Gallup-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ამერიკელი დასაქმებულების უმრავლესობას სურს კვირაში სამუშაო დღეების რაოდენობა ოთხამდე შემცირდეს. კვლევის მონაწილეთა 77%-ს მიაჩნია, რომ ამგვარი ცვლილება განსაკუთრებით ან შედარებით პოზიტიურად აისახება მათ კეთილდღეობაზე. დასაქმებულებმა ასევე მიუთითეს, რომ კომპანიებისგან სურთ მიიღონ მენტალური ჯანმრთელობის დღეები (74%) და ზეგანაკვეთური სამუშაოს შემცირება (73%).
კომპანიების ნაწილი, მაგალითად, როგორებიცაა Amazon, Microsoft, Panasonic დასაქმებულებს სთავაზობენ 4 დღიან სამუშაო კვირას, თუმცა, დამსაქმებლების უმრავლესობა კვლავ 5 დღიანი მოდელის ერთგულეი რჩება.
რატომ?
ექსპერტების აზრით, ამ გადაწყვეტილებას რამდენიმე მიზეზი განაპირობებს - შედარებით დაბალი პროდუქტიულობა (კვლევები ამ მოსაზრების უსაფუძვლობას ადასტურებენ), კადრების რაოდენობის პრობლემა, გაზრდილი ხარჯები და ოპერაციების ცვლილების სირთულე.
5 დღიანი სამუშაო კვირის მოკლე ისტორია
ზეწოლის მიუხედავად, ჰენრი ფორდი ერთ-ერთი პირველი დამსაქმებელი იყო, რომელმაც 1926 წელს სტანდარტად აქცია კვირაში 40 საათის და 5 სამუშაო დღის მოდელი. ფორდს მიაჩნდა, რომ სამუშაო საათების შემცირება მისი ქარხნის მუშებსა და საშუალო კლასის წარმომადგენლების კეთილდღეობაზე დადებითად აისახებოდა. ინდუსტრიული რევოლუციის ადრეულ პერიოდში, ამერიკელი დასაქმებულები განსაკუთრებით ბევრს მუშაობდნენ, სამუშაო საათები კვირაში საშუალოდ 100 საათს და 6 დღეს შეადგენდა. 1938 წელს, პრეზიდენტ ფრანკლინ რუზველტის მიერ, გამოიცა სამართლიანი შრომითი სტანდარტების აქტი, რომელმაც 40 საათიან სამუშაო კვირას სავალდებულო ხასიათი მისცა.
როგორ მუშაობს 4 დღიანი სამუშაო კვირა
უკანასკნელი წლების განმავლობაში, ბევრმა კომპანიამ შეცვალა სამუშაო დღეებთან დაკავშირებული მიდგომები და გადავიდა კვირაში 4 დღიან სამუშაო კვირაზე. ამ მოდელის თანახმად, დასაქმებულები დღეში 8 საათის ნაცვლად 10 საათის განმავლობაში, კვირაში 4 დღე მუშაობენ. ანაზღაურების რაოდენობა იგივე რჩება, თუმცა იცვლება სამუშაო დროის ხანგრძლივობა, რაც დასაქმებულებს აძლევს შესაძლებლობას კვირაში ერთი დამატებითი დასვენების დღე ჰქონდეთ.
4 დღიანი სამუშაო კვირა განსაკუთრებით პოპულარულია მილენიალებს და Gen Z-ის შორის. ამ თაობებისთვის მნიშვნელოვანი ღირებულებაა სამსახურსა და პირად ცხოვრებას შორის ბალანსის დაჭერა. Bankrate-ის კვლევის თანახმად, გამოკითხული ახალგაზრდების 92% უთითებს, რომ ისინი იმუშავებდნენ ყოველდღიურად უფრო მეტ საათს ერთი დამატებითი დასვენების დღის სანაცვლოდ.
გასულ წელს, დიდ ბრიტანეთში 33-ზე მეტი კომპანია გადავიდა 6 თვით 4 დღიან სამუშაო კვირაზე. ამ პერიოდის გასვლის შემდეგ, კომპანიების უმრავლესობა დარჩა ამ მოდელზე, რადგან მათი მონაცემებით, გაიზარდა დასაქმებულების პროდუქტიულობა და ბედნიერების მაჩვენებელი.
4 დღიანი სამუშაო კვირის მიღების სირთულეები
დამსაქმებლები არ იზიარებენ დასაქმებულების საყოველთაო ენთუზიაზმს 4 დღიანი სამუშაო კვირის შესახებ. ADP-ის, 2023 წლის კვლევაში, ამერიკელი დამსაქმებლების მხოლოდ 15% უთითებდა, რომ დასაქმებულებს სთავაზობენ 4 დღიან სამუშაო კვირას.
ცვლილებები რთულია, განსაკუთრებით იმგვარ ეკონომიკურ პირობებში, როდესაც კომპანიებს ნაკლები რისკის აღება სურთ. თუმცა, ინდუსტრიების ანალიტიკოსები ამბობენ, რომ საბოლოოდ, რაც უფრო მეტი დასაქმებული მოითხოვს 4 დღიან სამუშო კვირას, მით უფრო მეტად მოუწევთ დამსაქმებლებს ამ დათმბაზე წასვლა.
წყარო - https://www.entrepreneur.com/leadership/77-percent-of-workers-want-a-4-day-work-week/465032