დღეს, Covid -19-მა ბევრი ბიზნესი და დამსაქმებელი უპრეცენდენტო გამოწვევების წინაშე დააყენა. კომპანია Gravity Payments -თვის კორონავირუსის მიერ გამოწვეული კრიზისი დამანგრეველი აღმოჩნდა. კომპანიის შემოსავალი თითქმის განახევრდა. Gravity-ის CEO, დენ ფრაისი, სულ ცოტა ხნის წინ, სერიოზული გამოწვევის წინაშე იდგა: თუ იგი კომპანიის თანამშრომლების 20%-ს არ შეამცირებდა, კომპანია მალე გაკოტრდებოდა.
ფრაისს არ სურდა არჩევანი მხოლოდ ამ ორ ვარიანტს შორის გაეკეთებინა. ამიტომ, მან ალტერნეტიული გზა მოძებნა, რომელიც დღევანდელი ბიზნეს გარემოსთვის უჩვეულოდ გამოიყურება - მან კომპანიის პრობლემის გადაჭრის გზების საპოვნელად თანამშრომლებს მიმართა.
Gravity Payments-ის სათაო ოფისი სიეტლში მდებარეობს. კომპანია აშშ-ს მასშტაბით მცირე ბიზნესს გადახდის სერვისებით უზრუნველყოფს. კორონავირუსის კრიზისის პერიოდი ყველაზე რთული, სწორედ მცირე ბიზნესისთვის აღმოჩნდა და შესაბამისად, ეს Gravity Payments-ის შემოსავალზეც უარყოფითად აისახა.
Gravity Payments-ის ყველა სავაჭრო ობიექტში შემოსავალი 55%-ით შემცირდა. კომპანიას შემოსავლების მსგავსი შემცირება არც 9/11-ის და არც დიდი რეცესიის დროს არ ჰქონია.
Gravity Paymants-ს რამდენიმე კვირის წინ, ოთხიდან ექვსი თვის ფარგლებში გაკოტრება ემუქრებოდა.
19 მარტს, ფრაისმა კომპანიის ყველა თანამშრომელთან საერთო შეხვედრა გამართა. კომპანიის CEO-მ დასაქმებულებს კომპანიის ფინანსურ გამოწვევებსა და არსებული მდგომარეობის შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია მიაწოდა.
ამასთან, ფრაისი და კომპანიის COO, ტამი კროლი, 40 საათის განმავლობაში თანამშრომლების მცირე ჯგუფებს ხვდებოდნენ. ისინი გუნდის წევრებს პირადად აცნობდნენ ინფორმაციას კრიზისით შექმნილ მდგომარეობაზე და მათ პრობლემის გადაჭრის გზებზე საკუთარი მოსაზრების დაფიქსირებას სთხოვდნენ.
შეხვედრებმა შედეგი გამოიღო და რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი გამოავლინა. აღმოჩნდა, რომ კომპანიის ყველა დასაქმებულს ჰქონდა სურვილი, ნებაყოფლობით შეემცირებინა საკუთარი ხელფასი. ამ მიდგომით, კომპანია შეძლებდა შეენარჩუნებინა არსებული თანამშრომლები და გაეხანგრძლივებინა არსებობის პერიოდი. თუმცა, ყველა თანამშრომელი განსხვავებული ოდენობის თანხის შემცირებაზე იყო თანახმა, რაც განსხვავებული პირადი პასუხისმგებლობებით იყო განპირობებული: ზოგი იპოთეკურ სესხს იხდიდა, ზოგს ოჯახი ჰყავდა, ზოგსაც დანაზოგი ჰქონდა, რის გამოც ხელფასის უფრო დიდი წილის დათმობაზე იყო თანახმა.
მრავალსაათიანი კონსულტანციების შემდეგ, Gravity Payments-ის საერთო გუნდმა ახალი და არატრადიციული სტრატეგია შეიმუშავა: ყველა თანამშრომელს დაურიგდა პირადი ფორმა, სადაც ისინი წერდნენ თანხის იმ ოდენობას, რომლის ხელფასიდან დათმობისთვისაც მზად იყვნენ.
ასე მოიქცა კომპანიის უკლებლივ ყველა თანამშრომელი. მაღალანაზღაურებადმა თანამშრომლებმა საკუთარი ხელფასიდან მეტი წილი გაიღეს, ხოლო დაბალანაზღაურებადებმა- ნაკლები.
ეს სტრატეგია, არსებული გარემოებებიდან გამომდინარე, საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა: კომპანიამ თანამშრომლების შემცირება მინიმუმ 1 წლით გადაავადა.
ფრაისის კრიზისულ მდგომარეობასთან გამკლავების ახალი მეთოდი ემოციური ინტელექტის ბრწყინვალე მაგალითია.
ფრაისის მიდგომა სხვა კომპანიებისთვის მაგალითიც შეიძლება გახდეს და მათ არსებული კრიზისის დაძლევაში დაეხმაროს. Gravity Payments-ის მაგალითით სამი რამის სწავლაა შესაძლებელი:
გულწრფელობა
ფრაისმა კომპანიის თანამშრომლებს კომპანიაში არსებული კრიზისული მდგომარეობის შესახებ ინფრომაცია გულწრფელად და სრულყოფილად მიაწოდა. შედეგად, დასაქმებულებმა უკეთესად აღიქვეს სრული სურათი და დახმარების სურვილი ნებაყოფლობით გამოთქვეს.
დღევანდელ გარემოში, როდესაც კომპანიების უმეტესობა სერიოზული კრიზისის წინაშე დგას, თანამშორმლებთან გულწრფელი მიდგომა საუკეთესო გამოსავალია. ასეთი დამოკიდებულებით ადამიანები იზიარებენ კომპანიის მდგომარეობას და ემპათიაც თავისთავად უჩნდებათ.
მოსმენა
ფრაისისა და კროლის მიერ თანამშრომელთა ჯგუფებთან ჩატარებული 40 საათიანი შეხვედრები შედეგიანი აღმოჩნდა. თანამშრომელთა მოსაზრების მოსმენის შემდეგ, კომპანიამ შეძლო, მიეღო ის გადაწყვეტილება, რომელიც თითოეული დასაქმებულის ინტერესსა და მდგომარეობას ითვალისწინებდა.
კრიზისის პერიოდში თანამშრომლების მოსმენა კიდევ ერთი სწორი ნაბიჯია, კომპანიის მენეჯმეტს აქვს საშუალება გაიგოს თანამშრომელთა ხედვა და სურვილები და შედეგად, მოძებნოს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ყველასთვის ნაკლებ მტკივნეული და შესაბამისად, ეფექტიანიც იქნება.
ერთად, პრობლემების წინააღმდეგ
კრიზისის დროს მტკივნეული გადაწყვეტილებების მიღებას, დასაქმებულების მხრიდან ხშირად ბუნებრივი წინააღმდეგობები ან ნეგატიური შეფასებები მოჰყვება ხოლმე. ფრაისმა თანამშრომლებისთვის მოსაზრების კითხვით, ეს პრობლემა თავიდან აიცილა.
Gravity Payments-ის მაგალითზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ რთულ სიტუაციაში გადაწყვეტილების მიღებისას, თანამშრომლების ჩართულობა პრობლემის უმტკივნეულოდ მოგვარების ეფექტური გზაა. ასე თანამშრომლები არა კომპანიის ინტერესების მსხვერპლად, არამედ კომპანიის პარტნიორებად აღიქვამენ თავს. შედეგად, კომპანიის გადარჩენისთვის იბრძვის როგორც მაღალი, ისე დაბალი რგოლი.
Gravity Payments-ის ახალი, არასტანდარტული მიდგომა სამუშაო გარემოში ნდობის გამომუშავების და კრიზისულ პერიოდში პრობლემების გადაჭრის ერთ-ერთი საუკეთესო გზაა. ეს ემოციური ინტელექტის კარგი მაგალითია - აიძულო ემოციებს იმუშაონ შენთვის და არა შენს წინააღმდეგ.