ტერმინი „ხელოვნური ინტელექტის“ გაგონებისას ბევრ ადამიანს წარმოუდგება ჰუმანიოდი რობოტი Ex Machina-დან ან C-3PO-ს მსგავსი არსება ვარსკვლავური ომებიდან. ადამიანების უმრავლესობა ვერ იაზრებს, რამდენად ხშირად იყენებს ხელოვნურ ინტელექტს ყოველდღიურ ცხოვრებაში. Google-ის საძიებო სისტემა, ამაზონის მიერ პერსონალიზირებული პროდუქტების შემოთავაზებები, ვებგვერდებზე განთავსებული ჩატბოტები, რამდენიმე მაგალითია იმისა, რომ ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველი დღის შემადგენელი ჩვეულებრივი ნაწილია.
ხელოვნური ინტელექტი არ არის რაიმე საფრთხე, რომელიც ჩაანაცვლებს ადამიანებს და უფუნქციოდ დატოვებს მათ. პირიქით, ის პირველ რიგში ადამიანების დამხმარე საშუალება იქნება, რომელიც გამოაცლის მათ მოსაწყენ საქმეებს და მისცემს მეტ დროს შემოქმედებითი აზროვნებისთვის.
ჭკვიანი ტექნოლოგიების გამოყენება აქტიურად შეგვიძლია სწავლისთვის და განვითარებისთვის. დღევანდელ შრომით ბაზარზე, დასაქმებულის სწავლა და განვითარება უფრო მეტია, ვიდრე თანამშრომლებისთვის ერთჯერადი ტრენინგის ჩატარება. სწავლა უნდა იყოს განგრძობითი პროცესი, რომელიც გახდება კომპანიის კულტურის ნაწილი და მუდმივად მისცემს დასაქმებულებს განვითარების და ახალი უნარების შეძენის შესაძლებლობას.
როგორ შეიძლება სამსახურში ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირება სწავლის და განვითარებისთვის?
დამსაქმებლები თანამშრომლების ტესტირებისთვის და ტრენინგებისთვის ხშირად იყენებენ ელექტრონულ პლატფორმებს. სასწავლო პლატფორმების მეშვეობით, ადმინისტრატორს შეუძლია თვალი ადევნოს სწავლის პროცესის მიმდინარეობას და შეაფასოს შედეგები. ამ პროცესში ხელოვნური ინტელექტის ჩართვას განსაკუთრებული როლი აქვს. მან უნდა შეაგროვოს მონაცემები და შესთავაზოს მომხმარებელს პერსონალიზირებული სწავლის გამოცდილება - შეამოწმოს მისი ცოდნის არსებული დონე, დასწავლის გამოცდილება ააგოს მის პირად საჭიროებებზე. ხელოვნურმა ინტელექტმა კონკრეტულ ადამიანს უნდა შეუსაბამოს სასწავლო მასალების სირთულე, მისი პროგრესის შესაბამისად განსაზღვროს სწავლის დრო და ხანგრძლივობა. პლატფორმას უნდა შეეძლოს ყველა ჩამოთვლილი მაჩვენებლის ცვლილება ინდივიდუალური საჭიროებების შესაბამისად.
კაცობრიობის ისტორიის განმავლობაში, ადამიანებმა ბევრჯერ მოახდინეს ფიზიკური სამუშაოს ავტომატიზირება. ახალი გამოგონებები სამუშაო პროცესებს უფრო ეფექტურს და ნაკლებად ხარჯიანს ხდის. ჭკვიან ტექნოლოგიებს დღეს შეუძლიათ შეამცირონ მოსაწყენი ადმინისტრაციული საქმე და მეტი დრო დაუტოვონ ადამიანებს ინოვაციებისთვის.
ხელოვნურ ინტელექტს ადამიანზე სწრაფად შეუძლია შეასრულოს ტექნიკური დავალებები, მაგალითად, ტექსტის შეჯამება, წერის შესაბამისი სტილის შერჩევა, მომხმარებლების ბაზის ანალიზის შედეგად პერსონალიზირებული კითხვარის შედგენა, ტექსტის გაანალიზება და მისი შესაბამისი ფოტოს შექმნა, სცენარების გასწორება და სხვა.
ხელოვნური ინტელექტი დაგეხმარებათ კომპანიაში კომუნიკაციის ხარისხის გაუმჯობესებაში, ის თავად უზრუნველყოფს, რომ ყველას ჰქონდეს თანაბარი წვდომა მნიშვნელოვან ინფორმაციაზე. ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია დაწეროს შეხვედრის ოქმები, მიაწოდოს ინფორმაცია მომხმარებლებს ჩატბოტების მეშვეობით.
დასწავლის პროცესი, როგორც წესი ცალმხრივია. ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით ეს პროცესი შეიძლება ორმხრივი გახდეს და დიალოგს დაემსგავსოს, მას შეუძლია მოუსმინოს მომხმარებლის პრეფერენციებს და შესაძლებლობებს და შესაბამისად შეცვალოს სწავლის პროცესი.
ხელოვნური ინტელექტის გამოყენება შეიძლება გემიფიკაციაშიც. მისი დახმარებით შეიძლება შეიქმნას ინტერაქციული, იმერსიული გამოცდილება, რომელიც სამსახურთან დაკავშირებულ მოსაწყენ სატრენინგო მასალას გადააქცევს საინტერესო სწავლის გამოცდილებად. ჩატბოტები და დასწავლის სცენარები შეიძლება მორგებული იყოს თანამშრომლის გამოცდილებაზე, კარიერულ პოზიციაზე, კომპეტენციაზე. ჩატბოტისთვის დასაქმებულის მიერ მიწოდებული ინფორმაცია, თავის მხრივ დაეხმარება კომპანიას, უკეთ გაიცნოს დასაქმებული, შეიტყოს მათი საჭიროებების შესახებ.
თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებაზე საუბარს მუდამ სდევს თან ღელვა არსებულ სამსახურებზე. ხელოვნური ინტელექტი ადამიანის ფიქრის იმიტაციას ახდენს, ის ვერ ჩაანაცვლებს დიზაინერის კრიატიული ფიქრის სტილს ან კრეატიული დირექტორის ხედვას, თუმცა ის შეიძლება დაეხმაროს მათ ახალი იდეების უფრო სწრაფად გენერირებაში.