თუ თქვენ მიიღეთ სხვა კომპანიიდან სამსახურზე შეთავაზება, გილოცავთ!
მაგრამ, ვიდრე მილოცვებს მიიღებთ, შესაძლოა თქვენმა მენეჯერმა იბრძოლოს თქვენს დატოვებაზე, მსგავსი ან უკეთესი შეთავაზება შემოგთავაზოთ და საფიქრალი გაგიჩინოთ- რა ჯობია, დათანხმდეთ არსებული კომპანიის შეთავაზებას თუ სხვა სამსახურში გადასვლა უკეთესია?
ახალ სამსახურზე შეთავაზებას თუ „ჯობ ოფერს“ ვეძახით მიმდინარე დამქირავებლის მხრიდან შეთავაზებას ქაუნთეროფერი (counteroffer) ანუ საპირისპირო შეთავაზება ჰქვია, რომლის მიზანია კომპანიამ შეძლოს და დაიტოვოს მნიშნველოვანი თანამშრომელი. მიუხედავად იმისა, რომ „ქაუნთეროფერი“ მაღალი ან საშუალო რგოლის მენეჯერების შესანარჩუნებლად არსებული პრაქტიკაა, დღეს თითქმის ნებისმიერი თანამშრომელი მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, „ქაუნთეროფერი“ საკმაოდ გახშირდა და კომპანიები ახერხებენ კიდეც შეინარჩუნონ თანამშრომლები.
მცირე სტატისტიკასაც გაგიზირებთ, თანამშრომლების 50% თანხმდება ‘ქაუნთეროფერს“, თუმცა მათი 80% კომპანიას მაინც ტოვებს მომდევნო 12 თვის განმავლობაში.
მართალი ბრაძნდებით, თუ გაგიჩნდებათ კითხვა, რატომ შემოგთავაზათ მენეჯერმა უკეთესი პირობები ან სხვა საქმე მაშინ, როდესაც თქვენ სხვა კომპანიიდან შეთავაზება მიიღეთ? პასუხი არც თუ ისე მარტივია, მაგრამ მაინც მარტივი ფორმულირება მოეძებნება- ვინაიდან ნებისმიერ პროფესიაში ტალანტების დეფიციტია, „ოფერი“ და „ქაუნთეროფერი“ ტალანტების მოზიდვისა და შენარჩუნების უკვე ჩვეულებრივი მეთოდია და შესაძლოა, სულაც არ არის თქვენი მიმდინარე დამსაქმებლის „უმადურობის“ ამბავი, რომ აქამდე “ქაუთეროფერის” მსგავსი პირობები არ შემოგთავაზათ.
ვინაიდან გარემო ძალიან დინამიურია, ნებისმიერ კომპანიას სჭირდება პროფესიონალი და თანაც ძალინ მალე! ხომ გახსოვთ „გუშინ გვინდოდა“? ხოდა, რაკი თქვენი კომპანიის პირდაპირ ან არაპირდაპირ კონკურენტს „გუშინ უნდოდა“ პროფესიონალი და არა სპეციალისტი, ის სასურველი თანამშორმლის მოსაძიებლად კონკურენტულ გარემოს შექმნის, შემოგთავაზებთ სხვა საქმეს, როლს და ანაზღაურებას, ან იგივე საქმეს და როლს, მაგრამ განსხვავებული ანაზღაურებით.
სწორია თუ არა თქვენი მიმდინარე მენეჯერის ქცევა თუ ის თქვენს დატოვებას შეეცდება და ქაუნთეროფერს შემოგთავაზებთ? სწორია, რადგან , ვიდრე სხვა კომპანიები თქვენსა და თქვენს მენეჯერს შორის არსებულ „გარიგებას“ დაარღვევს, ორივე მხარისთვის მისაღებია ის საქმე და პირობები, რომელზეც თქვენ მუშაობთ. ასე რომ, როდესაც შეთავაზებაზე საპირისიპირო შეთავაზებას მიიღებთ, ეს სასიხარულოა- თქვენ თქვენი კომპანიისა და მენეჯერისთვის მნიშნველოვანი თანამშრომელი ბრძანდებით!
ძალიან ხშირად, ადამიანები შეთავაზებას თანხმდებიან და არ აძლევენ მენეჯერს “ქაუნთეროფერის” მომზადების საშუალებას. ამბობენ, რომ ეს დღეს უკვე არასწორია. თუ თქვენ მოგწონთ გუნდი, საქმე, კომპანია გარემო, მაგრამ ისურვებდით ცვლილებებს, მაშინ ვიდრე სხვა კომპანიის შეთავაზებას დათანხმდებით, აუცილებლად მიეცით მენეჯერს საშუალება, მისგანაც მიიღოთ შეთავაზება. ამ ნაბიჯის გადადგმა აუცილებელია მაშინ, თუ თქვენ ნადვილად მერყეობთ, დატოვოთ მიმდინარე სამსახური.
ქაუნთეროფერის მოსამენად კი მარტივი წესები არსებობს:
ა) კარგად გაიაზრეთ, რა მოგეწონათ, რამ დაგაინტერესათ სხვა კომპანიის შეთავაზებაში: საქმე, როლი, უნარები და რა თქმა უნდა ანაზღაურება
ბ) შეფასეთ, აქვს თუ არა თქვენს ორგანიზაციას და მენეჯერს მსგავსი საქმის, როლის ან ანაზღაურების შემოთავაზება. თუ კი, მაშინ უნდა მოამზადოთ თქვენი მესიჯი შემდეგი სტრუქტურით:
- მკაფიოდ დაასახელოთ ის სამუშაოები, რასაც გთავაზობთ სხვა კომპანია და რის შესრულების მოტივაცია და სურვილი გაქვთ
- დაასახელოთ თქვენი ის უნარები და ცოდნა, რაც დაგეხმარებათ შემოთავაზებული სამუშაოების შესრულებაში
- გააჟღეროთ ის გამოწვევები, რაც შეიძლება ახალ საქმეს მოყვეს ახალ ორგანიზაციაში
- დაასახელოთ შემოთავაზებული ანაზღაურება
და დასასრულს,
- აღნიშნოთ, რომ შემოთავაზებული საქმე, როლი და ანაზღაურება საინტერესოა და სწორედ ამიტომ ფიქრობთ შეთავაზების განხილვას.
რა თქმა უნდა მენეჯერი დასვამს კითხვებს, შესაძლოა გკითხოთ კიდეც, რა არ მოგწონთ ან რა გიქმნით დისკომფორტს მიმდინარე საქმეზე და ეს აუცილებლად უნდა გაუზიაროთ, მენეჯერმა უნდა კარგად გაიაზროს შეძლებს თუ არა ქაუნთეროფერით ამ თქვენს მიერ დასახელებული დისკომფორტების მოგვარებასაც. ძალიან ხშირად, ქაუნთეროფერის მოსამზადებლად მენეჯერი დროს ითხოვს და ესეც ჩვეულებრივი ამბავია, მან ხომ მოისმინა თქვენი ახალი სურვილებისა და დისკომფორტების შესახებ? ამიტომ, მან კარგად უნდა გაიაზროს და შეაფასოს, შეძლებს თუ არა თქვენი ინტერესების დაკმაყოფილებასა და ხელახალ მოტივაციას.
ქაუნთეროფერის დათანხმება კი სულაც არ არის „სუსტი ნებისყოფის“ ან ‘მერყეობის“ ბრალი! როდესაც მუშაობთ, თქვენ გყავთ „სამსახურის მეგობრები“, რომლებიც ძალიან ძვირფასია და მნიშვნელოვანია თქვენთვის, თქვენ უკვე შექმნილი გაქვთ ნდობა, რომ შეგიძლიათ შედეგების შექმნა და გუნდის კარგი წევრი ხართ, გაქვთ „დაცულობის“ განცდაც, რომ გიცნობენ. ახალ კომპანიაში კი ამ ყველაფერს მართლაც რომ ნულიდან შექმნა სჭირდება. ასე რომ, ქაუნთეროფერის დათანხმება, შესაძლოა, სწორი გადაწყვეტილებაც აღმოჩნდეს, რადგან თქვენ შეეცადეთ და სწორად შეაფასეთ ის რისკები, რაც ახალ დამსაქმებელთან შეიძლება გაჩნდეს.
და ბოლოს, როდესაც სხვა კომპანიიდან შეთავაზებას მიიღებთ, კარგად დააკვირდით და გაანალიზეთ- რა საქმეს გთავაზობთ ახალი დამსაქმებელი და შესაბამისია თუ არა ამ საქმის შესასრულებლად შემოთავაზებული ანზღაურებაც? როგორც წესი, მეტ ანაზღაურებას მეტი პასუხისმგებლობა და ვალდებულებები მოსდევს. თუ ამისთვის მზად ხართ, მაშინ ესეც უნდა კარგად შეაფასოთ და შემდეგ გაუზიროთ მენეჯერს, ფიქრობთ წასვლას თუ უკვე გადაწყვეტილი გაქვთ, შეუერთდეთ სხვა გუნდს.
წარმატებებს გისურვებთ გადაწყვეტილების მიღებაში და „ქაუნთეროფერის“ განხილვა კი სულაც არ არის შეცდომა!
პ.ს. ჩვენს მკითხველს ბოდიშს ვუხდით ინგლისური ტერმინებისთვის, თუმცა გააზრებულად დავწერეთ, რადგან შეთავაზებას სწორედაც რომ "ოფერით" მოიხსენიებენ დღევანდელ ბიზნეს სამყაროში