთავაზობს კომპანია სანაცვლოდ დასაქმებულს.
4. უენერგიო საუბარი და ქცევა;
კომპანიაში არსებული კულტურის კარგი ინდიკატორი თავად რეკრუტერის ან მენეჯერის ქცევაა. დააკვირდით როგორ საუბრობენ ისინი კომპანიის შესახებ. თუ გამსაუბრებელი სასიამოვნოდ გესაუბრებათ, თუმცა ენთუზიაზმით არ საუბრობს კომპანიის მიზნებზე, პრიორიტეტებზე და ინიციატივებზე, დაფიქრდით, ამგვარი ენთუზიაზმი დამაკმაყოფილებელი იქნება თუ არა თქვენთვის იმავე სამსახურში. ცხადია, ერთი ადამიანის განწყობები ზუსტ სურათს ვერ შეგიქმნით, თუმცა შეიძლება ზოგადი წარმოდგენა შეგიქმნათ კომპანიაზე.
5. დისკომფორტი მრავალფეროვნებაზე, თანასწორობასა და ინკლუზიაზე (DEI) საუბრისას;
2023 წელს ყველა კომპანია მზად უნდა იყოს აქტიურად განიხილოს სამუშაო ადგილას მრავალფეროვნება, თანასწორობა და ინკლუზიურობა. კომპანიამ უნდა განსაზღვროს რას ნიშნავს მისთვის ეს ცნებები, როგორ აისახება ისინი კომპანიის პრიორიტეტებში და ინიციატივებში. თუ თქვენი შეკითხვები ამ პრინციპების შესახებ უხერხულობას ან ბუნდოვან პასუხებს იწვევს, ეს საფრთხის ნიშნად შეგიძლიათ აღიქვათ.
ზემოთ ჩამოთვლილი ნიშნები მეტ ნაკლებად დაგეხმარებათ გასაუბრების ეტაპზე კომპანიის ტოქსიკურობის ამოცნობაში. გახსოვდეთ, რომ ინტერვიუერი ცდილობს კომპანია მხოლოდ საუკეთესო მხრიდან დაგანახოთ. ასეთ დროს მნიშვნელოვანია თავად დააკვირდეთ მათ ყველა ქმედებას და არსებობის შემთხვევაში, ამოიცნოთ ტოქსიკური კულტურის ნიშნები.
წყარო - Watch For These 5 Toxic Culture Red Flags During The Interview Process (forbes.com)