დღევანდელ შრომით ბაზარზე წარმატებული მენეჯერობა რთული დავალებაა და რამდენიმე საქმის ერთდროულად კეთების უნარს მოითხოვს. მენეჯერმა გუნდის წევრებს უნდა გაუწიოს დახმარება და შეასრულოს მმართველი მენეჯერების დავალებები, იზრუნოს საკუთარ განვითარებაზე და ყოველდღიურ რეჟიმში გადაჭრას მოულოდნელი პრობლემები, მოამზადოს კვარტლური შედეგები და მიიღოს სტრატეგიული გადაწყვეტილებები. სამუშაოს და პასუხისმგებლობის ამ მოცულობის გათვალისწინებით, გასაკვირი არ არის, რომ სხვა რგოლის დასაქმებულებთან შედარებით, მენეჯერები ყველაზე ნაკლებად ანიჭებენ უპირატესობას საკუთარ კარიერულ განვითარებას.
HarvardBusiness Review გვიზიარებს სამ ყველაზე გავრცელებულ შეცდომას, რომელსაც მენეჯერები უშვებენ საკუთარი კარიერიერული განვითარების დაგეგმვისას და გვთავაზობს გზებს, თუ როგორ შეიძლება ამ შეცდომების თავიდან აცილება:
1. პირადი მაგალითის არარსებობა უარყოფითად აისახება გუნდის წევრებზე;
მენეჯერები ხშირად უთითებენ, რომ მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის საუკეთესო ნაწილი გუნდის წევრებზე ზრუნვა, მათი ქოუჩინგი და კარიერული განვითარების ხელშეწყობაა. თუმცა, ისინი ნაკლებ მნიშვნელობას ანიჭებენ პირადი მაგალითის მიცემას.
თუ გუნდის წევრები ვერ ხედავენ, რომ მათი მენეჯერი დროს უთმობს საკუთარ განვითარებას, ისინი კარგავენ თვითდაჯერებულობას, უჩნდებათ ეჭვები, რომ კარიერული განვითარებისთვის დროის დათმობა არ არის სწორი და კომპანიისთვის ღირებულება არ აქვს სწავლის გაგრძელებას. ამგვარ განწყობას უარყოფითი შედეგები მოყვება გუნდისთვის და სრულად კომპანიისთვის.
რჩევა #1 - პირადი მაგალითის მიცემა;
პირადი მაგალითის მისაცემად მარტივი და ეფექტური გზაა, მენეჯერმა საკუთარი მიზნები გაუზიაროს გუნდის წევრებს. გეგმების გაზიარებას რამდენიმე ურთიერთსასარგებლო შედეგი მოჰყვება - პირველ რიგში, მენეჯერი საკუთარი მიზნების გაზიარებით უფრო პასუხისმგებლობით მოეკიდება მათ შესრულებას. მენეჯერი აჩვენებს გუნდის წევრებს, რომ მზადაა მიიღოს მათგან დახმარება. გუნდის წევრები პირად მაგალითზე ხედავენ, რომ მათი მენეჯერი ისახავს თვითგანვითარების გეგმებს და შემდეგ ასრულებს მათ. ეს კი ყველასთვის მოწოდებაა ანალოგიურად იზრუნონ საკუთარ განვითარებაზე. საუკეთესო შედეგი იქნება თუ სწავლაზე და თვითგანვითარებაზე ზრუნვა გახდება ყოველდღიური სამუშაოს ნაწილი.
2. ცოდნის და გამოცდილების მიღება მხოლოდ კომპანიის შიგნით;
სამსახურში გადატვირთული რეჟიმის გამო, მენეჯერებს ნაკლებად რჩებათ სამსახურს გარეთ სწავლის და განვითარებისთვის დრო. გამოცდილების მუდმივად დამსაქმებლი ორგანიზაციის შიგნით მიღება, გარკვეულ საზღვრებს ადგენს მენეჯერებისთვის. ისინი ტრიალებენ უკვე კარგად ნაცნობ გარემოში და ვერ იკმაყოფილებენ ცნობისმოყვარეობას. მენჯერის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ამ ნაცნობი წრის მიღმა მიიღოს ახალი ცოდნა და გამოცდილება.
რჩევა #2 - ტრენინგების დაგეგმვა;
ყველაზე მარტივი გზაა კომპანიაში ტრენინგების ჩატარება, სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად გუნდის განვითარების ერთობლივი სესიების დაგეგმვა. მაგალითად, გუნდი, რომელიც დიდ ორგანიზაციაში მუშაობს და სტარტაპის წარმომადგენლები. მათ შეიძლება ერთმანეთს გაუზიარონ განსხვავებული კონტექსტში მუშაობის შედეგად დაგროვებული ცოდნა და გამოცდილებება.
ტრენინგების ფორმატი შეიძლება განსხვავებული იყოს. ცოდნის გაცვლის ამგვარი შესაძლებლობა მენეჯერებისთვის და მათი გუნდის წევრებისთვის იქნება შესაძლებლობა ისწავლონ ახალი ადამიანებისგან მათი არსებული სამსახურის რუტინაში და გამოცდილებების მისაღებად არ მოუწევთ სამსახურს გარეთ დამატებითი დროის გამოყოფა.
3. საკმარისი დროის არქონა;
მენეჯერები ხშირად უთითებენ, რომ საკმარისი დრო არ აქვთ განვითარებისთვის და სწავლას იმ დროისთვის გადადებენ, როდესაც მიმდინარე პროექტები დასრულდება ან ახალ გუნდის წევრს აიყვანენ. მენეჯერებს ჰგონიათ, რომ ერთ ჯადოსნურ დღეს ყველაფერი მოგვარდება, მათ უფრო მეტი თავისუფალი დრო და უფრო ნაკლები გასაკეთებელი საქმე ექნებათ. ეს რეალობა არასდროს დგება. იდეალური დროის მოლოდინში, მენეჯერი მუდმივად ამ რეჟიმში დარჩება და კარიერაში სტაგნაციის პერიოდი ექნება.
რჩევა #3 – მიკრო სწავლების დაგეგმვა ყოველდღიურ სამუშაო რუტინაში;
ბევრი ადამიანი სწავლას კვლავ ფორმალური განათლების ტრადიციულ სახეებს უკავშირებს, მაგალითად, უნივერსიტეტში ჩაბარებას ან სასწავლო კურსის გავლას. რეალობაში მენეჯერებს სჭირდებათ მარტივი, პატარა დავალებების შესრულება, რომ განვითარება ყოველდღიური რუტინის ნაწილი გახადონ. მიკრო სწავლებას როგორც წესი 10 წუთზე ნაკლები დრო სჭირდება, თუმცა დიდი მნიშვნელობა აქვს. შეგიძლიათ შემდეგი მარტივი დავალებები აქციოთ ყოველდღიურ რუტინად:
- გუნდის წევრების სწრაფი უკუკავშირი - მაგალითად, სამი სიტყვა რითიც დაახასიათებდნენ მენეჯერს. ამ მარტივ კითხვაზე გაცემული პასუხები მენეჯერს დაეხმარება განსაზღვროს რამდენად შეესაბამება მისი წარმოდგენები რეალობას;
- ყოველკვირეული მიმოხილვა - მენეჯერს შეუძლია ყოველ კვირას ერთი წუთი დაუთმოს შემდეგი კითხვების ანალიზს - რამ მომცა ამ კვირაში ყველაზე მეტი ენერგია? რა შეიძლებოდა უკეთ გამეკეთებინა?
- უნარების გაძლიერება - ერთი უნარის არჩევა, რომლის გაძლიერებაც სურს მენეჯერს და შემდეგ დაგეგმვა როგორ შეიძლება ამ უნარის ხშირად გამოყენება;
წყარო - https://hbr.org/2023/06/how-managers-can-make-time-for-their-own-development?autocomplete=true