Flexjobs-ის სამუშაო ადგილზე ტოქსიკურობის კვლევის თანახმად, გამოკითხული 8’400 მონაწილიდან 87%-მა აღნიშნა, რომ კარიერის განმავლობაში მინიმუმ ერთხელ უმუშავია ტოქსიკურ მენეჯერთან. ამავე კვლევაში, 43%-მა სამსახურიდან წასვლის მიზეზად ტოქსიკური მენეჯერის ყოლა მიუთითა. კვლევის მონაწილეებმა ყველაზე გავრცელებულ ტოქსიკურ თვისებებად აღნიშნეს - პასიურ-აგრესიული ქცევა, ზრდის ხელშეშლა და უხეში ან შეურაცხმყოფელი ქცევები.
მიუხედავად მენეჯერის ტოქსიკურობისა, ხშირად, ბევრი დასაქმებული ვერ ახერხებს სამსახურიდან დაუყოვნებლივ წასვლას, რასაც ბევრი განსხვავებული მიზეზი განაპირობებს. Forbes გვიზიარებს 4 სტრატეგიას, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ ტოქსიკურ მენეჯერთან ურთიერთობისას:
დააკვირდით მენეჯერს და მოინიშნეთ მისი რეაქციები. როდის არის მისი ქცევა ნაკლებად ტოქსიკური? სასიამოვნო? მხოლოდ კონკრეტულ ადამიანებთან და კონკრეტულ დროს იქცევა ამგვარად - მაგალითად, ახალი პროექტის დაწყებისას?
ამგვარი მიდგომით სამი მიზნის მიღწევა შეიძლება. პირველ რიგში, დამკვირვებლის პოზიციაში ყოფნით მოახერხებთ სიტუაციისგან დისტანცირებას და დამშვიდებას. მეორე მხრივ, უკეთ გაიცნობთ მენეჯერს და დაგეგმავთ მასთან კომუნიკაციის დამყარების სტრატეგიას. და ბოლოს, დამკვირვებლის როლში ყოფნა გაძლევთ სიტუაციაზე კონტროლის საშუალებას, პასიურად რეაქციის გამოხატვის ნაცვლად, თქვენ აკვირდებით, ინიშნავთ და სწავლობთ.
ტოქსიკურ მენეჯერთან ურთიერთობისას შეეცადეთ აკონტროლოთ ემოციები. რობოტები წინასწარ მომზადებული სცენარებით მოქმედებენ. თუ შესაძლებელია, შეიმუშავეთ მსგავსი ავტომატური პასუხები, რომლებიც კონფლიქტურ სიტუაციებში განმუხტავს დაძაბულობას.
FlexJobs-ის კვლევაში გამოკითხულთა 28%-მამენეჯერის ტოქსიკურობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა მის ზემდგომ პირს, 21%-მა ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტს, თუმცა - უშედეგოდ. ეს ცუდი გამოცდილება იმას არ ნიშნავს, რომ კომპანიის შიგნით თანამშრომლებთან არ უნდა ეძებოთ მხარდაჭერა. რამდენიმე კოლეგის საერთო პრობლემის ირგვლივ გაერთიანებას შეუძლია რეალური ცვლილებების გამოწვევა.
კომპანიაში მჭიდრო კავშირების ჩამოყალიბება თანამშრომლებთან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. არ აქვს მნიშვნელობა მენეჯერის ტოქსიკურობას, თქვენი მნიშვნელობის, შესრულებული საქმის დემონსტრირება სხვა თანამშრომლებთან, დაგეხმარებათ კარიერულ წინსვლაში. როგორც წესი, მსგავს გადაწყვეტილებას მხოლოდ ერთი მენეჯერი არ იღებს. სხვებთან ურთიერთობისას შეგიძლიათ განსაზღვროთ კომპანიაში ტოქსიკური კულტურაა თუ მხოლოდ ერთი მენეჯერია გამონაკლისი.
თუ ტოქსიკურობა კომპანიაში ჩვეულებრივი მოვლენაა, დაიწყეთ ახალი ვაკანსიების მოძიება. იმ შემთხვევაშიც კი, თუ კონკრეტულ მომენტში არ გსურთ სამსახურიდან წასვლა, შეიძლება ეს გადაწყვეტილება მოგვიანებით შეცვალოთ. ვაკანსიების მოძიებით სიტუაციაზე კონტროლს საკუთარ ხელში იღებთ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ არ გადახვალთ სხვა სამსახურში, შეაგროვებთ ინფორმაციას ახალი ტრენდების, მოთხოვნადი პოზიციების შესახებ, რომელსაც სურვილის შემთხვევაში ნებისმიერ დროს გამოიყენებთ.