სამუშაო პროცესებში დასაქმებულთა ჩართულობის მაჩვენებლები წლების განმავლობაში უარესდება. კომპანიებმა ბევრ სხვადასხვა გზას მიმართეს ამ მაჩვენებლების გასაუმჯობესებლად, მაგალითად სრულად აღჭურვილი სამზარეულოები სამსახურში, პინგ პონგის მაგიდები, მოსასვენებელი და გასართობი სივრცეები და ა.შ. თუმცა, უშედეგოდ.
შეიძლება გსმენიათ ან თავად გამოგიცდიათ უახლესი ტრენდი, რაც დასაქმებულების ჩართულობის ნაკლებობის შედეგად ხდება - სამსახურიდან ე.წ. „ჩუმი“ წასვლა. ეს ტერმინი მოიაზრებს, რომ დასაქმებულები რჩებიან სამსახურში, თუმცა აკეთებენ შესასრულებელი სამუშაოს აბსოლუტურ მინიმუმს. ზოგიერთი გამოცემა ამ ტრენდს პანდემიას აბრალებს, თუმცა ეს ასე არ არის.
Gallup-ის სამუშაო ადგილების გლობალური მდგომარეობის შესახებ 2022 წლის კვლევის თანახმად, დასაქმებულთა მხოლოდ 21% უთითებს, რომ ჩართულია სამუშაო პროცესებში.
Forbes გვიზიარებს რჩევებს, თუ როგორ შეიძლება კომპანიაში კულტურის შექმნა, რომელიც თავად უზრუნველყოფს თანამშრომლების ჩართულობას:
- დააკვირდით უყურადღებობის ნიშნებს;
უყურადღებობა სხვადასხვა დასაქმებულის შემთხვევაში, განსხვავებულად ვლინდება. შეიძლება შენიშნოთ, რომ ისინი ნაკლებად არიან აღფრთოვანებული შესასრულებელი სამუშაოთი, ნაკლებად ინდომებენ, დისტანცირებულნი არიან გუნდისგან და სამუშაოსგან. ამგვარი დასაქმებულის პროდუქტიულობა, ენერგია და ეფექტურობა იკლებს. ამ სიმპტომების აღმოჩენისთანავე უნდა შეცვალოთ მიდგომები. ცვლილებების განსახორციელებლად მნიშვნელოვანია შექმნათ იმგვარი კულტურა სამსახურში, რომ დასაქმებულს უნდოდეს ამ კულტურის ნაწილად ყოფნა.
- კომპანიის კულტურა ორიენტირებული უნდა იყოს დასაქმებულებზე;
ყველა კარგ ლიდერს უნდა კომპანიაში ისეთი კულტურის ქონა, სადაც გუნდის ყველა წევრი თავს ბედნიერად იგრძნობს და ექნება ზრდის შესაძლებლობა. დასაქმებულებს უნდა შეუქმნათ იმგვარი გამოცდილება, რომ თქვენს კომპანიაში მუშაობის პერიოდი მუდმივად გაიხსენონ, როგორც „ნათელი წერტილი“ მათ კარიერაში.
ბევრი ლიდერი ქმნის კულტურას, რომელიც სრულად დამოკიდებულია პროგრამებზე და არ ითვალისწინებს ადამიანებს. ისინი ზრუნავენ პროცესების წარმართვაზე - საჩუქრებზე, მრგვალი თარიღების აღნიშვნაზე, გართობაზე იმის ნაცვლად, რომ გაითვალისწინონ დასაქმებულების საჭიროებები და ამ საჭიროებების დაკმაყოფილებით გაზარდონ მათი ჩართულობა სამუშაო პროცესში.
- გაუნაწილეთ პასუხისმგებლობები დასაქმებულებს და აღიარეთ მათი კონტრიბუცია
სამსახურში პოზიტიური კულტურის და დასაქმებულებისთვის კარგი გამოცდილების შესაქმნელად, ლიდერებმა პასუხისმგებლობა უნდა გაუნაწილონ დასაქმებულებს. ამით თქვენ თანამშრომლებს აგრძნობინებთ, რომ ისინი წარმოადგენენ კომპანიას და თავად ქმნიან კომპანიის კულტურას და ღირებულებებს. სამსახური უნდა გახდეს ადგილი, სადაც თანამშრომლები გრძნობენ საკუთარი თავის გამოხატვის შესაძლებლობას, სადაც შეუძლიათ სხვა ადამიანებთან მნიშვნელოვანი კავშირების დამყარება და ადგილი, სადაც მათ გაწეულ სამუშაოს აფასებენ.
თანამედროვე შრომით ბაზარზე ენერგიული, ჩართული და მოტივირებული გუნდის ყოლა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე. კომპანიას, რომელიც ინარჩუნებს მოტივირებულ დასაქმებულებს, შეუძლია მოიზიდოს ახალი ტალანტები, იყოს მათთვის სასურველი დამსაქმებელი და შეინარჩუნოს ისინი. კომპანიაში პოზიტიური კულტურის არსებობა თქვენს კომპანიას აქცევს ადგილად, სადაც ყველას სურს მუშაობა.
წყარო - How Executive Leaders Can Promote A Culture That Engages Employees (forbes.com)