საუკეთესო შედეგების მისაღწევად თითოეულ თანამშრომელს მოეპყარით, როგორც ლიდერს. როგორ შეიძლება კომპანიის ყველა დასაქმებული ლიდერი იყოს?! შეიძლება შეუძლებლად ჟღერდეს, თუმცა, OC Tanner Institute-ის მიერ ჩატარებულმა კვლევამ დაადასტურა, რომ „მიდგომას - მოეპყარი შენს დასაქმებულებს როგორც ლიდერებს, შეუძლია გაზარდოს საუკეთესო ლიდერები და კომპანიაში შექმნას საუკეთესო კულტურა“. კვლევის თანახმად, ამას განაპირობებს ის გარემოება, რომ დასაქმებულებს აქვთ მეტი ავტონომია, ქმედების და განვითარების მეტი შესაძლებლობა.
FastCompany გვიზიარებს აღნიშნული მიდგომისთვის დამახასიათებელ შემდეგ უპირატესობებს:
- კომპანიაში ქმნის ინოვაციური აზროვნებისთვის და რისკების აღებისთვის კარგ გარემოს;
ამ სისტემის გამართულად მუშაობისთვის, აუცილებელია განსაზღვროთ რა არის ლიდერობა თქვენს კომპანიაში. მაგალითად, ლიდერებს აკისრიათ პასუხისმგებლობა და ანგარიშვალდებულნი არიან მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე. ისინი არა მხოლოდ ნებართვას გასცემენ ახალი პროექტების შექმნის შესახებ, არამედ მათი ვალდებულებაა ასე იმოქმედონ.
შიში ადამიანებისთვის დამახასიათებელი გრძნობაა და ის ხელს უშლის ინოვაციურობას. ადამიანებს ეშინიათ იდეების ჩავარდნის, ეშინიათ, რომ მათი იდეის განხორციელება შეიძლება ტყუილად დროის კარგვა აღმოჩნდეს. დასაქმებულები ფიქრობენ, თუ ისე იმუშავებენ, როგორც ყველა სხვა მუშაობს, თავიდან აირიდებენ ზედმეტ პრობლემებს. ამიტომ, ახალი იდეის გაჩენისას, ერიდებიან მის ხმამაღლა გაჟღერებას ან ჯერ საკუთარ უფროსებთან განიხილავენ.
იმ შემთხვევაში, თუ კომპანიაში დაამკვიდრებთ მიდგომას, რომ ყველა დასაქმებული დამოუკიდებელი ლიდერია, ამით თქვენ წაახალისებთ თანამშრომლებს რისკზე წავიდნენ. ეს გახდება მათი ყოველდღიური სამუშაო პროცესის შემადგენელი ნაწილი. ინოვატორობასთან ერთად შთააგონეთ მათ ანგარიშვალდებულებაც. დასაქმებულებმა ყურადღება უნდა მიაქციონ მათ გაკეთებულ არჩევანს, გამოასწორონ დაშვებული შეცდომები და იპოვონ მიღებული გადაწყვეტილების გაუმჯობესების და დახვეწის გზები.
დასაქმებულების ლიდერად აღქმით თქვენ მათში გააღვივებთ ექსპერიმენტების განხორციელების სურვილს. მაგალითად, ერთ-ერთ კომპანიაში ჯუნიორ რეკრუტერებმა დაიწყეს სხვადასხვა კანდიდატებისთვის სხვადასხვა ეტაპზე განსხვავებული ტესტების მიცემა. ტესტირების შემდეგ, ისინი შეიკრიბნენ და განსაზღვრეს რომელი ტიპის კანდიდატისთვის რომელი ტიპის ტესტი მუშაობდა კარგად და ამ შედეგების შესაბამისად განახორციელეს ცვლილებები. ქაოსის ნაცვლად ამ მიდგომამ და ექსპერიმენტმა გაამართლა და კომპანიისთვის გააუმჯობესა რეკრუტინგის პროცესი.
- გააფართოვეთ ლიდერობის ცნება და მოდელი;
ლიდერობა უფრო მეტია ვიდრე ახალი იდეების და პროექტების შექმნა. ლიდერობის მოდელი სამ ძირითად ასპექტს მოიცავს, ესენია, ნდობის შექმნა, სხვებისთვის მაგალითის მიცემა და გაძლიერება და დასახული მიზნების შესასრულებლად მოტივაციის მიცემა. პირველი ორი კრიტერიუმი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ლიდერი მარტოსული არ უნდა იყოს, გუნდის წევრები ლიდერთან ერთად უნდა მუშაობდნენ. ისინი ერთმანეთს უნდა ეხმარებოდნენ, რომ მიაღწიონ საერთო მიზნებს და ამავდროულად ერთმანეთს უნდა მისცენ სივრცე საკუთარი დავალებების შესასრულებლად.
განუმარტეთ ეს კრიტერიუმები დასაქმებულებს და მათთვის უკუკავშირის დაბრუნებისას შეაფასეთ ისინი ამ კრიტერიუმების მიხედვით. დაუსვით კითხვები - რა გააკეთეს ბოლოს თანამშრომლებს შორის ნდობის გასაზრდელად? როგორ შთააგონეს მათ კოლეგებს, როგორ მოახდინეს გავლენა კომპანიის ზრდაზე?
ეს სამი კრიტერიუმი შეგიძლიათ გამოიყენოთ ახალი კადრების შერჩევის პროცესშიც და გასაუბრებაზე ჰკითხოთ კანდიდატებს, როგორ გაუმკლავდებიან ამ გამოწვევებს.
- კომპანიაში ლიდერების გაძლიერებით გაზრდით შიდა ტალანტებს;
დასაქმებულების ლიდერებად წარმოჩენა დაგეხმარებათ კომპანიაში შექმნათ შიდა ტალანტების გასაზრდელად საუკეთესო გარემო და გაზარდოთ იმგვარი ტალანტები, რომლებიც საუკეთესო კანდიდატები იქნებიან სამომავლო დაწინაურებისთვის და მენეჯერული პოზიციებისთვის.
არსებული თანამშრომლების დაწინაურება, ხშირად, კანდიდატების გარედან დაქირავებას სჯობს. შიდა კანდიდატებს აქვთ ცოდნა კომპანიის შესახებ, მათ უკვე ჩამოყალიბებული აქვთ კავშირები. მათი დაწინაურება ზრდის კომპანიაში დიდხანს დარჩენის ალბათობას. ბევრი კომპანია ვერ ახერხებს ტალანტების კომპანიაშივე გაზრდას.
როდესაც თქვენ ყველა დასაქმებულს უდგებით ისე, როგორც დამოუკიდებელ ლიდერს, თქვენ მათ აძლევთ საშუალებას მიიღონ ლიდერობის გამოცდილება. მაგალითად, გაუძღვნენ მნიშვნელოვან პროექტს, მართონ დიდი შეხვედრები, რაც ეხმარებათ ლიდერობისთვის საჭირო უნარების გამომუშავებაში. ამგვარ კომპანიაში, დასაქმებულები უფრო მეტად არიან ჩართული ყოველდღიურ სამუშაო გარემოში და უფრო მჭიდრო კავშირი აქვთ კომპანიასთან.
წყარო: Why this company treats every employee as a leader (fastcompany.com)