რთულია სამსახურიდან წამოსვლის გადაწყვეტილების მიღება, იმის მიუხედავადაც კი, თუ ამ სამსახურში თავს ბედნიერად არ გრძნობ. ღირს თუ არა დამატებითი დრო და მონდომება ჩადო ახალი სამსახურის ძებნაში, რომელიც შეიძლება არსებულზე უკეთესი საერთოდ არ აღმოჩნდეს?
მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს წამყვანი კომპანიები შემცირებების ტალღამ მოიცვა და 2023 წლის დასაწყისი შრომით ბაზარზე რთულ გამოწვევებს გვპირდება, Harvard Business Review გვიზიარებს ხუთ ნიშანს, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც თქვენს არსებულ კომპანიაში დარჩენა არ ღირს:
1. ტოქსიკური გარემო;
სამსახურში მისვლისას თავს კარგად გრძნობთ? თქვენი სამსახური ხელს უშლის თუ არა თქვენს მენტალურ ჯანმრთელობას, ძილს? საყვარელ ადამიანებთან ყოფნის დროსაც კი სამსახურის გამო შფოთვას გრძნობთ? სამსახურში ცუდად გესაუბრებიან, გაძლევენ არაეთიკურ და დამამცირებელ უკუკავშირს, ოჯახის წევრებს და მეგობრებს გამუდმებით უყვებით სამსახურის პრობლემებზე?
სანამ ახალი სამსახურის ძებნას დაიწყებდეთ, დააკვირდით საკუთარ სიტყვებს და საქციელს, ხომ არ უწყობთ ხელს ტოქსიკური გარემოს შექმნას. თუ მუდმივად წუწუნებთ, ყველა გადაწყვეტილების მიღმა ხედავთ მხოლოდ ნეგატიურ განზრახვებს, ცუდი დამოკიდებულება გაქვთ თანამშრომლების მიმართ, სხვა თანამშრომლებს ხელს უშლით მათი ვალდებულებების შესრულებაში, დაფიქრდით, რამდენად შეგიძლიათ თქვენი საქციელის ცვლილება და დააკვირდით თქვენი პირადი ცვლილება შეცვლის თუ არა თქვენ მიმართ სხვების დამოკიდებულებას.
თუ ამგვარად არ იქცევით სამსახურში, სცადეთ გაარკვიოთ რატომ არის კორპორატიული კულტურა ტოქსიკური და შეიძლება თუ არა მისი გამოსწორება. თუ თვლით, რომ მიზეზი ძალიან ღრმად არის და მისი ცვლილება შეუძლებელია, ამ სიტუაციიდან თავის გაცლა ყველაზე კარგი გადაწყვეტილებაა.
2. ზიანდება თქვენთვის მნიშნელოვანი ღირებულებები;
თუ თქვენი სამსახურით იმედგაცრუებული ხართ, დიდი ალბათობით სამსახური აზიანებს თქვენთვის მნიშვნელოვან ღირებულებებს. მაგალითად, თუ თქვენთვის მნიშვნელოვანია ყოველ საღამოს ოჯახთან ერთად ვახშმობა, თქვენი უფროსი კი გამუდმებით გიკავშირდებათ არასამუშაო საათებში უმნიშვნელო საკითხების გასარკვევად, ის არღვევს თქვენთვის მნიშნელოვან ღირებულებას.
ყველაზე კარგი გზა იმის გასარკვევად, ირღვევა თუ არა თქვენი ღირებულებები, მნიშვნელოვანია თავად მოახდინოთ მათი იდენტიფიცირება. შეიძლება თქვენთვის მნიშვნელოვანია რთული პრობლემების გადაჭრა ან გუნდის მეთაურობა. ჩამოწერეთ ღირებულებები, დააჯგუფეთ ისინი და მიანიჭეთ რიცხვითი მნიშვნელობა 1-დან 5-ის ჩათვლით, სადაც 1 იქნება ღირებულება, რომელსაც საერთოდ ვერ უთმობთ დროს სამსახურის გამო, ხოლო 5 - რომელსაც ყოველდღიურად ასრულებთ. გადახედეთ ღირებულებებს, რომლებიც 3 და ნაკლები ქულით შეაფასეთ და განსაზღვრეთ რისი გაკეთება შეგიძლიათ მათ აღსადგენად. მაგალითად, ოჯახური ვახშმისტრადიციის შესანარჩუნებლად, მიუთითეთ თქვენს უფროსს რომ კონკრეტულ საათებში არ იქნებით ხელმისაწვდომი, ამ დროის შემდეგ კი შეუძლია მხოლოდ გადაუდებელი საკითხების განსახილველად დაგიკავშირდეთ. თუ ის უარს ამბობს პატივი სცეს თქვენს პირად დროს, თქვენი სამსახური დიდი ალბათობით, არ შეესაბამება თქვენს ღირებულებებს.
3. ვერ იყენებთ თქვენს უნარებს და ვერ ავითარებთ მათ;
დასაქმებულებისთვის მნიშვნელოვანია სამსახურში სრულად გამოიყენონ საკუთარი უნარები და მოახდინონ შესაძლებლობების რეალიზება. დაფიქრდით, რა უნარები გაქვთ და რისი განვითარება გჭირდებათ კარიერაში წინ წასასვლელად. მაგალითად, გსურთ რთულ პრობლემებზე მუშაობა - თხოვეთ თქვენს მენეჯერს დაგავალოთ ამგვარი პროექტები ან ჩაგრთოთ შეხვედრებში, სადაც განიხილავენ რთულ პრობლემებს. თუ გსურთ გაუძღვეთ გუნდს - ჰკითხეთ უფროსს, არის თუ არა თქვენი ლიდერულ პოზიციაზე გადაყვანის შესაძლებლობა? თუ ამ კითხვებზე პასუხად უარს მიიღებთ, დიდი ალბათობით ამ კომპანიაში დარჩენით ვერ განავითარებთ თქვენს უნარებს და ვერ მოახერხებთ კარიერულ საფეხურებზე მაღლა ასვლას.
4. კომპანია არ გაძლევთ თავის წარმოჩენის შესაძლებლობას;
სამსახურებრივი ვალდებულებების შესრულება, კარიერული წარმატების მხოლოდ ერთი ნაწილია. მნიშნელოვანია თავი გამოიჩინოთ მნიშვნელოვან პროექტებში, რათა სხვებმაც დაინახონ თქვენი უნარები და შესაძლებლობები. როდესაც კომპანიაში ხედავენ თქვენს მიღწევებს, კომპანიის განვითარებაში შეტანილ წვლილს - თქვენ გაღიარებენ როგორც ლიდერს. ეს ხილვადობა შესაძლებელია გახდეს ახალი შემოთავაზებების და დაწინაურების საფუძველი.
თუ თქვენი უფროსი მუდმივად გმალავთ, არ გაძლევთ საშუალებას მნიშნელოვანი საკითხები წარადგინოთ მენეჯერებთან, მონაწილეობა მიიღოთ მნიშნელოვან შეხვედრებში - შეუძლებელია წარმოაჩინოთ თქვენი უნარები. ეს კომპანიაში თქვენს ზრდას ძალიან შეაფერხებს.
5. გრძნობთ ენერგიის ნაკლებობას;
ორშაბათს გაღვიძებისას სამსახურში წასვლის შფოთვა გიპყრობთ? სამსახური თქვენთვის რუტინა გახდა? თქვენთვის უინტერესო საქმეს აკეთებთ ან იმედგაცრუებული ხართ თქვენი როლით კომპანიაში? ამ კითხვაზე პასუხი თუ დადებითია, თქვენი სამსახური თქვენს ინტერესებს აღარ შეესაბამება.
დაფიქრდით შეგიძლიათ თუ არა რაიმეს შეცვლა, მაგალითად აიღოთ ახალი საინტერესო პროექტი ან იპოვოთ ახალი გზა სამსახურის თავიდან აღმოსაჩენად. წინააღმდეგ შემთხვევაში, საკუთარი თავის საპოვნელად შეიძლება სწორედ ახალი სამსახური გჭირდებათ.
ზემოთ მოცემული ნიშნები ერთ რამეზე მიუთითებს - თქვენ არ ხართ ჩართული სამსახურში. არ არის აუცილებელი კვირაში 40 საათი კმაყოფილების შეგრძნების გარეშე მუშაობდეთ. უმჯობესია თქვენ თავად წარმართოთ საკუთარი კარიერული ბედი, ვიდრე დაელოდოთ რას შემოგთავაზებენ სხვები. განიხილეთ რა ნაბიჯების გადადგმა შეგიძლიათ არსებულ სამსახურში სიტუაციის გასაუმჯობესებლად, ამის შეუძლებლობის შემთხვევაში კი დაიწყეთ ახალი სამსახურის მოძებნა.
წყარო: 5 Reasons to Leave Your Job — Even in a Downturn (hbr.org)