50 წლის წინ სამსახურის აპლიკაციებს ადამიანები ხელით ავსებდნენ და კონვერტებით აგზავნიდნენ დამსაქმებლებთან. 25 წლის წინ, კანდიდატები რეზიუმეებს ვორდის ფაილებში აგზავნიდნენ ელექტრონულ ფოსტაზე. დღეს, ყველანი პირადი ბრენდის განვითარებაზე ვმუშაობთ და პირდაპირ დამქირავებელ მენეჯერებთან გვაქვს ურთიერთობა.
სამსახურის ძიების პროცესი წლიდან წლამდე იცვლება. თუმცა, ამ ცვლილებების მიუხედავად კარიერული გამოწვევები უცვლელი რჩება. მაგალითად, ყველას უჭირს კარიერის დაწყება, რაღაც ეტაპზე ყველანი ვგრძნობთ თავს ერთ ადგილას გაჭედილად, დღეს ყველაზე გავრცელებული შიში შემცირების ან ხელოვნური ინტელექტით ჩანაცვლების უნივერსალური შიშია.
FastCompany გვიზიარებს კარიერის კრიზისის 4 ყველაზე გავრცელებულ სახეს:
1. დაწყების შიში;
დაწყების შიში მაშინ გვიპყრობს, როდესაც პროფესიულ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები უნდა მოხდეს. ცხადი, სასურველი და გასაგები გეგმის არარსებობის გარეშე გადაწყვეტილების მიღება რთული ხდება.
ადამიანებს გაურკვევლობასთან შეგუება უჭირთ და ყველანაირად ცდილობენ თავიდანა აირიდონ. ასეთ სიტუაციაში, მნიშვნელოვანია იპოვოთ გზა, რომელიც თქვენს ღირებულებებს ყველაზე მეტად შეესაბამება. ამის შემდეგ იზრუნეთ ახალი საჭირო უნარების შეძენაზე და თვითშეფასების გაზრდაზე.
2. ერთ ადგილზე გაყინვა;
ბევრი ადამიანი რჩება ერთსადაიმავე მოსაწყენ, მათთვის უინტერესო სამსახურში უკეთესის მოლოდინით. თუმცა ეს უკეთესი მომავალი არასდროს დგება.
ამ ჩაკეტილი წრიდან თავის დასაღწევად მნიშვნელოვანია განსაზღვროთ რა გიშლით ხელს წინსვლაში, იქნება ეს თქვენი შეხედულებები თუ გარემო ფაქტორები.
3. ტექნოლოგიების შიში;
ყველა თაობას აქვს ახალი ტექნოლოგიების შიში. დღეს ბევრი ადამიანი ფიქრობს რომ ხელოვნური ინტელექტი სამუშაო ადგილების პირველი დიდი მტერია. თუმცა, ეს სიმართლე არ არის. მაგალითად, 200 წლის წინ ბევრმა დასაქმებულმა დაკარგა სამსახური ორთქლმავლების და მანქანების გამოგონების გამო. ტექნოლოგიური მიღწევები მუდმივად იარსებებენ და განაგრძობენ ჩვენი ყოველდღიურობის ცვლილებას. მთავარია როგორ მივუგდებით მათ, ვიქნებით მსხვერპლი თუ პირიქით, გამოვიყენებთ ყოველდღიური საქმის შესასრულებლად.
შეინარჩუნეთ სიახლეების მიმართ ენთუზიაზმი და მიმღებლობა. ასაკის მატებასთან ერთად, გონებას გავარჯიშება სჭირდება. ამისთვის საუკეთესო გზაა, ახალი უნარების ათვისება, სწავლა. სწავლა აუცილებლად სამსახურთან არ უნდა ასოცირდებოდეს, შეგიძლიათ ეს პროცესი მეგობართან შეჯიბრებად აქციოთ.
4. ღირებულებებზე უარი;
მეოთხე ყველაზე გავრცელებული კრიზისი, რაზეც დასაქმებულები უთითებენ დგება მაშინ, როდესაც დასაქმებულს უწევს საკუთარ მორალურ ღირებულებებზე უარის თქმა. მაგალითად, Theranos, WeWork, Enron და სხვა კომპანიები. სკანდალურ საქმეებში მენეჯერები სუპერ ბოროტ პერსონაჟებად არიან გამოყვანილები, სინამდვილეში კი ეთიკური დილემების გადაწყვეტა ყველას გვიწევს ყოველდღიურ სამუშაო პროცესში.
მორალური ღირებულებებისგან გადახვევა რთულია. განსაზღვრეთ თქვენი პირადი საზღვრები და პროფესიულ ურთიერთობებშიც ამ საზღვრების შესაბამისად იმოქმედეთ. გაუფრთხილდით ურთიერთობებს იმ თანამშრომლებთან, მენტორებთან მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან, ვისთანაც შეგიძლიათ ღიად და დაუფარავად განიხილოთ თქვენი პრობლემები.