პროკრასტინაცია ბევრი ადამიანის „სენია“. ადამიანები გეგმავენ ამა თუ იმ ამოცანის შესრულებას, მაგრამ ამავდროულად უამრავ მიზეზს იგონებენ მათ გადასადებად. ჩვენ ვადგენთ ჩვენი შესასრულებელი ამოცანების სიას, ვანიჭებთ ამოცანებს პრიორიტეტებს, ჩვენ ვასრულებთ პატარა ამოცანებს, როგორიცაა იმეილის გაგზავნა, თუმცა უფრო დიდი და კომპლექსური საქმეები ხელუხლებელი გვრჩება. ბოლოს, როდესაც შესასრულებელი ამოცანების სიაში შეუსრულებელი საქმეები გვიგროვდბა, საკუთარი თავით იმედგაცრულებულები ვართ.
პრობლემა ადამიანის ტვინშია. ადამიანების უმრავლესობა ცდილობს, გააკეთოს ის საქმე, რომელიც დღევანდელი შრომის სანაცვლოდ უკეთეს მომავალს ჰპირდება. მიზეზი ისაა, რომ ადამიანის ტვინს შეუძლია უფრო მეტად კონცენტრირდეს კონკრეტულზე და ნაკლებად აბსტრაქტულზე. ამიტომაც, მიმდინარე შემაფერხებელი ფაქტორები უფრო ხელშესახებია, ვიდრე ბუნდოვანი სამომავლო სარგებელი. ასე რომ, ადამიანის გონებაში მოკლევადიანი ძალისხმევა უფრო დომინირებს, ვიდრე გრძელვადაში პროგრესი ამას ქცევითი ფსიქოლოგები აწმყოს გავლენას უწოდებენ.
როგორ უნდა გავხდეთ ნაკლებად „ახლომხედველები“ ჩვენი ამოცანების შესრულებისას? ყველაფერი Cost-Benefit ბალანსზეა დამოკიდებული. მნიშვნელოვანია, ამოცანების შესრულების სარგებელი უფრო ხილვადად და ხელშესახებად ვაქციოთ. ამის შემდეგ, დანახარჯიც უფრო ნაკლები მოგვეჩვენება. შესრულებული სამუშაოს ჯილდო უფრო დიდი ემოციების მომტანია, ვიდრე მისი შესრულების იმწუთიერი ტკივილი
როგორ უნდა ვაქციოთ ჩვენი შესასრულებელი ამოცანების სარგებელი უფრო რეალურად აღსაქმელი?
სამუშაოს შესრულებით გამოწვეული დადებით შეგრძნებები. მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ადამიანები საპენსიო ასაკისთვის უფრო მეტად ზოგავენ ფულს, თუ მათ ხელოვნურად დაბერებულ საკუთარ ფოტოსურათს აჩვენებ. დაბერებული ფოტოსურათები ადამიანის მომავლის აღქმას უფრო რეალურს ხდის. შესაბამისად, მომავლისთვის ფულის დაზოგვა მეტ მნიშვნელობას იძენს. ხშირად, ჩვენი ამოცანების შესასრულებლად საკმარისია მხოლოდ მომავალი სარგებელი წარმოვიდგინოთ. თუ ადამიანი ვინმეს ზარს ან მეილს არ პასუხობს, კარგია თუ წარმოიდგენს საკუთარ კმაყოფილებას ამ ამოცანის გადაჭრის შემდეგ, ან თუნდაც სხვის სახეს, მაშინ, როცა მისგან იმას მიიღებს, რაც სურს.
საჯაროდ დაანონსება. ჩვენი ტვინის სისტემა დიდ პასუხისმგებლობას გრძნობს სოციალურ სტატუსზე და შესაბამისად, სხვა ადამიანებისთვის იმის თქმა, რომ რაღაცის გაკეთებას ვაპირებთ, ჩვენი ამოცანების შესრულებაზეც მოქმედებს. კვლევების მიხედვით, ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სხვა ადამაინმა პატივი სცეს, თუნდაც უცხომ. ამიტომაც ადამიანების უმრავლესობას არ სურს, რომ სხვების თვალში სულელად ან უპასუხისმგებლოდ გამოიყურებოდეს. მაგალითად, კოლეგისთვის იმის თქმით, რომ „მე დღეს თქვენ ანგარიშს გამოგიგზავნით“, საკუთარ თავს სოციალურ პასუხისმგებლობასაც ვუმატებთ, რომ დაპირება შევასრულოთ.
უმოქმედობის შეგრძნების გადალახვა. სანამ ადამიანები ფიქრობენ რამე ახლის დაწყების დადებით და უარყოფით მხარეებზე, მხედველობიდან რჩებათ ის ფაქტი რომ დადებითი და უარყოფითი მხარეები რაღაც ახლის არ გაკეთებასაც აქვს. მსგავის შეფასებების გამო, ხშირად ადამიანები ვეღარ ხედავენ იმ სარგებელს, რაც რაიმეს გაკეთებას მოაქვს. მაგალითად, ჩავთვალოთ, რომ ერთ-ერთმა თანამშრომელმა არაერთხელ გადადო შეხვედრისთვის მომზადება. ის ყოველ დღე უფრო სასიამოვნო საქმეების შესრულებით არის დაკავებული და შეხვედრისთვის მომზადებას მეორე დღისთვის დებს. თუმცა, თუ ის დაფიქრდება საქმის გადადების უარყოფით მხარეებზე, ნახავს, რომ ხვალ შეიძლება ძალიან გვიან იყოს და შეხვედრებზე კოლეგებს ვერ მიაწოდოს ის ინფორმაცია, რაც მათ რეალურად ჭირდებათ. დაუყოვნებლივ ქმედება კი ამის ალბათობას შეამცირებს.
როგორ აღვიქვათ ჩვენი შესასრულებელი ამოცანისთვის გასაღები ხარჯი უფრო ნაკლებად?
პირველი ნაბიჯი. ხშირად შესასრულებელი ამოცანის გადადების მიზეზი შიშია. ვთქვათ, ადამიანს შესასრულებელი ამოცანების სიაში „ფრანგულის სწავლა“ აქვს, თუმცა მისი შესრულება დაუძლევლად ეჩვენება. გამოსავალი დიდი დავალების პატარ-პატარა ამოცანებად დაყოფაა. კარგი იქნება, თუ საწყის ეტაპზე პირველი ნაბიჯი ძალიან მარტივი შესასრულებელი იქნება. მაგალითად, პირველი ნაბიჯი ფრანგულის სწავლისკენ მეგობრისთვის რჩევის კითხვაა, თუ როგორ ისწავლა ფრანგული. ამ ნაბიჯის შესრულების შემდეგ ადამიანი უფრო მეტად მოტივირებული ხდება, შემდეგი პატარა ნაბიჯების შესასრულებლად.
დაკავშირება. ადამიანის ძალისხმევის ხარჯი უფრო მცირდება მაშინ, როდესაც იგი არასასურველ ამოცანას რაიმე სასიამოვნოს უკავშირებს. უკეთესად რომ ვთქვათ, ადამიანმა ის ამოცანები, რომლის გადადებაც სურს, უნდა დააკავშიროს იმ საკუთარ ქმედებებს, რომლის შესრულებაც არ ეზარება. მაგალითად, თუ ადამიანი სავარჯიშო დარბაზში შესვლამდე თავს ჟურნალის კითხვის უფლებას აძლევს, მისთვის უსიამოვნო ამოცანას სასიამოვნო ქცევას ამატებს. ადამიანს შეუძლია მისთვის არასასურველი საქმის შესრულების დისციპლინა გამოიმუშაოს იმით, რომ საკუთარ თავს მისი შესრულება მყდრო კაფეში, საყვარელ სასმელთან ერთად აღუთქვას.
კითხვების დასმა და პასუხების მიღება. ხშირად, ადამიანები არასასურველ საქმიანობას თუ ამოცანებს უტრიალებენ, ცდილობენ გააკეთონ, მაგრამ გადადების ცდუნება ისევ მაღალია, პირველი ნაბიჯის გადადგმა არ სურთ. მათ თავში ტრიალებს ფრაზა : „კი, კარგი იდეაა, მაგრამ... არა“. ადამიანმა საკუთარ თავში არსებულ ხმებს, კითხვები უნდა დაუსვას. უნდა გაარკვიოს, რატომ არ სურს ამ ამოცანის შესრულება და რა ხდის მას ასე უსიამოვნოს. საკუთარ თავთან საუბარს არ სჭირდება აუცილებლად ფსიქოთერაპია. კითხვა „რატომ?“ ჩვენს შეგრძნებებს ფარდას ხდის. ხშირად კეთილშობილური ვალდებულება მოტივაციას აგდებს. მაგალითად, დილით ვარჯიშის სურვილი, შეიძლება, ოჯახთან ერთად საუზმის სურვილმა გაანეიტრალოს. საკუთარ თავთან საუბრით და ბევრი კითხვის დასმით, ადამიანი უფრო მარტივად იპოვის გზას ამ დაბრკოლების გადასალახად.
ასე რომ, ადამიანმა საკუთარ პროკრასტინაცაის მისტიურად არ უნდა შეხედოს. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენს ტვინს დახმარება სჭირდება იმისათვის, რომ უფრო შორსმხედველი იყოს. მთავარია მცდელობა, გადავდგათ პატარა და მარტივი ნაბიჯები და ვიგრძნოთ ჩვენი ქმედებების დადებითი მხარეები. თქვენი შესასრულებელი სამუშაოების სია ამისთვის ნამდვილად მადლობას გადაგიხდით.