შემცირებებზე საუბრისას, ხშირად წარმოგიდგებათ შემდეგი სიტუაცია - თანამშრომლები გადიან ოფისიდან და ხელში უჭირავთ ქაღალდის ყუთი, რომელშიც ბევრი პატარა ნივთი დევს. დისტანციურად მუშაობის სამყაროში, შეიძლება დილას, საწოლში წოლისას მიიღოთ მეილი, რომ სამსახურში აღარ უნდა გამოცხადდეთ და ამ ამბის წაკითხვის შემდეგ გააგრძელოთ ძილი.
სწორედ ამგვარად შეიტყო ათასობით ადამიანმა შემცირების შესახებ გასული წლის განმავლობაში. იმის გათვალისწინებით, რომ შემცირებების ტრენდი კვლავ გრძელდება, ბევრი კომპანია მოუწოდებს დასაქმებულებს სახლიდან იმუშავონ ამ ახალი ამბის გავრცელების პერიოდში.
ამგვარად მოიქცნენ ისეთი დიდი კომპანიები, როგორიცაა PepsiCo, Google. Google-მა იანვარში 12000 ადამიანის იმეილით შემცირებისას, მოუწოდა მათ სახლიდან ემუშავათ, რათა „გაეთავისებინათ ეს რთული ახალი ამბავი“. გასულ კვირაში, McDonald’s-ის წარმომადგენლებმა მათ ამერიკელ დასაქმებულებს მოუწოდათ სახლიდან ემუშავათ სამი დღის განმავლობაში, რადგან აპირებდნენ შემცირების შესახებ ამბის ელექტრონული ფორმით მიწოდებას.
დაიწყო დისტანციური შემცირებების ახალი ერა. ეს კომპანიის მხრიდან ერთგვარი, სტრატეგიული სვლაა, რომელიც საშუალებას აძლევს კომპანიას თავი აარიდოს უხერხულ შემთხვევებს და დიალოგს. მეორეს მხრივ, იმ რეალობაში, როდესაც დასაქმებულთა დიდი ნაწილი დისტანციურად მუშაობს, მათი კომპანიაში შეხვედრაზე დაბარება მხოლოდ იმისთვის, რომ შემცირების შესახებ ახალი ამბავი გაიგონ, არაჰუმანური იქნებოდა.
შემცირების შესახებ ამბის დისტანციურად გაგება, შეიძლება დასაქმებულს დაეხმაროს ამბის უფრო მშვიდად გააზრებაში, მის თანმხლებ ემოციებთან გამკლავებაში. მით უმეტეს, რომ საზოგადოებაში კვლავ არსებობს სტიგმა შემცირებების შესახებ და ის ასოცირდება სირცხვილის შეგრძნებასთან. ამ ყველაფერთან სახლიდან გამკლავების შესაძლებლობამ, შეიძლება გაამარტივოს ეს რთული პროცესი.
არც თუ შორეულ წარსულში, შემცირებისას ყველა დასაქმებულს საკონფერენციო ოთახში იბარებდნენ და ახალი ამბის ყველას თვალწინ გაგების შემდეგ, მათ უწევდათ უკან საკუთარ მაგიდასთან მისვლა ნივთების შესაგროვებლად. დისტანციური შემცირების მიზანია დასაქმებულს ჰქონდეს პირადი სივრცე, კომპანია მოეპყრას მას ღირსეულად, კონფიდენციალურად და მაქსიმალურად კომფორტულად.
მიუხედავად ამ ჰუმანური მიზნებისა, იმეილით ან Zoom-ში ზარის დროს შემცირების ამბის გაგება საკმაოდ უხეშად ჟღერს. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დასაქმებულებს იმავე წამს ეთიშებათ ყველანაირი კავშირი კომპანიასთან და კომპიუტერთან. თუმცა ეს შემცირებების მიმართ არსებული კულტურის ლოგიკური განვითარებაა. ადრეულ პერიოდში, პროფესიულ სტანდარტად მიიჩნეოდა შემცირების ამბის პირადად შეხვედრაზე თქმა. ითვლებოდა, რომ ეს იყო უფრო ჰუმანური მიდგომა დასაქმებულის მიმართ, რომელმაც დიდი დრო და ენერგია ჩადო კომპანიაში. თუმცა, დროსთან ერთად იცვლება შრომით ბაზარზე არსებული ტრენდები და მიდგომებიც.
პირისპირ შეხვედრები კარგი საშუალებაა იმისთვის, რომ მაქსიმალური მხარდაჭერა აგრძნობინო დასაქმებულს, დარწმუნდე, რომ კარგად იქნება, შესთავაზო დახმარება და პასუხი გასცე მის კითხვებს. თუმცა, ისტორიულად, პირისპირ ამგვარი შეხვედრების ჩატარების მოტივატორი ისიც იყო, რომ ლიდერს არ უნდა გამოეჩინა სისუსტე და არ უნდა შეშინებოდა ცუდი ამბის გაჟღერების. პრაქტიკაში, უფროსები ცდილობდნენ ამ დავალების სხვებზე დელეგირებას და თავად ნაკლებად ხვდებოდნენ შესამცირებელ თანამშრომლებს. დიდი რეცესიის შემდეგ, კომპანიებმა დაიწყეს კორპორაციული იურისტების რჩევების უფრო მეტად გათვალისწინება, რამაც შემცირებების პროცესი კიდევ უფრო ცივი გახადა. ხშირად ამგვარი შეხვედრები, თანამშრომლის ესკორტით შენობიდან გამოცილებით სრულდებოდა.
მიუხედავად იმისა, როგორი ჰუმანური მიზნებიც არ უნდა ამოძრავებდეს დამსაქმებელს, დასაქმებულის გადმოსახედიდან არ არსებობს კარგი შემცირება. შემცირება მისთვის ნიშნავს, რომ სამსახურის გარეშე დარჩა ხშირად არასწორი მენეჯმენტის ბრალით. თუმცა, კომპანიებმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ, რომ ამგვარ დროს ტონი და შესრულების ფორმა ძალიან მნიშვნელოვანია.
წყარო - Welcome to remote layoffs, where workers are let go from the living room | Fortune