TED (Technology, entertainment and design - ტექნოლოგია, გართობა და დიზაინი) არის არაკომერციული ორგანიზაცია, რომლის მთავარი მიზანია ცვლილებების ინსპირირება მოკლე და ძლევამოსილი საჯარო გამოსვლებით. TED გამუდმებით ეძებს ახალ, ქარიზმატულ ლიდერებს, რომლებიც საერთაშორისო აუდიტორიისთვის წარადგენენ მყარი მტკიცებულებებით გამყარებულ ახალ იდეებს. ნებისმიერ ადამიანს მთელი მსოფლიოდან შეუძლია მიიღოს მონაწილეობა ამ ღონისძიებაში. TED-ის სიტყვით გამოსვლისთვის თანხმობის მიღება განსაკუთრებით რთულია, თუმცა, მსოფლიოს სხვადასხვა ლოკაციაზე ხშირად ტარდება TEDx ღონისძიებები, სადაც მეტია სპიკერად არჩევის ალბათობა.
Forbes გვიზიარებს 5 რჩევას, როგორ შეიძლება აქციოთ თქვენი სამუშაო გამოცდილება TEDx-ის გამოსვლად:
1. აირჩიეთ კონკრეტული მიმართულება;
განსაზღვრეთ თქვენი პროფესიული სფეროდან ნიშური მიმართულება, რომელიც ყველაზე მეტად გაინტერესებთ. გაიღრმავეთ ცოდნა ამ მიმართულებით. TEDx-ის ღონისძიებები უფრო მეტია ვიდრე უბრალოდ საჯარო გამოსვლა. გამოსვლას თან მოსდევს დისკუსია, შესაბამისად, რაც უფრო მეტად ინფორმირებული იქნებით, მით უფრო აქტიურად შეძლებთ მონაწილეობას საკითხების განხილვაში.
2. დაწერეთ თქვენი გამოსვლის სიტყვა;
TEDx-ის გამოსვლებს უნდა ჰქონდეს წინასწარ განსაზღვრული სტრუქტურა. მონაწილეებს არ შეუძლიათ ექსპრომტად მოფიქრებული სიტყვით წარდგნენ მსმენელების წინაშე. სიტყვის მომზადებისთვის გამოიყენეთ შემდეგი რჩევები:
რატომ: სანამ დაიწყებთ სიტყვის წერას, განსაზღვრეთ რატომ წერთ მას. ეს მიზეზი დაგეხმარებათ მომზადების ყველა ეტაპზე იყოთ მოტივირებული და ორგანიზებული.
ხანგრძლივობა: TEDx-ის გამოსვლები, როგორც წესი, 18 წუთი გრძელდება, თუმცა, რეკომენდირებულია 10 წუთიანი სიტყვის მომზადება.
ვინ: მნიშვნელოვანია განსაზღვროთ ვინ არის თქვენი აუდიტორია, რომ სწორად შეარჩიოთ გამოსვლის თემატიკა, გამოსაყენებელი ენა და ისტორიები.
3. გაივარჯიშეთ საჯაროდ საუბრის უნარები;
აუდიტორიის წინაშე საუბარი უნარია და როგორც ყველა სხვა უნარს, მასაც განვითარება სჭირდება. ტექნოლოგიებთან მიჯაჭვულ გარემოში უფრო რთული გახდა ადამიანების ყურადღების დიდხანს მიპყრობა. საჯარო გამოსვლამდე მნიშვნელოვანია, გაივარჯიშოთ საჯაროდ საუბრის უნარები:
შეისწავლეთ გამოცდილი საჯარო გამოსვლები: დიდი ორატორები, როგორიც იყვნენ უინსტონ ჩერჩილი, მარტინ ლუთერ კინგი გამოირჩევიან საჯარო გამოსვლის განსაკუთრებული ხელოვნებით. წაიკითხეთ წიგნები მათ შესახებ და უყურეთ მათი გამოსვლების ვიდეოებს შთაგონებისთვის.
გაივარჯიშეთ სხეულის ენა: ბევრ ადამიანს არ უყვარს საჯარო გამოსვლა, რის გამოც ამგვარ სიტუაციაში თავს დაძაბულად და უხერხულად გრძნობენ. ეფექტური გამოსვლისთვის უნდა შეინარჩუნოთ სწორი პოზა, იმოძრაოთ ბუნებრივად, დაამყაროთ კონტაქტი თვალებით აუდიტორიასთან.
გაივარჯიშეთ ხმა და სუნთქვა: სუნთქვასა და ხმაზე კონტროლის შენარჩუნებით თქვენ გააკონტროლებთ თქვენი გამოსვლის ტემპს, არ ისაუბროთ ძალიან სწრაფად. მოიძიეთ ვიდეო გაკვეთილები სუნთქვის და ხმის კონტროლის შესახებ.
ჩაიწერეთ თქვენი გამოსვლები: თქვენი სიტყვის ჩაწერით და შემდეგ მოსმენით უფრო მარტივად მოახერხებთ განსაზღვროთ თქვენი სუსტი და ძლიერი მხარეები.
4. ივარჯიშეთ სიტყვით გამოსვლაში;
რაც უფრო მეტს ივარჯიშებთ, მით უფრო მეტად თავდაჯერებული იქნებით საჯარო გამოსვლის დღეს. ზოგიერთი ექსპერტის რჩევით კარგია, თუ თქვენს სიტყვას დაიზეპირებთ, ზოგიერთი კი თვლის, რომ მთავარია მხოლოდ ძირითადი ნაწილები გახსოვდეთ ზეპირად. აირჩიეთ თქვენთვის ყველაზე კომფორტული მიდგომა.
5. დაუკავშირდით TEDx-ის ორგანიზატორებს;
რომაელი ფილოსოფოსი სენეკა ამბობდა „იღბალი ხდება მაშინ, როდესაც მომზადება და შესაძლებლობა ემთხვევა ერთმანეთს“. მოემზადეთ იქამდე, სანამ შეავსებთ TEDx-ის სპიკერობის აპლიკაციას, რადგან არასდროს იცით როდის მიიღებთ თანხმობას ორგანიზატორებისგან. იყავით მზად და ამით თავიდან აირიდებთ დროის მოკლე პერიოდში მომზადების სტრესს.
თქვენი სამუშაო გამოცდილების TEDx-ის სიტყვით გამოსვლად გარდაქმნას დასჭირდება დრო, ძალისხმევა და მომზადება. თქვენს სფეროში ექსპერტობა TED-ში მისასვლელ კარს გაგიღებთ, თუმცა შესასვლელად დაგჭირდებათ დამატებითი შრომა.
წყარო - 5 Ways To Turn Your Work Expertise Into A TEDx Talk (forbes.com)