ამბობენ, რომ თუ მუდმივად სწავლობ და მუდმივად ვითარდები, ადამიანის არსებობას (და არამარტო კარიერას) საფრთხე არ ემუქრება. სწავლას ბავშვობიდან ვიწყებთ, მერე სკოლაა, მერე უნივერსიტეტი. უნივერსიტეტის შემდეგ ისევ ვაგრძელებთ სწავლის პროცესს: ვიღებთ დიპლომებს, სერტიფიკატებს და სწავლის დამადასტურებელ სხვადასხვა დოკუმენტებს.
“სწავლა კაცს სიბერემდე არ მოსჭარბდებაო”- ქართული ხალხური ანდაზაა, რომლის შემოკლებულ ვერსიასაც “სწავლა სიბერემდე” ხშირად მოვიშველიებთ, როცა რაიმე საინტერესო ამბავს მოვისმენთ ან ისეთ გამოცდილებას შევიძენთ, რაც ადრე არ გვქონია.
ანდაზის შინაარსი ნამდვილად საინტერესოა და ადამიანებისთვის ობიექტურიც. გარდა ტრენინგ ცენტრში ან სასწავლებელში მიღებული ცოდნისა, ადამიანი მუდმივად იღებს ინფორმაციას სხვადასხვა საშუალებებით, მუდმივად გვაქვს ე.წ ცხოვრებისეული გამოცდილებები, როდესაც “ჭკუას ვსწავლობთ”, მუდმივად გვაქვს ახალი საქმე, რომლითაც ასევე ვსწავლობთ, გვაქვს სირთულეები ხან მეგობრებთან, ხან ახლობლებთან, ხან საქმესთან, ბიზნესში და სხვ. მართლაც მუდმივად სწავლის პროცესში ვართ და საკუთარ თავთან, მეგობრებთან, კოლეგებთან და ზოგადად, გარემოსთან ინტერაქციას ვსწავლობთ.
დღეს ნებისმიერი სტატუსის მქონე ორგანიზაცია აქტიურად საუბრობს თანამშრომლების განვითარებაზე, აკეთებს მნიშვნელოვან ინვესტიციას გუნდის წევრებში, შეიძინონ უფრო მეტი ცოდნა ორგანიზაციაში და ორგანიზაციის გარეთ - ტრენინგ ორგანიზაციების დახმარებით. დღეს ჩვენც ძალიან ბევრს ვსაუბრობთ განვითარებაზე და ხშირად, განვითარების სურვილი სამსახურიდან წასვლის მიზეზიც გამხდარა, რადგან საქმე და გარემო ჩვენთვის საჭირო თუ საინტერესო ინფორმაციებს ვეღარ გვაწვდის, ინტერესს ვეღარ აკმაყოფილებს. მოკლედ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ განვითარება ადამიანის ინსტინქტია.
გარემო ფაქტორებისა თუ მენეჯერების დახმარების გარდა, არსებობს თვითგანვითარებაც. ესაა ადამიანის სურვილი და უნარი, ისწავლოს უფრო მეტი და მუდმივად მიიღოს ახალი ცოდნა მისთვის სასურველ თემაზე.
რამდენიმე წლის წინ, ერთ-ერთი კომპანიის აღმასრულებელი დირექტორისგან განვითარების საკმაოდ საინტერესო მეთოდის შესახებ მოვისმინე, რომელიც ძალიან მომეწონა და რომელსაც დღემდე აქტიურად მივმართავთ ჩემი გუნდის წევრები და მეც. კომპანიის დირექტორთან მისი თანამშრომლების განვითარებაზე საუბრისას, ჩვენმა მოსაუბრემ აღნიშნა, რომ ყოველდღე სწავლობს და აი, როგორ - ყოველდღე, ვიკიპედიაში ან გუგლში ეძებს ინფორმაციას იმ საკითხზე, რომელიც მოისმინა საქმიან და არასაქმიან გარემოში საუბრისას. ამ აღმასრულებლის განათლების დამადასტურებელი საბუთების ხარისხი შთამბეჭდავია (არაერთი დიპლომი და უნივერსიტეტი) მაგრამ მისმა ამ ქცევამ ძალიან მომხიბლა. ეს მეთოდი მაშინვე ვცადე და ძალიან საინტერესოა. ყოველდღე ვეძებ ინფორმაციას გუგლში ან ვიკიპედიაში.
მინდა გითხრათ, რომ ჩვენი გუნდის ყველა წევრი მუდმივად კითხულობს, საინტერესო “ლინკებს” ერთმანეთს ვუზიარებთ და სულ “რაღაცაზე” ვმსჯელობთ. თუმცა, აღმოჩნდა, რომ გვყავს თანამშრომელი, ჭკვიანი და “IT კატასტროფებისგან” ჩვენი მხსნელი ლიკა ზუროშვილი, რომელიც სწორედ იმავე მეთოდით ვითარდება, რაც მე სხვისგან ვისწავლე - ვიკიპედიიდან საინტერესო ინფორმაციის მოძებნა და მერე ჩვენთვის გაზიარება. მიუხედავად იმისა, რომ ამაში დიპლომს ან სერტიფიკატს არავინ გვაძლევს, შედეგიც გვაქვს, კმაყოფილებაც და აღიარებაც - რადგან თუ ერთმა არ იცის, მეორეს აუცილებლად ეცოდინება და გაგვიზიარებს ცოდნას. მე მგონია, რომ განვითარების ეს მეთოდი ძალიან საინტერესოა, ხარისხიანიც და სასარგებლოც - რაც გვაინტერესებს, სწორედ იმაზე ვსწავლობთ.
კიდევ ერთხელ დავადასტურებ, რომ არსებობს განვითარებისა და სწავლის უამრავი მეთოდი, მაგრამ ვიდრე სხვები დაგვიჭერენ მხარს სასურველი ცოდნის მიღებაზე, გირჩევთ სცადოთ ეს მეთოდი: ყოველდღე, ნებისმიერ ერთ საკითხზე გუგლში ან ვიკიპედიაში ინფორმაციის მოძებნა. დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ინფორმაციას მიიღებთ, შემდეგ დამატებით ინფორმაციასაც მოძებნით და შემდეგ ამომწურავი ცოდნის შესაძენად წიგნებსაც შეიძენთ.
გისურვებთ, რომ განვითარების სურვილი და უნარი მუდმივად გქონოდეთ თქვენც და ჩვენც!
ავტორი: მედეა ტაბატაძე