უახლოეს მომავალში უფრო და უფრო მეტი კომპანია დაიწყებს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას მარტივად ავტომატიზირებადი დავალებების შესასრულებლად. შესაბამისად, ყველა რგოლის მენეჯერს მოუწევს ჭკვიან მანქანებთან ადაპტირება.
Harvard Business Review-მ კვლევის ფარგლებში გამოკითხა 1770 მენეჯერი 14 ქვეყნიდან, მათ შორის 37 მონაწილე საკუთარ ორგანიზაციაში უძღვებოდა კომპანიის ტექნოლოგიური ტრანსფორმაციის პროცესს. ამ მონაცემების ანალიზით, Harvard Business Review გამოყოფს მენეჯერების სამუშაო პროცესების ხელოვნურ ინტელექტთან ადაპტაციის რამდენიმე მიმართულებას:
1. ადმინისტრაციული დავალებები სრულად გადაეცით ხელოვნურ ინტელექტს;
კვლევის თანახმად, ყველა რგოლის მენეჯერი სამუშაო დროის ნახევარზე მეტ დროს უთმობს ადმინისტრაციულ დავალებებს და დავალებების შესრულების კონტროლს (მაგალითად, მაღაზიის მენეჯერს ხშირად უწევს დასაქმებულთა მუშაობის განრიგის ცვლილება მათი ავადმყოფობის, შვებულების ან სხვა გაუთვალისწინებელი შემთხვევების გამო). ხელოვნური ინტელექტის ჩართულობით ეს პროცესი სრულად ავტომატიზირებული გახდება.
ხელოვნური ინტელექტის გამოყენება აქტიურად შეიძლება რეპორტების შედგენაშიც. მაგალითად, მონაცემთა დამუშავების და ანალიტიკის კომპანია Tableu-მ თანამშრომლობა დაიწყო Narrative Science-თან იმისთვის, რომ შეიმუშავონ Google Chrome-ს დამატება, რომელიც ავტომატურად დაწერს Tableu-ს მიერ შედგენილი გრაფიკების ტექსტობრივ ახსნას.
კვლევის მონაწილეები ამგვარ ცვლილებებს პოზიტიურად აფასებენ. მათი 96% უთითებს, რომ აუცილებლად გამოიყენებენ ხელოვნურ ინტელექტს მონიტორინგის და რეპორტინგის დროს.
2. გადაწყვეტილების მიღებისთვის მეტი დრო და ყურადღება;
ბევრი გადაწყვეტილების მიღებისთვის საჭიროა იმგვარი ცოდნა და გამოცდილება, რაც ხელოვნურ ინტელექტს ვერ ექნება მხოლოდ მონაცემების ანალიზის საფუძველზე. მენეჯერები გადაწყვეტილების მიღებისას იყენებენ ცოდნას კომპანიის ისტორიის, კულტურის შესახებ, ასევე ემპათიას და ეთიკურ ნორმებს. ადამიანის აზროვნებისთვის დამახასიათებელი შტრიხებია შეუსაბამოს მისი პიროვნული გამოცდილება და ცოდნა კომპანიის გადაწყვეტილებებს და პრაქტიკებს.
კვლევაში მონაწილეები იზიარებენ ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებს და თვლიან, რომ მენეჯერებს დასჭირდებათ ამ უნიკალური უნარების განვითარება - კრეატიული აზროვნება, ექსპერიმენტულობა, მონაცემების ანალიზი და ინტერპრეტაცია, სტრატეგიული აზროვნება.
3. მოეპყარით ჭკვიან ტექნოლოგიას, ისე როგორც თქვენს კოლეგას;
მენეჯერები, რომლებიც ხელოვნურ ინტელექტს საკუთარ კოლეგად თვლიან, არ სჭირდებათ ტექნოლოგიური სიახლეების წინააღმდეგ გალაშქრება. ადამიანის ფიქრის უნარის სრულად ავტომატიზირება შეუძლებელია, ჭკვიანი ტექნოლოგიები უბრალოდ დახმარებას გაგიწევენ ამ პროცესში, გაგიმარტივებენ გადაწყვეტილების მიღებას სხვადასხვა სიმულაციების შექმნით ან ინფორმაციის მოძიების განსაკუთრებული შესაძლებლობებით.
გამოკითხული მენეჯერების 78% თვლის, რომ აუცილებლად გამოიყენებენ და ენდობიან ხელოვნური ინტელექტის მიერ მიცემულ რჩევას ბიზნეს გადაწყვეტილების მიღებისას. ხელოვნური ინტელექტი გადაიქცევა მენეჯერების სანდო ასისტენტად და მრჩევლად, რომელიც ყოველთვის ხელმისაწვდომია.
4. იმუშავე შემოქმედებითად;
წარმატებული მენეჯერობისთვის აუცილებელია კრეატიულად აზროვნების უნარი, შეიძლება უფრო მეტად აუცილებელიც კი, ვიდრე რიგითი თანამშრომლისთვის. მენეჯერები, რომლებსად აქვთ შემოქმედობითობის უნარი შეუძლიათ შეაგროვონ განსხვავებული იდეები და გარდაქმნან ისინი პრობლემის მოგვარების საუკეთესო გზად. მათ შეუძლიათ საკუთარ გუნდებში და კომპანიაში წაახალისონ შემოქმედებითი ფიქრის უნარი.
კვლევის მონაწილეთა მესამედი უთითებს, რომ კრეატიული აზროვნების უნარი და ექსპერიმენტულობა მთავარი უნარებია, რომელიც მენეჯერებს დასჭირდებათ წარმატებისთვის იმ რეალობაში, როცა ხელოვნური ინტელექტი სრულად გადაიბარებს ადმინისტრაციული საქმეების შესრულებას.
5. განავითარეთ სოციალური და ადამიანებთან კავშირის დამყარების უნარები;
კვლევაში მონაწილე მენეჯერები განსაკუთრებით უსვამდნენ ხაზს სოციალური უნარების მნიშვნელობას. ურთიერთობების დამყარება, ქოუჩინგი, გუნდური მუშაობის უნარი დაეხმარება ყველა მენეჯერს თავი გამოიჩინოს ხელოვნური ინტელექტის სამყაროშიც კი. მენეჯერმა უნდა გამოიყენოს ტექნოლოგიების ცოდნა, ასევე კომპანიაში პარტნიორებთან, მომხმარებლებთან ურთიერთობისას დაგროვებული გამოცდილება, მას უნდა შეეძლოს ამ სხვადასხვა ცოდნის გაერთიანება, სხვადასხვა პერსპექტივებისა და გამოცდილებების ერთად შეკვრა.
ხელოვნური ინტელექტი იქნება კომპანიებისთვის საქმის შესრულების უარი იაფი, ეფექტური და მიუკერძოებელი საშუალება. ჭკვიანმა ტექნოლოგიებმა შეიძლება სრულად გადაიბარონ გეგმების, გრაფიკების შედგენა, თუმცა, სტრატეგიების შემუშავება კვლავ ადამიანების კომპეტენციაში დარჩება.
ახალ რეალობასთან მოსარგებად შეგიძლიათ მოიძიოთ ინფორმაცია ადრეულ ეტაპზე. გაურკვეველ მომავალში ნავიგაციისთვის უკვე დაიწყეთ ხელოვნურ ინტელექტთან ექსპერიმენტები და დაგეგმეთ როგორ შეიძლება მისი ინტეგრირება თქვენს ყოველდღიურ სამუშაო პროცესში. დასაქმებულების შერჩევისას იხელმძღვანელეთ ახალი სტრატეგიებით და შეარჩიეთ კანდიდატები, რომლებიც გამოირჩევიან კრეატიულობით, კოლაბორაციის უნარით და ემპათიით. ლიდერების მთავარი გამოწვევაა შექმნან ისეთი გუნდები, სადაც დაბალანსებულად იქნება წარმოდგენილი კრეატიულობა და სოციალური ინტელექტი, ამ გუნდის და ხელოვნური ინტელექტის ერთობლივი მუშაობით, საუკეთესო შედეგებს მიიღებთ.
წყარო - How Artificial Intelligence Will Redefine Management (hbr.org)