პროფესიული მოწყენილობა შრომით ბაზარზე არსებული ახალი ტრენდია. Gallup-ის კვლევის თანახმად, აშშ-სა და კანადაში დასაქმებულების 69% არ არის აქტიურად ჩართული სამსახურში. გადაწვისგან განსხვავებით, რომელსაც გადაჭარბებული მუშაობა იწვევს, მოწყენილობა გამოწვეულია სამსახურში გამოწვევების, საინტერესო საქმის არარსებობით. ამ მოვლენას არაფორმალური სახელიც კი შეურჩიეს და boreout ტერმინით მოიხსენიებენ ხოლმე.
მოწყენილობის გამომწვევი მიზეზები შეიძლება იყოს ნაკლები ან უინტერესო სამუშაოს ქონა. ნიშნები მოიცავს დაუკმაყოფილებლობის შეგრძნებას, გადაღლას და გაღიზიანებას. საფრანგეთში, ერთმა დასაქმებულმა სასამართლოს გზით მოიგო 40 000 ევრო მას შემდეგ რაც დაამტკიცა, რომ მისი ყოფილი დამსაქმებელი იმდენად უინტერესო და არაფრის მომცემ დავალებებს აძლევდა წლების განმავლობაში, რომ ამან ნერვული აშლილობა გამოიწვია.
სამსახურში მოწყენილობის შეგრძნება ნორმალურია, თუმცა თუ ეს მდგომარეობა და გადაღლა თვეების და წლების განმავლობაში გრძელდება - ეს დიდი პრობლემაა. Forbes გვიზიარებს 5 გზას, თუ როგორ შეგვიძლია მოწყენილობის სინდრომის დამარცხება სამსახურში:
1. ითხოვეთ დახმარება;
ასეთ დროს ყველაზე ცუდი გამოსავალია ყველასგან იზოლირება. შეგრძნებებთან მარტო გამკლავების ნაცვლად, ესაუბრეთ ოჯახის წევრს, მეგობრებს, კოლეგებს. გარე პერსპექტივიდან სიტუაციის შეფასება შეიძლება დაგეხმაროთ გამოსავლის პოვნაში. დამატებით, თქვენი ფიქრები გაუზიარეთ მენეჯერს. მათ სხვადასხვა გზით შეუძლიათ დახმარება - დავალებების პრიორიტეტების მიხედვით გადანაწილება, ახალი პროექტების შემოთავაზება და სხვა.
2. სამსახურში მიზნის პოვნა;
BetterUP Labs კვლევის თანახმად, 10 დან 9 დასაქმებული თანახმაა მათი ანაზღაურების ნაწილიც კი დათმოს იმგვარი სამსახურისთვის, რომელიც საყოველთაო, დიად მიზნებს ემსახურება. სამსახური, რომელიც საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საქმეს ემსახურება კმაყოფილების მომტანია დასაქმებულებისთვის. დასაქმებულები, რომლებიც თვლიან რომ მნიშვნელოვან საქმეს ასრულებენ უფრო მეტად კმაყოფილები, პროდუქტიულები და ერთგულები არიან. ამ მნიშვნელობის და მიზნის პოვნა პირდაპირ ეწინააღმდეგება მოწყენილობას.
3. ახალი უნარის ათვისება;
მოწყენილობის დასამარცხებლად ნაცადი ხერხია საკუთარი კომფორტის ზონიდან გარეთ გასვლა. ჩამოწერეთ მიმართულებები და უნარები, რომელთა განვითარებაც გსურთ. ისწავლეთ და ცოდნის გაღრმავების შემდეგ გამოიყენეთ ეს ახალი ცოდნა სამსახურში პროექტებზე მუშაობისას.
ახალი უნარების ათვისება აუცილებლად მხოლოდ სამსახურთან დაკავშირებულ უნარებს არ გულისხმობს. შეგიძლიათ ახალი ჰობი ან დამატებითი შემოსავლის წყარო გაიჩინოთ. მაგალითად, თუ თქვენი მოწოდება წერაა, შეგიძლიათ შექმნათ პირადი ბლოგი, დაიწყოთ ყოველდღიური ჟურნალების შევსება და ა.შ. თუ ფიზიკური აქტივობა გიზიდავთ, შეგიძლიათ ჩაეწეროთ ახალ ფიტნეს ჯგუფში ან დაიწყოთ მომზადება მარათონისთვის.
სამსახურს გარეთ დროის ამგვარ აქტივობებში გამოყენება დაგეხმარებათ თვითრწმენის გაზრდაში, რაც აუცილებლად აისახება ყოველდღიურ სამუშაო პროცესშიც.
4. პირადი ბრენდის განვითარება;
პერსონალური ბრენდის განვითარება ახალი შესაძლებლობებისკენ ხსნის გზას. იზრდება თქვენი სანაცნობო წრე, შესაბამისად თქვენს ცხოვრებაში გაჩნდებიან ახალი ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ რეკომენდაციის გაწევა. პირადი ბრენდის დაგეგმილი და თანმიმდევრული განვითარებით გაზრდით ნდობას თქვენს მიმართ, რაც საბოლოოდ შეიძლება გარდაიქმნეს ახალი სამუშაოს შემოთავაზებებში, ინტერვიუებში, სხვადასხვა ფორუმებზე გამოსვლებში და ა.შ.
5. ახალი შესაძლებლობების აღმოჩენა სამსახურს გარეთ;
თუ ყველანაირი გზა სცადეთ, თუმცა სამსახურში მოწყენილობის შეგრძნებას ვერაფრით უშველეთ, შეიძლება უკვე დროა ახალი შესაძლებლობები სამსახურს გარეთ იპოვოთ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ დაუფიქრებლად ყველგან უნდა დაიწყოთ თქვენი რეზიუმეს გაგზავნა. განაახლეთ LinkedIn-ის პროფილი და გააფართოვეთ თქვენი მეგობრების სია. დაუკავშირდით სასურველი სფეროს პროფესიონალებს და თხოვეთ რეკომენდაციის გაწევა, რჩევები. კარიერის ან სამსახურის ცვლილება დადებითად აისახება თქვენს მენტალურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე.
არ არის აუცილებელი დანებდეთ რუტინას და მოწყენილობას და სამსახურში მოსიარულე ზომბად იქცეთ. სამსახური და სასურველი საქმის კეთება დამატებით ენერგიას უნდა გმატებდეთ და არა პირიქით.
წყარო - https://www.forbes.com/sites/carolinecastrillon/2024/01/28/chronically-bored-at-work-here-are-five-ways-to-conquer-it/?sh=214121b93634