სამსახურის ძიებისას, შესაძლებელია, კანდიდატს გასაუბრება დაუნიშნონ მომავალი დამსაქმებელი კომპანიის მმართველ მენეჯერთან, დირექტორთან. ძირითად შემთხვევებში, დირექტორი ესაუბრება იმ კანდიდატებს, რომლებიც უშუალოდ მას დაექვემდებარებიან. თუ პოზიცია უშუალოდ არ ექვემდებარება დირექტორს, მაშინ ამ პოზიციას განსაკუთრებული სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს კომპანიისთვის.
ამგვარ გასაუბრებაზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კანდიდატმა მოახერხოს კავშირების დამყარება. დირექტორთან გასაუბრების დანიშვნა უკვე ნიშნავს იმას, რომ კანდიდატმა გაიარა პროფესიული გამოცდილების და ტექნიკური უნარების პირველადი გადარჩევის ეტაპები.
წარმატებული გასაუბრებისთვის, მნიშვნელოვანია, კანდიდატმა თავადაც დასვას შეკითხვები, რომლებიც გამოხატავს მის დაინტერესებას და ცნობისმოყვარეობას. საუკეთესო შეკითხვები საუბრის მიმდინარეობის დროს წარმოიშვება კონკრეტული საკითხის დაზუსტების და მსჯელობის განვრცობის მიზნით. მიუხედავად ამისა, Forbes გვიზიარებს 4 შეკითხვას, რომელიც შეუძლია კანდიდატმა დაუსვას კომპანიის დირექტორს გასაუბრებისას, მომავალი დამსაქმებლის და მმართველი მენეჯერის შესახებ ზოგადი წარმოდგენის შესაქმნელად:
კითხვა 1 - როგორი კულტურა სჭირდება კომპანიას წარმატებისთვის და რას აკეთებს პირადად მმართველი დირექტორი კომპანიაში ამ კულტურის ჩამოსაყალიბებლად?
ნებისმიერ კომპანიაში მუშაობის სპეციფიკას განსაზღვრავს კორპორატიული კულტურა. კულტურას ძირითადად განაპირობებს კომპანიის მმართველი გუნდი. შეკითხვა, თუ რას აკეთებს თავად დირექტორი კომპანიის კულტურის ჩამოყალიბებაში, შეიძლება მისთვის მნიშვნელოვანი შეკითხვა აღმოჩნდეს, რადგან ხაზს უსვამს მის პირად პასუხისმგებლობას.
კანდიდატისთვის საყურადღებო უნდა იყოს როგორ უპასუხებს დირექტორი ამ შეკითხვას და ახსნის როგორ აისახება კომპანიის კორპორატიული ღირებულებები ყოველდღიურ სამუშაო პროცესებში, პოლიტიკებში და პრაქტიკებში. კანდიდატმა თავად უნდა განსაზღვროს შეესაბამება თუ არა კომპანიის ღირებულებების მის შეხედულებებს.
კითხვა 2 - რა არის კომპანიის პრიორიტეტები და რამ შეიძლება შეუშალოს გუნდს ხელი მათ განხორციელებაში?
ეს შეკითხვა კანდიდატს დაეხმარება ჩამოიყალიბოს შეხედულება დირექტორის ხედვებთან დაკავშირებით და განსაზღვროს რა არის ამ კომპანიისთვის მნიშვნელოვანი, რამდენად რეალისტურია დირექტორის შეხედულებები გუნდის და კომპანიის მიმართ, არის თუ არა ის გულწრფელი და როგორი მოლოდინები აქვს გუნდის მიმართ. აღიქვამს თუ არა მდგომარეობას ადეკვატურად, ხედავს თუ არა რეალურ რისკებს და გამოწვევებს, თუ ზედმეტად დარწმუნებულია გუნდის შესაძლებლობებში.
კითხვა 3 – რა უნდა დააკმაყოფილოს გუნდმა, რომ მათ მიერ შესრულებული სამუშაო მიიჩნიონ წარმატებულად და რა შეიძლება იყოს გუნდისთვის მიზნების მისაღწევად ხელისშემშლელი გარემოება?
დირექტორის სამომავლო ხედვებს განსაკუთრებით დიდი გავლენა აქვს კომპანიაზე და მის დასაქმებულებზე. მნიშვნელოვანია დირექტორი აღიქვამდეს ამ პასუხისმგებლობას. მენეჯერმა უნდა განსაზღვროს კომპანიის წინაშე არსებული გამოწვევები და საფრთხეები. დირექტორის მიერ გუნდის უარყოფითი მხარეების და წარუმატებლობების შეფასებით, კანდიდატს შეუძლია განსაზღვროს როგორ აღიქვამენ კომპანიაში მარცხს, არიან თუ არა მმართველი გუნდის წევრები ღია და გულწრფელი, სჭირდება თუ არა ამ უნარებს გაუმჯობესება და აქვს თუ არა კომპანიის დირექტორს მზაობა იკისროს პირადი პასუხისმგებლობა კომპანიაზე.
კითხვა 4 - რა მოლოდინები აქვს დირექტორს კანდიდატისგან, რომელიც უნდა დასაქმდეს კონკრეტულ პოზიციაზე და რა კრიტერიუმებით შეფასდება მის მიერ შესრულებული სამუშაო?
ამ კითხვაზე მმართველი მენეჯერის პასუხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მით უმეტეს თუ კანდიდატი დირექტორის უშუალო დაქვემდებარებული იყო იყოს. კანდიდატმა უნდა იცოდეს რას მოითხოვენ მისგან და როგორ შეფასდება მის მიერ შესრულებული სამუშაო. იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატის სასურველი პოზიცია არ ექვემდებარება დირექტორს, ამ კითხვაზე პასუხი კანდიდატს დაეხმარება განსაზღვროს რა არის პრიორიტეტული კომპანიაში წარმატების მისაღწევად.
წყარო - Interviewing With A CEO? Ask These 4 Questions (forbes.com)