Forbes-ის სტატიაში მითითებული კვლევის თანახმად, 2025 წლისთვის ხელოვნური ინტელექტი მსოფლიოსი სამუშაო ადგილების 52%-ს ჩაანაცვლებს. მიუხედავად ამისა, შეუძლებელია ხელოვნურმა ინტელექტმა ადამიანი ყველა სამსახურში სრულად ჩაანაცვლოს, განსაკუთრებით იმგვარ ინდუსტრიებში, სადაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ადამიანების პირისპირ ურთიერთობას.
Forbes გვიზიარებს 5 რბილ უნარს, რომელიც ტექნოლოგიურ სამყაროში დაგეხმარებათ შეუცვლელი გახდეთ დამსაქმებლისთვის:
1. კრიტიკული აზროვნება;
მიუხედავად იმისა, რომ ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები ყოველდღიურად იხვეწება, ადამიანის გონების შესაძლებელობები ამოუწურავია. ინფორმირებული გადაწყვეტილების მისაღებად და კრიტიკული აზროვნების განსავითარებლად მნიშვნელოვანია ემოციური ინტელექტი, კრეატიულობა, ეთიკური გადაწყვეტილებების მიღების უნარი. ერთ-ერთი კვლევის თანახმად, კომპანიების 81% დასაქმებულებში განსაკუთრებით აფასებს კრიტიკულად აზროვნების უნარს.
კრიტიკულად აზროვნების უნარის განვითარება დასაქმებულს აძლევს შესაძლებლობას თავისუფლად გაიკვლიოს გზა რთულ სიტუაციებში და ყოველდღიურ სამუშაო პროცესში მოიფიქროს პრობლემების ინოვაციურად გადაჭრის გზები.
ხელოვნური ინტელექტი საუკეთესო გადაწყვეტას მოგიფიქრებთ თუ მას მიაწვდით წინასწარ განსაზღვრულ პარამეტრებს, კრიტიკული აზროვნების უნარის მქონე დასაქმებულს კი შეუძლია მოქნილად შეცვალოს მისი მიდგომა სხვადასხვა ცვალებადი გარემოს და ეთიკური კონტექსტის გათვალისწინებით.
ამგვარი დასაქმებულები გადაწყვეტილებას იღებენ სუბიექტური ანალიზით, ინტუიციით და პირადი გამოცდილებებით. ხელოვნური ინტელექტით ნაკლებად ჩანაცვლდებიან დასაქმებულები, რომელთა პოზიციაც გულისხმობს მუდმივად გადაწყვეტილებების მიღებას.
2. სტრატეგიული დაგეგმვა;
ყველა სამსახური მოიცავს დაგეგმვის პროცესებს - მიზნების დასახვა, სტრატეგიის შერჩევა, რესურსების მოძიება, პროექტის განხორციელება და მონიტორინგი, შეფასება. ეს ეტაპები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბიზნეს ანალიტიკოსებისთვის და პროექტების მენეჯერებისთვის, თუმცა პოზიციები რომელიც გულისხმობს სტრატეგიულ დაგეგმარებას განსხვავდება ინდუსტრიების და კომპანიის სტრუქტურის შესაბამისად.
სტრატეგიული დაგეგმვისთვის საჭიროა კრეატიული აზროვნება, ინოვაციური მიდგომები, ცვალებად გარემოსთან შესაბამისობა, ახალი შესაძლებლობების აღმოჩენა და გამოყენება. ხელოვნურ ინტელექტს შეიძლება გაუჭირდეს მოულოდნელ ცვლილებებთა ადაპტირება, რაც უპირატეს მდგომარეობაში აყენებს დასაქმებულს. დასაქმებულები, რომლებიც განსაზღვრავენ სტრატეგიულ გეგმებს შეუცვლელნი იქნებიან კომპანიისთვის.
3. დავალებების დელეგირება;
ზოგიერთი დავალების შესასრულებლად ერთი ადამიანი საკმარისია, თუმცა ზოგიერთი დავალება ბევრი ადამიანის ჩართულობას მოითხოვს. დავალებების მენეჯმენტის ავტომატიზირება რთულია, მათი განაწილებისთვის აუცილებელია მენეჯერი, რომელსაც შეუძლია შეაფასოს გუნდის თითოეული წევრის შესაძლებლობები და მათი დატვირთულობა. დავალებების დელეგირება მოიცავს კონკრეტული ინსტრუქციების მიცემას და მხარდაჭერას.
4. კომუნიკაცია;
კომუნიკაციის უნარი ხშირად უბრალოდ საუბრის უნარში ერევათ. ეფექტური კომუნიკაცია გულისხმობს სხვადასხვა იდეების გაზიარებას, ურთიერთობების ჩამოყალიბებას, სხვების დარწმუნების უნარს.
კომუნიკაციის უნარები აძლიერებს თქვენს გავლენას სამსახურში, გეხმარებათ გუნდის წევრებთან ერთად მიაღწიოთ სასურველ მიზნებს, წამოიწყოთ პოზიტიური ცვლილებები კომპანიაში.
დღეს, პროფესიული მეილის დასაწერად ხშირად ხელოვნურ ინტელექტს იყენებენ, თუმცა ადამიანური მიდგომა შეუცვლელია როდესაც საქმე ეხება სენსიტიურ სფეროებს. მაგალითად, მომხმარებლების მხარდაჭერას და ნებისმიერი ტიპის პირისპირ კომუნიკაციას.
კომუნიკაციის უნარის განვითარებაში ინვესტირება დაგეხმარებათ გახდეთ უფრო პროდუქტიული და შეუცვლელი ლიდერი კომპანიისთვის და გუნდისთვის.
5. მოლაპარაკება;
მიუხედავად ონლაინ პლატფორმების სიმრავლისა, მოლაპარაკების წარმოებისას შეუცვლელია პირისპირ შეხვედრა. მოლაპარაკების ტექნიკების სწავლა დაგეხმარებათ გახდეთ გარმოჩეული დასაქმებული, განსაკუთრებით თუ თქვენი საქმე შესყიდვებს ეხება.
ხელოვნური ინტელექტი ვერ ჩაანაცვლებს დასაქმებულებს, რომელთა პოზიცია გულისხმობს მოლაპარაკებების წარმოებას, რამდენადაც შეუძლებელია ჩაანაცვლოს ადამიანისთვის დამახასიათებელი ემოციური ინტელექტი, კრეატიულობა და გადაწყვეტილების მიღების უნარი. მოლაპარაკების უნარები შეუცვლელი რჩება ბიზნეს ინდუსტრიაში. მოლაპარაკება მთავარი უნარია მენეჯმენტის პოზიციისთვის, როდესაც დასაქმებულმა უნდა აკონტროლოს დედლაინები, ბიუჯეტი და მართოს კონფლიქტები.
წყარო - https://www.forbes.com/sites/shodewan/2024/03/25/5-skills-to-make-you-irreplaceable-in-the-workplace/?sh=2a3918bf55a0