დღეს, საქართველოსა და მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიის გამო, კომპანიების უმრავლესობა სახლიდან მუშაობის რეჟიმზე გადავიდა. ეს ბევრი ორგანიზაციისთვის სიახლეა, ისინი სწორედ ახლა ტესტავენ სახლიდან მუშაობის დადებით და უარყოფით მხარეებს.
კორონავისუსის გავრცელებამდე, სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორმა ნიკოლას ბლუმმა TEDxStanford-ზე სახლიდან მუშაობის დადებით თვისებებზე ისაუბრა.
მისი აზრით, ოფისში მუშაობა დრომოჭმული ტრადიციაა, რომელიც ინდუსტრიული რევოლუციის დროს ჩამოყალიბდა, ეს ტრადიცია უგულებელყოფს 21-ე საუკუნის მოქნილი კომუნიკაციის მეთოდებს და უსარგებლოა კომპანიისა და თანამშრომლებისთვის.
ნიკოლას ბლუმის თქმით, სახლიდან მუშაობა „მომავლის ტექნოლოგიაა“ და მას დიდი პოტენციალი აქვს. ამის დასადასტურებლად, ნიკოლას ბლუმმა და მისმა კოლეგებმა ჯეიმს ლიანგმა, ჯონ რობერტსმა და ზიჩუნ ჯენი იანგმა, ჩინეთის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ტურისტულ კომპანიაზე, Ctrip-ზე დაკვირვება აწარმოეს. Ctrip-ის სათაო ოფისი შანხაიში მდებარეობს. კომპანიაში 20,000-მდე თანამშრომელია დასაქმებული ხოლო მისი ბაზრის წილი დაახლოებით 20 მილიონ დოლარს შეადგენს.
Ctrip მენეჯმენტი დაინტერესდა სახლიდან მუშაობის ეფექტიანობით, დაკვირვებისათვის კომპანიამ გამოყო მოხალისე თანამშრომელთა ჯგუფი. მათი ერთი ნაწილი სახლიდან მუშაობდა და ოფისში, მხოლოდ კვირაში 1 დღე მიდიოდა, ხოლო მეორე ნაწილი კვირის ყოველ სამუშაო დღეს ოფისში ატარებდა.
ბლუმი ამ ორ ჯგუფს ორი წლის განმავლობაში აკვირდებოდა. დაკვირვების შემდეგ დადგინდა, რომ სახლიდან მომუშავე თანამშრომელთა მუშაობის ხარისხი 13%-ით გაუმჯობესდა.
ბლუმის აზრით, მსგავის შედეგს ორი მიზეზი ჰქონდა:
1. სახლიდან მუშაობისას ადამიანები სამუშაო დროს სრულად უთმობენ საქმის კეთებას. ოფისში მუშაობისას თანამშრომელს შეიძლება ბევრი დრო დაეკარგოს გადატვირთული სამანქანო მოძრაობის, კოლეგებთან ხანგრძლივი ლანჩის და ბევრი სხვადასხვა მიზეზის გამო.
2. ადამიანები სახლიდან მუშაობისას მეტად ახდენენ საქმეზე კონცენტრირებას. ბლუმის აზრით, ოფისებში ძირითადად ხმაურიანი გარემოა. ხშირადაა სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები: თანამშრომლის დაბადებისდღის აღნიშვნა, კოლეგის ბოლო დღე სამსახურში, სხვადასხვა ტიპის გადალაპარაკებები. ეს ფაქტორები ადამიანს მუშაობისას კონცენტრაციას აკარგვინებს, რაც მისი მუშაობის ხარისხის შემცირებას იწვევს.
ბლუმის თქმით, Ctrip-ში სახლიდან მუშაობამ თანამშრომელთა გადინება 50%-ით შეამცირა. ბლუმის დასკვნით, სახლიდან მუშაობა ეფექტურია, რადგან ამცირებს გადინებას და კომპანიას ნაკლები დროისა და ენერგიის დახარჯავა უწევს ახალი თანამშრომლის შერჩევა და გადამზადებაში.
ამ ექსპერიმენტის შედეგებიდან გამომდინარე, Ctrip სრულად გადავიდა სახლიდან მუშაობის რეჟიმზე. კომპანიის თქმით, ახლა ისინი თითო თანამშრომლის მუშაობის შედეგად 2000$-ით მეტ მოგებას იღებენ.
ბლუმი იმედოვნებს, რომ ეს მაგალითი დაამსხვრევს სახლიდან მუშაობასთან დაკავშირებულ ნეგატიურ სტერეოტიპებს. სახლიდან მუშაობის შედეგად თანამშრომლები მეტად პროდუქტიულები არიან, მენეჯერები ნაკლებ დროსა და ენერგიას ხარჯავენ ახალი თანამშრომლების შერჩევასა და გადამზადებაში, ხოლო კომპანია იღებს მეტ მოგებას. სახლიდან მუშაობის შედეგად, შესაძლოა, შემცირდეს ტრანსპორტით გადაადგილების დრო და შესაბამისად ჰაერის დაბინძურებაც.
ბლუმის გამოსვლიდან გამომდინარე, ჩვენც შეგვიძლია ვიმედოვნოთ, რომ კორონავირუსმა შესაძლოა ბიზნესს ახალი გზა აჩვენოს. ვნახოთ, იქნებ Ctrip-ის გარდა სხვა ორგანიზაციებმაც სახლიდან მუშაობის რეჟიმზე შეაჩერონ არჩევანი.