ყველა კარგ მენეჯერს ერთი საერთო მახასიათებელი აქვს - დასაქმებულებზე ზრუნვა. ისევე, როგორც ყველა ცუდ მენეჯერს აერთიანებს ერთი ნიშანი - უსამართლობა.
კარგ მენეჯერებს დასაქმებულები, როგორც წესი ამგვარად ახასიათებენ:
- „ჩემზე ზრუნავს, მისთვის მნიშვნელოვანი ვარ მე, როგორც პიროვნება.“
- „აინტერესებს ჩემი სამომავლო გეგმები, ზრუნავს და მეხმარება იმ სხვადასხვა უნარების გაძლიერებაში, რაც მიზნების მიღწევაში დამეხმარება.“
ადამიანებს იზიდავენ მზრუნველი მენეჯერები. ზრუნვის ფორმულა მარტივია - იმისთვის, რომ თქვენზე იზრუნონ, აუცილებელია გასცეთ ზრუნვა. ლიდერისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გაიცნოს მისი გუნდის წევრები, გაიგოს რას ფიქრობენ, რა აწუხებთ, შეიტყოს მეტი მათი ცხოვრების და ინტერესების შესახებ. მიღებული ინფორმაცია კი შემდეგ გამოიყენოს გუნდის სწორად და სამართლიანად მართვისთვის. ლიდერი ვერ გახდება კარგი მენეჯერი, სამართლიანობის გარეშე.
უსამართლო ლიდერი, რომელიც არ ზრუნავს დასაქმებულებზე
ცუდი მენეჯერის დახასიათებისას, დასაქმებულები, როგორც წესი უთითებენ, რომ:
- „ყოველთვის დღის ბოლოს ელოდება იმისთვის, რომ შესასრულებლად რთული დავალება მომცეს და მითხრას რომ დილისთვის უნდა იყოს მზად. მეორე დღეს კი საღამომდე არც კი გადაიკითხავს ჩემს მომზადებულ დოკუმენტებს.“
- „მუდმივად იცვლის პოზიციებს. მის დავალებაზე მუშაობის ბოლოს გადაიფიქრებს და მავალებს თავიდან შევასრულო მთელი საქმე.“
- „ყველაფერი ცუდია რასაც ვაკეთებ. ალბათ მე არ მოვწონვარ. ჩემს თანამშრომელს იგივე საქმე რომ გაეკეთებინა, მოეწონებოდა, ჩემი გაკეთებული - არ მოსწონს.“
თუ ლიდერი სამართლიანია, ამ კომპონენტზე არავინ საუბრობს, თუმცა თუ ლიდერი უსამართლოა, დასაქმებულებისთვის ყველა უკმაყოფილება ამით არის გამოწვეული.
მენეჯერისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კომპანიაში სამართლიან ლიდერად აღიქვამდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, დასაქმებულები უბრალოდ გაიქცევიან სამსახურიდან.
სამართლიანი ლიდერები, რომლებიც არ ზრუნავენ დასაქმებულებზე
სამართლიანი ლიდერები, რომლებიც არ ზრუნავენ დასაქმებულებზე დიდად არ აზიანებენ კომპანიას, თუმცა არც მის კეთილდღეობაზე ზრუნავენ. ისინი მიიჩნევიან ლიდერებად, რომლებიც ნაკლებად არიან ჩართულნი სამუშაო პროცესში, ისინი არ შთააგონებენ დასაქმებულებს, თითქოს საერთოდ არ არიან სამსახურში.
თუ გუნდს ლიდერი არ ჰყავს, გუნდის წევრებმა შეიძლება თავად მართონ გუნდი ან მათ შორის ბუნებრივად გაჩნდეს ახალი ლიდერი. ლიდერი, რომელიც არ ზრუნავს საკუთარი გუნდის წევრებზე ხელს უშლის სხვებს განვითარებაში.
მზრუნველი მაგრამ უსამართლო ლიდერი
მზრუნველი, მაგრამ უსამართლო ლიდერები მატყუარებად აღიქმებიან. ისინი სწორ პოზიციებს აჟღერებენ, თუმცა შემდეგ საპირისპიროდ იქცევიან. ამ ქმედებების საპასუხოდ, თანამშრომლები ძალიან მალე ხვდებიან მათ უსამართლობას და კარგავენ ნდობას. ნდობის გარეშე კი შეუძლებელია გუნდის მართვა.
უსამართლო ლიდერები, რომლებიც არ ზრუნავენ დასაქმებულებზე, დესტრუქციულები არიან. უსამართლო, მაგრამ მზრუნველ ლიდერს დასაქმებულები არ ენდობიან. ამ ორი ტიპის ლიდერს შორის განსხვავება უმნიშვნელოა. უსამართლო მენეჯერი ვერასდროს გახდება გუნდის ლიდერი, რომელიც იმსახურებს გუნდის წევრების პატივისცემას და მხარდაჭერას.
წყარო - How Do You Rate As A Fair And Caring Leader? (forbes.com)