დაბალი ანაზღაურება დასაქმებულების ინიციატივით სამსახურიდან წასვლის ყველაზე გავრცელებული მიზეზია. მის შემდეგ, მეორე ადგილი უჭირავს კომპანიაში კარიერული განვითარების შეუძლებლობას.
დასაქმებულებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არ იყვნენ გაჭედილი ერთსა და იმავე ადგილას. მათ სჭირდებათ სხვადასხვა კარიერული გზისა და როლის გამოცდის შესაძლებლობა.
ახალგაზრდა თაობებს დიდი როლი უჭირავთ მობილობის ტრენდის განვითარებაში. ერთ-ერთი კვლევის ფარგლებში გამოკითხული მილენიალების 43 % -ს, ხოლო თაობა Z-ის 36 %-ს სურს მოითხოვოს არსებულ სამსახურში პოზიციის ცვლილება. კომპანიების მხრიდან ამ შესაძლებლობაზე უარის გამო, თანამშრომლები იძულებულები ხდებიან განვითარება სხვა კომპანიაში ეძიონ.
კომპანიებს შეუძლიათ დასაქმებულები შეინარჩუნონ და გაზარდონ თანამშრომლების კმაყოფილება სამსახურში, მათთვის კარიერული ზრდის შეთავაზებით.
- შეიმუშავეთ კომპანიაში შიდა მობილობის წამახალისებელი გეგმა;
კარიერული მობილობის გაზრდისთვის მნიშვნელოვანია კომპანიას ჰქონდეს წინასწარ გამიზნული გეგმა, რომელიც მიზნად ისახავს დასაქმებულების მიერ ახალი უნარების შეძენას ან არსებული უნარების გაუმჯობესებას. მნიშვნელოვანია დამსაქმებელმა გაიაზროს, რომ ის არა მხოლოდ ქირაობს თანამშრომელს, არამად მანვე უნდა გაზარდოს, შეინარჩუნოს და ინვესტირება მოახდინოს დასაქმებულში.
ზრდა - კომპანიაში უნდა შექმნათ თანაბარი და სამართლიანი გარემო. მუდმივად ადევნეთ თვალი ორგანიზაციაში მიმდინარე პროცესებს და უზრუნველყავით დასაქმებულების მიმართ სტანდარტიზებული მიდგომები. კომპანიამ ცხადად უნდა დაინახოს, თუ როგორი ტიპის ტალანტი სჭირდება სამომავლო მიზნების მისაღწევად. დამსაქმებელმა სამომავლო მიზნების შესახებ ინფორმაცია უნდა გაუზიაროს დასაქმებულებს, იმისთვის, რომ მათ თავად განსაზღვრონ რომელი უნარების განვითარებაა პრიორიტეტული კომპანიაში კარიერული წინსვლისთვის.
შენარჩუნება - შესთავაზეთ თანამშრომლებს ახალი ინიციატივები, რომლებიც მიზნად ისახავს მათ პროფესიულ ზრდას და განვითარებას. დასაქმებულები მუდმივად უნდა იყვნენ ჩართული თვითგანვითარებაში. დამსაქმებელი მათ უნდა დაეხმაროს აღმოაჩინონ, რომელი მიმართულებით სჭირდებათ განვითარება. მაგალითად, შეგიძლიათ შესთავაზოთ პროფესიული სერტიფიცირების, ტრენინგების გავლის შესაძლებლობა.
ინვესტირება - ღია ფორუმებსა და ღონისძიებებზე დასწრება დასაქმებულებს დაეხმარება დაამყარონ საჭირო კავშირები და ერთმანეთს გაუზიარონ საუკეთესო პრაქტიკები. ამგვარ შეხვედრებზე კოლეგებს შეუძლიათ ყურადღება გაამახვილონ კონკრეტული უნარების განვითარებაზე, შეხვდნენ პროფესიონალებს სხვადასხვა სფეროდან და ჩამოაყალიბონ ურთიერთობები, რაც დაეხმარებათ კარიერული განვითარებაში ან სხვადასხვა უნარების ათვისებაში. ამ მიზნით, კომპანიის შიგნით შეგიძლიათ საფუძველი ჩაუყაროთ TED talk-ის მსგავს სერიებს, რის ფარგლებშიც სხვადასხვა პროექტებში მონაწილე დასაქმებულები ან გუნდები გააზიარებენ თავიანთ გამოცდილებებს, შექმენით ტრენინგ პროგრამები კონკრეტულ პროექტებზე.
- უზრუნველყავით თანაბარი მიდგომები დასაქმებულების მიმართ;
კანდიდატების შერჩევის პროცესში შეიძლება გაჩნდეს მიკერძოებულობის ეჭვი. მნიშვნელოვანია შიდა მობილობის დროს კანდიდატის შერჩევისას დაცული იყოს მიუკერძოებლობის და თანაბარი მოპყრობის პრინციპები.
უფრო მეტი გამჭვირვალობისთვის შეგიძლიათ რეზიუმეების შერჩევის პროცესი მიანდოთ ხელოვნურ ინტელექტს და თანამედროვე ტექნოლოგიებს. მენეჯერები პროგრამაში დაარეგისტრირებენ კონკრეტული უნარების მქონე კანდიდატის მოთხოვნას და რამდენიმე წუთში მიიღებენ, რეზიუმეების თანახმად, ამ მოთხოვნებთან ყველაზე მეტად შესაფერის კანდიდატს.
- დასაქმებულებს უნდა შეეძლოთ კომპანიის შიგნით სხვადასხვა პოზიციაზე საკუთარი თავის წარმოდგენა;
მობილობა კომპანიის შიგნით უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ დასაქმებულების სხვადასხვა პოზიციაზე გადაყვანა. დამსაქმებლისთვის ეს საუკეთესო შესაძლებლობაა გადააფასოს კომპანიის სტრუქტურა, შესასრულებელი სამუშოს არსი. ჰიბრიდული როლები, როგორც წესი ვერ ერგებიან სტანდარტულ ორგანიზაციულ სტრუქტურაში და საჭიროებენ განსხვავებულ უნარებს. კომპანიამ დასაქმებულს უნდა მისცეს საშუალება იმუშავოს იმაზე, რაც ყველაზე მეტად აინტერესებს და ამავდროულად შეუსაბამონ ეს მოტივაცია კომპანიის სამომავლო ინტერესებს.
დაუსვით დასაქმებულებს შეკითხვები „რა მოგწონთ თქვენს სამუშაოში?“, „როგორ უნდა განავითაროთ სამუშაოსთვის საჭირო უნარები?“ და დაეხმარეთ მათ გაუმჯობესებაში. მაგალითად, თუ თანამშორმელს სურს ისწავლოს ახალი პროგრამული ენა, რათა უკეთ დაეხმაროს საკუთარ გუნდს, მიეცით მას შესაბამისი შესაძლებლობა.
- ჩამოაყალიბეთ ძლიერი სამუშაო ძალა კომპანიის შიგნით;
შიდა მობილობის აქტიურად გამოყენება მარტივი არ არის, თუმცა, პოზიტიური შედეგები უკან დაგიბრუნდებათ შენარჩუნებული თანამშრომლების სახით. კომპანია Booz Allen-ის მონაცემებით, კომპანიის შიგნით განვითარების და ტრენინგების ახალი შესაძლებლობების დანერგვის შემდეგ, მათ შეძლეს სპეციალისტების ახალი თაობების შექმნა, შიდა დასაქმების მაჩვენებელი კი 2021 წლის შემდეგ 20%-ით გაიზარდა.
დასაქმებულების განსხვავებული კარიერული ამბიციების თავიდან აცილების ნაცვლად, მიიღეთ ისინი. წაახალისეთ შიდა მობილობა, მიეცით საშუალება თანამშრომლებს შეითვისონ ახალი უნარები და გაიზარდონ პროფესიულად სხვა სამსახურის ძიების გარეშე.
წყარო - Lack of internal mobility #2 reason employees quit—what companies can do (qz.com)