რეზიუმე მოკლედ ასახავს კანდიდატის განათლებას და სამუშაო გამოცდილებას. ტრადიციული ნიმუშების გამოყენებით შესაძლებელია რეზიუმეს შექმნა, რომელიც მიიპყრობს რეკრუტერის და მომავალი დამსაქმებლის ყურადღებას. თუმცა, მზა შაბლონების უცვლელად გამოყენებით შეიძლება შედეგად მხოლოდ მოსაწყენი რეზიუმე მიიღოთ.
FasctCompany გვიზიარებს რამდენიმე ნიშანს, რომლებიც მოსაწყენ რეზიუმეებს ახასიათებს:
1. არ არის მითითებული მონაცემები, რიცხვები;
რეზიუმე როგორც წესი, ჩამოთვლის კანდიდატის გამოცდილებას და სამსახურში დაკისრებულ ვალდებულებებს. თუმცა, სასურველია რეზიუმე მხოლოდ თხრობითი წინადადებებით არ შემოიფარგლებოდეს და მასში მითითებული იყოს რიცხვები და სხვა მონაცემები. მაგალითად, იმის მითითების ნაცვლად, რომ კანდიდატი მართავს გუნდს, სასურველია განსაზღვროს რამდენი ადამიანია მის გუნდში.
რიცხვები ხაზს უსვამს კანდიდატის მიღწევებს. მითითება, რომ კანდიდატის დახმარებით მისი გუნდის პროდუქტიულობა გაიზარდა X-ით, დასაქმებულების სამსახურიდან წასვლის მაჩვენებელი შემცირდა x%-ით, ცხადად აჩვენებს ამ კანდიდატის შესაძლებლობებს.
2. რეზიუმეში მითითებულია ბევრი ინფორმაცია;
რეზიუმეს შედგენისას განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სიმარტივის შენარჩუნება და არასაჭირო ინფორმაციის ამოღება. იმისთვის, რომ რეზიუმე გამოირჩეოდეს სხვებისგან და მარტივად მიიპყროს რეკრუტერის ყურადღება, კანდიდატმა რეზიუმე უნდა მოარგოს კონკრეტულ ვაკანსიას.
ზოგიერთი უნარი და სამუშაო გამოცდილება შეიძლება რელევანტური იყოს სხვადასხვა ვაკანსიისთვის, თუმცა თუ ყველა ინფორმაციის მითითებით რეზიუმე 2 გვერდს სცდება, კარგი იქნება ინფორმაციის შემცირება.
არ არის აუცილებელი რეზიუმეში ეწეროს სრული ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, მაგალითად განათლების ჩამოთვლისას, ინფორმაცია მისი სკოლის, უნივერსიტეტის, სხვადასხვა კურსების შესახებ. რეზიუმეში მითითებული უნდა იყოს ის ინფორმაცია, რომელიც ყველაზე მეტად შეესაბამება კანდიდატისთვის სასურველ სამსახურს და პოზიციას.
რეზიუმეში თითოეული უფლებამოსილების მითითების ნაცვლად, უნდა განისაზღვროს კანდიდატის საქმიანობის და ვალდებულებების ძირითადი მიმოხილვა და ინფორმაცია კონკრეტულ როლზე მისი მთავარი მიღწევების შესახებ.
3. რეზიუმე იმეორებს სამოტივაციო წერილში მითითებულ ინფორმაციას;
რეკრუტერების დიდი ნაწილი პირველ რიგში სამოტივაციო წერილს კითხულობს. წერილში განმარტებული უნდა იყოს რატომ სურს კანდიდატს ამ კომპანიაში მუშაობა და რატომ თვლის რომ თავად იქნება საუკეთესო არჩევანი. ყველა კომპანიას თავისი მისია აქვს, შესაბამისად, რეკრუტერი სამოტივაციო წერილის კითხვისას აფასებს რამდენად შეესაბამება კანდიდატი კომპანიის საერთო მისიას და მიზნებს.
სამოტივაციო წერილი უფრო პირადი ხასიათისაა და კანდიდატს აძლევს საკუთარი ხასიათის გამოვლენის საშუალებას. რეზიუმე კი უფრო მშრალად ჩამოთვლის ფაქტებს, კანდიდატის სამუშაო გამოცდილებას და განათლებას. სამოტივაციო წერილი რეზიუმესთან ერთად უნდა ქმნიდეს კანდიდატის შესახებ ერთიან წარმოდგენას.
4. რეზიუმე არ შეუფასებია კომპეტენტურ მესამე პირს;
რეზიუმეს შედგენის შემდეგ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეზიუმე წაიკითხოს და გადახედოს ობიექტურმა შემფასებელმა. ეს ადამიანი არ უნდა იყოს კანდიდატის მეუღლე, ახლო მეგობარი ან მშობელი. გარე შემფასებელს უნდა შეეძლოს ობიექტურად წაიკითხოს რეზიუმე, კრიტიკულად შეაფასოს და მისცეს რჩევები გამოსასწორებლად.
წყარო - How to know if your résumé is boring (fastcompany.com)