ყველას გვიწევს ტოქსიკურ ადამიანებთან გამკლავება, იქნება ეს სამსახურში, ოჯახში თუ პირად ცხოვრებაში. ტოქსიკური ადამიანები განუწყვეტლივ მოითხოვენ ენერგიას, დროს და მოთმინებას. ხშირად რთულია მათი მანიპულაციებისგან თავის დაღწევა და გათავისუფლება. მათ თხოვნებზე უარის თქმა ყველას სურვილია, თუმცა ასეთ შემთხვევაში ისინი განაგრძობენ თქვენზე ზეწოლას და უფრო მეტად დაგადანაშაულებენ, რომ მოლოდინებს ვერ ამართლებთ.
Psychology Today და ოჯახის თერაპევტი ჯეისონ ვაითინგი გვიზიარებს პრაქტიკულ რჩევებს, თუ როგორ უნდა აღუდგეთ წინ ტოქსიკურ ადამიანებს სამსახურში და სამსახურს გარეთ:
1. თხოვნაზე პასუხის გაცემამდე მოიგეთ დრო;
თუ ტოქსიკური ადამიანი გთხოვთ რაიმეს გაკეთებას, პასუხის გაცემამდე მოიგეთ დრო. უპასუხეთ, რომ უნდა გადაამოწმოთ გცალიათ თუ არა, ეს საკითხი უნდა შეათანხმოთ თქვენს პარტნიორთან და მხოლოდ ამის შემდეგ შეგიძლიათ გადაწყვეტილების მიღება. სავარაუდოდ, ისინი თქვენგან დაუყოვნებლივ თანხმობას ელოდებიან. ცოტა დროის გასვლის შემდეგ უპასუხეთ, რომ არ ხართ დარწმუნებული რამდენად მოახერხებთ თხოვნის შესრულებას და რადგან მათ ძალიან ეჩქარებათ, სამწუხაროდ უარი უნდა უთხრათ.
ეს მიდგომა შეგიძლიათ გამოიყენოთ, როგორც ტოქსიკურ ადამიანებთან ურთიერთობისას, არამედ, ზოგადად, როდესაც ვინმე გთხოვთ რაიმეს გაკეთებას, თუმცა არ ხართ დარწმუნებული უნდა დათანხმდეთ თუ არა. უთხარით, რომ გსურთ დეტალების გადამოწმება. ეს დრო მოგცემთ დაფიქრების და თქვენთვის სასურველი გადაწყვეტილების ზეწოლის გარეშე მიღების შესაძლებლობას.
2. შეიმუშავეთ მიდგომები და ლიმიტები;
სამსახურისთვის და პირდი ურთიერთობებისთვის დააწესეთ ლიმიტები, რომელიც გსურთ უცვლელი და ხელუხლებელი იყოს. მაგალითად, განსაზღვრეთ სამუშაო საათები და არ დანიშნოთ შეხვედრები სამუშაო საათების შემდეგ ან დასვენების დღეებში. ამგვარი ლიმიტების დაწესება დაგეხმარებათ, საჭიროების შემთხვევაში მარტივად თქვათ უარი არასასურველ შემოთავაზებებზე.
3. გაიაზრეთ რა ამოძრავებთ ტოქსიკურ ადამიანებს;
ტოქსიკურ ადამიანებთან ურთიერთობისას, დაფიქრდით და გაიაზრეთ რა ამოძრავებთ მათ, რა არის თქვენი მიზანი კონკრეტულ სიტუაციაში და რამდენად შეესაბამება ეს ორი რამ ერთმანეთს. ამ მიზნების განსასაზღვრად შეიძლება დაგეხმაროთ კითხვების ჩამოწერა.
მანიპულატორი ადამიანები ყველა პრობლემის მოგვარებაზე სრულ პასუხისმგებლობას სხვას აკისრებენ. შეეცადეთ დისტანცირდეთ მათი თხოვნისგან და შორიდან შეხედოთ საკითხს. ეს პერსპექტივა დაგეხმარებათ განსაზღვროთ არის თუ არა მათი თხოვნა გონივრული.
4. ეჭვი შეიტანეთ მათ უფლებებში;
მიუხედავად იმისა, ადამიანები ვთანხმდებით თუ არა სამართლიანობის ცნებაზე, ყველას გვაქვს შინაგანი სამართლიანობის შეგრძნება. ტოქსიკურ ადამიანებს, როგორც წესი საკუთარი თავის მიმართ ძალიან ამაღლებული წარმოდგენა აქვთ. თუ მცირედი დეტალიც კი არ მიდის ისე, როგორც მათ სურთ, ისინი მალევე გამოხატავენ უკმაყოფილებას ამის შესახებ. ისინი ყოველთვის თვლიან, რომ მართლები არიან. ეს შეგრძნება გადამდებია და შეიძლება დამაჯერებლობის ეფექტი მოახდინოს სხვებზე. ასეთ დროს, შეჩერდით და დაუსვით კითხვა საკუთარ თავს - არის თუ არა მათი მოლოდინები გონივრული.
5. საკუთარი თავის ნაცვლად, წარმოდგინეთ თქვენი მეგობარი;
ხშირად, უფრო ადვილია ვიყოთ ობიექტურები მაშინ, როდესაც უსამართლოდ ექცევიან ჩვენთვის საყვარელ ადამიანს და ამ ობიექტურობას ვერ ვინარჩუნებთ საკუთარი თავის მიმართ. წარმოიდგინეთ, რომ თქვენს ნაცვლად, ტოქსიკური ადამიანი თხოვნით თქვენს მეგობარს მიმართავს. რას ურჩევდით მას ასეთ დროს? გამოიყენეთ ეს რჩევა და თავად მიყევით მას.
წყარო - 5 Powerful Strategies to Help You Deal With Toxic People | Inc.com