სამსახურის ძიებისას გასაუბრების პროცესი საკმაოდ სტრესული გამოცდილებაა, რადგან კანდიდატებმა იციან, რომ პატარა შეცდომამაც კი, იქნება ეს ჩაცმულობასთან დაკავშირებული დეტალები თუ დამოკიდებულება კონკრეტულ საკითხთან მიმართებით, შეიძლება განაპირობოს წარუმატებლობა.
შედარებით სიახლეა ვიტრუალური გასაუბრებები, სამუშაოსთვის, რომელიც ძირითადად დისტანციურად უნდა შესრულდეს. ამგვარ შემთხვევაში, შესაძლებელია, კანდიდატი ვერასდროს შეხვდეს მის თანამშრომლებს პირისპირ. ასეთი ტიპის გასაუბრება რთული წარმოსადგენი იქნებოდა რამდენიმე ათეული წლის წინ.
ვირტუალური გასაუბრების წარმატებით ჩასატარებლად ბევრი რჩევა არსებობს, თუმცა სამწუხაროდ, კანდიდატებმა არ იციან მათ შესახებ და გავრცელებული შეცდომების დაშვებით, თავად ამცირებენ ხელს საკუთარი დასაქმების შანსებს. TopResume-მ გამოიკვლია 330 რეკრუტერი, დამსაქმებელი და HR პროფესიონალები და შეაგროვა მათი გამოცდილებები შერჩევის პროცესთან, ვირტუალური გასაუბრებისას დაშვებულ შეცდომებთან და პრეფერენციებთან დაკავშირებით. კვლევის შედეგების თანახმად, გიზიარებთ ყველაზე გავრცელებულ შეცდომებს, რაც არ უნდა დაუშვათ დისტანციური ინტერვიუს დროს:
- თვალებით კონტაქტისთვის თავის არიდება;
- არეული ოთახი;
- ეკრანის გაზიარებისას უკანა ფონზე გახსნილია თემატიკასთან შეუსაბამო ვებ გვერდები ან აპლიკაციები;
- არაპროფესიონალური უკანა ფონის გამოყენება;
- ოჯახის წევრების მიერ გასაუბრების პროცესის ხელშეშლა;
ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გამო სამსახურის შემოთავაზების დაკარგვა შეიძლება უსამართლოდ მოგეჩვენოთ, თუმცა, საბედნიეროდ, ამ შეცდომებზე მუშაობა და მათი გათვალისწინება ძალიან მარტივია.
მიუხედავად იმისა, რომ ბევრი კომპანია ოფისში აბრუნებს დასაქმებულებს, დღევანდელ რეალობაში, ონლაინ გასაუბრებები კანდიდატის შერჩევის პროცესის განუყოფელი ნაწილი გახდა. გამოკითხული დამსაქმებლების მესამედი უთითებს, რომ ისინი ექსკლუზიურად მხოლოდ ონლაინ ინტერვიუებს ატარებენ, 21% უთითებს, რომ პირისპირ ინტერვიუს იყენებენ მხოლოდ საბოლოო ეტაპის გასაუბრებისთვის, მხოლოდ 20%-მა აღნიშნა, რომ გასაუბრებებს ატარებენ პირისპირ შეხვედრის სახით.
პირისპირ შეხვედრით გასაუბრებისას დაშვებული შეცდომები აქტუალურია ვირტუალური გასაუბრებისთვისაც. კვლევის მონაწილეებმა გააზიარეს უკანასკნელი წლების განმავლობაში გასაუბრებაზე დაშვებული ყველაზე გავრცელებული შეცდომებიც, ესენია:
- ტყუილი;
- დაგვიანება (საპატიო მიზეზის გარეშე);
- მიმდინარე ან წინა დამსაქმებელზე ცუდად საუბარი;
- შემოთავაზებასთან მიმართებით უინტერესო დამოკიდებულება;
- მოუმზადებლობა.
მნიშვნელობა არ აქვს გასაუბრების პროცესში მონაწილეობას იღებთ პირისპირ შეხვედრით, ტელეფონის ეკრანიდან თუ ვიდეო კონფერენციის სახით, თუ თქვენ დაუშვებთ ზემოთ მოყვანილ შეცდომებს, თქვენ თავად შეამცირებთ სამუშაოს შეთავაზების მიღების შანსებს.
წყარო - Remote-work job applicants keep making these virtual-interview gaffes | Fortune