სწორია თუ არა ჩარჩოებს მიღმა ფიქრი ინოვაციური იდეების მისაღებად?
ამ კითხვაზე პასუხისთვის, თქვენს გუნდში ჩაატარეთ ექსპერიმენტი. დააწყვილეთ გუნდის წევრები და აჩვენეთ მათ ჩვეულებრივი აგური და „მიჰყევით ინსტრუქციას“:
ექსპერიმენტის პირველი ეტაპი: გუნდის წევრებს მიეცით შემდეგი დავალება: წყვილთან ერთად ჩამოთვალონ , რაში შეიძლება ამ ერთი აგურის გამოყენება. მოსაფიქრებლად 30 წამი და არჩევნის სრული თავისუფლება მიეცით. მსგავს შემთხვევაში, მონაწილეები აგურს კარის გაჩერების ან იარაღის ფუნქციას მოუძებნიან.
ექსპერიმენტის მეორე ეტაპი: მეორე შემთხვევაში წყვილებს თხოვეთ, მოიფიქრონ აგურის გამოყენების გზები კონკრეტულ სიტუაციებში,მაგალითად, სამზარეულოში. პასუხის მოსაფიქრებლად კვლავ 30 წამი მიეცით. ამჯერად ბევრად საინტერესო პასუხებს მიიღებთ. მონაწილეებმა აგურს შესაძლოა ცომის დაბრტყელების ან სხვა კულინარიული იარაღის ფუნქცია მოუძებნონ
ბოლოს, ყველა მონაწილეს დაუსვით კითხვა: რომელი მიდგომით მიღებული გადაწყვეტილება იყო უფრო კრეატიული? შესთავაზეთ სამი სავარაუდო პასუხი: 1) შეზღუდვების გარეშე მიღებული გადაწყვეტილება 2) კონკრეტული შეზღუდვის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება 3) ორივე შემთხვევაში მიღებული გადაწყვეტილება ერთნაირია.
ძირითად შემთხვევებში, გუნდის წევრების 90% მეორე პასუხს ირჩევს. ამ მეთოდის გამოყენება მეტ არჩევანს და პრობლემის გადაჭრის რელევანტურ გზებს იძლევა. პირველი მიდგომა მრავალფეროვან, თუმცა უხარისხო და პრობლემთან შეუსაბამო გადაწყვეტილებებს გვაძლევს.
როგორც ვხედავთ, გუნდის წევრების ფიქრის ჩარჩოებში მოქცევით, მათი კრეატიულობა იზრდება. როგორც ჩანს, ჩვენს ტვინს შეზღუდვები უყვარს, რადგან ეს უკეთესად ფიქრისა და კონცენტრაციის საშუალებას გვაძლევს.
როგორ გამოიყენება ეს მიდგომა ბიზნეს გარემოში?
კლიენტს თავისი პროდუქტის ახალ ბაზარზე გატანა სურდა. ისინი სამუშაო გუნდთან შემდეგი კითხვით მივიდნენ: „როგორ უნდა ადაპტირდეს ჩვენი პროდუქტი ახალ ბაზარზე?“ პასუხად გამოუსადეგარი შეთავაზებები მიიღეს.
გუნდის კრეატიულობის გასაზრდელად ახალი მიდგომა სცადეს. გააკეთეს 200-მდე ინდუსტრიის ჩამონათვალი და გააკრეს კედელზე. ყოველ სამუშაო დღეს, მენეჯმენტი სიიდან თითო ინდუსტრიას ირჩევდა, გუნდი კი ამ ინდუსტრიაში პროდუქტის განვითარების გზებზე მსჯელობდა. ეს გზა მათ კონკრეტულ საბაზრო სეგმენტზე მეტი წარმოდგენის შექმნაში დაეხმარა. გუნდის წევრების ფიქრის ჩარჩოში მოქცევამ, მათი გადაწყვეტილებების ეფექტიანობა გაზარდა.
ხშირად, ინოვაციურობისთვის უარს ვამბობთ ფიქრის არსებულ სტრუქტურებზე. ამ მიდგომამ შესაძლოა, ვერ მიგვაღებინოს სასურველი შედეგი. როგორც ვნახეთ მეტი სტრუქტურა, ხშირად მეტი ინოვაციური იდეის წარმოქმნის საწინდარია.
სხვაგვარად რომ ვთქვათ, ნუ იფიქრებთ ჩარჩოებს მიღმა, ეძებეთ ახალი ჩარჩო.