Gen Z თაობის დიდი ნაწილი თვლის, რომ წარმატებული კარიერისთვის აუცილებელი არ არის უნივერსიტეტის დიპლომი და სტანდარტულად დილის ცხრიდან საღამოს ექვს საათამდე მუშაობა.
ფრილანსერების პლატფორმა Fiverr-მა კვლევის ფარგლებში გამოკითხა 7’000-ზე მეტი Gen Z თაობის დასაქმებული. გამოკითხულთა 40% თვლის, რომ წარმატებისთვის არ არის საჭირო უნივერსიტეტის დიპლომი. კვლევის მონაწილეთა 70%-მა მიუთითა, რომ ფრილანსერობა ისეთივე ჩვეულებრივი სამსახურია, როგორც სტანდარტული ცხრიდან ექვს საათამდე ოფისის სამსახური. აღსანიშნავია, რომ კვლევის ამგვარ შედეგებს ისიც განაპირობებდა, რომ მისი ინიციატორი ორგანიზაცია თავად წარმოადგენს ფრილანსერების ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ პლატფორმას.
Fiverr-ის განმარტებით, კვლევის შედეგების ანალიზით გამოიკვეთა, რომ Gen Z-თვის სამსახურში ტოპ 3 პრიორიტეტია - მოქნილობა, ინტერესებთან და გამოწვევებთან შესაბამისობა და ფინანსური უზრუნველყოფა. Gen Z განსაკუთრებით თავისუფლებას გრძნობს ფრილანსერობისას, რადგან შეუძლიათ მიყვნენ საკუთარ გამოწვევებს, გაიუმჯობესონ უნარები და მეტი კონტროლი ჰქონდეთ კარიერის განვითარებასა და ანაზღაურებაზე.
ამ ტრენდების გათვალისწინებით, ბევრი კომპანია იწყებს ტალანტების მოძიებას და შერჩევას მათი რბილი უნარების საფუძველზე. 2023 წელს შრომით ბაზარზე კომპანიები უფრო მეტ ყურადღებას მიაქცევენ კანდიდატების უნარებს და არა დიპლომს და აკადემიურ მოთხოვნებს. კრიტიკულ პოზიციებზე რეკრუტერები გადაწყვეტილების მიღებისას შეაფასებენ კანდიდატის უნარს, როგორ გაართმევს თავს კონკრეტულ პოზიციას და არა მათ წინა გამოცდილებებს და დამსახურებებს.
დიდმა კომპანიებმა, როგორებიც არის Google, IBM და Apple რამდენიმე წელია უარი თქვეს დიპლომის სავალდებულო მოთხოვნაზე. 2022 წლის ნოემბერში, ამერიკაში დაფუძნებული კომპანიების მხოლოდ 41% ითხოვდა ბაკალავრის დიპლომს, 2019 წელთან შედარებით ეს 5%-იანი ვარდნაა.
აღნიშნული ტრენდი არ არის პანდემიით გამოწვეული. 2016 წელს კომპანია IBM-მა ახალი ტერმინი შეიმუშავა „New collar jobs” ახალი ტიპის სამსახურებისთვის, რომლებიც შესაბამისი განათლების დამადასტურებელი დიპლომის ნაცვლად ითხოვენ სპეციფიურ უნარებს, რომლების სწავლაც კანდიდატს სამსახურშიც შეუძლია. 2011 წლიდან 2021 წლებს შორის, IBM-მა დიპლომის საჭიროების მქონე ვაკანსიები 95%-დან 50%-მდე შეამცირა. მათი მონაცემებით დიპლომის არმქონე დასაქმებულები ისეთივე ეფექტურობით მუშაობდნენ, როგორც PHD-ის მქონე თანამშრომლები.
ექსპერტთა შეფასებით, რბილი უნარები ახალი დიპლომებია. ამ ცვლილებებამდე, დამქირავებელ მენეჯერებს კანდიდატების შესაფასებლად არ ჰქონდათ სხვა გზა გარდა იმისა, რომ გამოეკვლიათ და შეეფასებინათ მათი სამუშაო ისტორია. დღეს შრომითი ბაზარი ძალიან სწრაფად ვითარდება და დამსაქმებლებიც, ისევე როგორც დასაქმებულები უნდა მოერგონ თანამედროვე გამოწვევებს და ტრენდებს.
წყარო - Many Gen Zers don’t believe they need a college degree for a job | Fortune