ზოგიერთი ლიდერი თვლის, რომ მისი საქმე არ არის დასაქმებულებზე ზრუნვა, გუნდის წევრებს შორის მეგობრული ურთიერთობების ჩამოყალიბება. თუმცა, სწორედ ამგვარი ურთიერთობები ახდენენ გავლენას დასაქმებულების პროდუქტიულობაზე და კომპანიის წარმატებაზე. თუ გსურთ, რომ თქვენი კომპანია იყოს სასურველი ადგილი სამუშაოდ, დასაქმებულების კეთილდღეობაზე ზრუნვა სწორედ თქვენი, როგორც მენეჯერის და დამსაქმებლის საქმეა. სამსახურებრივი ურთიერთობების საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალგაზრდა თაობებისთვის, რომლებიც ყურადღებას აქცევენ სამუშაო ადგილის და დამსაქმებლის კორპორატიულ კულტურას.
Gallup-ის მიერ ჩატარებული ერთ-ერთი კვლევის ცნობილი შეკითხვაა, გყავთ თუ არა საუკეთესო მეგობარი სამსახურში. ამ კვლევის თანახმად, იმ ადამიანების 30% ვისაც სამსახურში მეგობარი ჰყავს, უფრო მეტად კმაყოფილები არიან სამსახურით, უკეთესად მუშაობენ და ნაკლებია მათი სამსახურიდან წასვლის ალბათობა.
Forbes გვიზიარებს 4 მიდგომას, რომლის დანერგვაც დამსაქმებლებს დაეხმარებათ კომპანიაში თანამშრომლებს შორის მჭიდრო კავშირების ჩამოყალიბებაში:
1. თავად გახდით გაზიარების მაგალითი
კარგი ლიდერები, რომლებიც საკუთარ დასაქმებულებზე ზრუნავენ, თავად არიან მაგალითები. ლიდერმა პირადი ქცევებით უნდა აჩვენოს დასაქმებულს რა არის ნებადართული და მისაღები სამუშაო კულტურისთვის.
დაიწყეთ რაიმე მარტივით, მაგალითად, თქვენი გუნდის წევრებს გაუზიარეთ თქვენი შვილის ან შინაური ცხოველის ფოტო და აღწერეთ რაიმე სასაცილო ან საინტერესო მათ შესახებ. მარტივი ამბების გაზიარებით, თქვენ დასაქმებულებს უხსნით გზას და შესაძლებლობას ერთმანეთს გაუზიარონ მათთვის მნიშვნელოვანი ყოველდღიური დეტალები, საკითხები რაც აწუხებთ. პირადი გრძნობების გაზიარება მნიშვნელოვანია შეკრული გუნდის შესაქმნელად.
2. შეამცირეთ ცუდი მენეჯერების გავლენა
მენეჯერთან არსებული უთანხმოება სამუშაო ადგილით უკმაყოფილების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია.
შეუძლებელია ყველა კონფლიქტური სიტუაციის პრევენცია წინასწარ მოახდინოთ. თუმცა, ლიდერებმა უნდა უზრუნველყონ, რომ მენეჯერებს აქვთ საკმარისი უნარი, ცოდნა და გამოცდილება მოეპყრან დასაქმებულებს პატივისცემით, ღირსეულად და გამჭვირვალედ წარმართონ პრობლემის მოგვარების პროცესი.
დახვეწეთ მენეჯერების შერჩევის, დაქირავების და დაწინაურების პროცესები. გამოარჩიეთ მენეჯერები, რომლებიც უპატივცემულოდ ეპყრობიან დასაქმებულებს. ჩაატარეთ ტრენინგები, რომლებიც მათ დაეხმარებათ გამოიმუშავონ კონფლიქტების მოგვარების უნარები, გაიაზრონ როგორ აზიანებს სამსახურში არსებულ ურთიერთობებს უპატივცემულო, ავტორიტატული და პასიურ-აგრესიული მიდგომა, როგორ უნდა გაერიდონ ამგვარ ქცევებს. ჩაატარეთ ჯგუფური სესიები შესაბამისი განათლების მქონე ფასილიტატორთან ერთად, რომელსაც შეუძლია მენეჯერებს გაუზიაროს მათ მიერ გამოყენებული მეთოდების დადებითი და უარყოფითი მხარეები.
3. შეიმუშავეთ სამოქმედო გეგმა კონფლიქტური სიტუაციებისთვის
კონფლიქტები ყველა სამუშაო ადგილას ხდება. დასაქმებულები თავს განსაკუთრებით ცუდად მაშინ გრძნობენ, როდესაც კომპანია ვერ უმკლავდება კონფლიქტებს ან საერთოდ არ აქცევს ყურადღებას მათ. ეს ხშირად მაშინ ხდება, როდესაც გუნდის მმართველ მენეჯერებს არ აქვთ სურვილი ჩაერთონ ემოციურ კონფლიქტში ან მიაჩნიათ, რომ დასაქმებულების პასუხისმგებლობაა მისი ჩართულობის გარეშე მოაგვარონ ნებისმიერი პრობლემა. კონფლიქტების სწორად გადაჭრა არ არის ინტუიტური ქმედება, მას სჭირდება შესაბამისი ცოდნა, უნარი და გამოცდილება.
დააორგანიზეთ თემატური ტრენინგები, სადაც დასაქმებულებს ასწავლიან ემოციების მართვას და ბიზნეს პრობლემების გადაჭრას. ტრენინგზე განსახილველი თემები შეიძლება იყოს - როგორ წარვმართოთ დიალოგი როდესაც გაბრაზებულები ვართ ან სხვა არის ჩვენზე გაბრაზებული, რა უფრო პრიორიტეტულია - კამათის მოგება ახლა, თუ ხანგრძლივი ურთიერთობის შენარჩუნება თანამშრომელთან ან სამომავლო მიზნები.
4. გამოიჩინეთ პატივისცემა ცუდ პერიოდშიც კი
მნიშვნელოვანია დასაქმებულები გრძნობდნენ, რომ მათ ხედავენ და კომპანია ითვალისწინებს მათ ინტერესებს. რთულ და არაკომფორტულ სიტუაციებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დასაქმებულმა თავი ღირებულად იგრძნოს.
მაგალითად, ერთ-ერთმა კომპანიამ შემცირებების დროს ჩაატარა საერთო შეხვედრა და დასაქმებულებს აუხსნა რამ განაპირობა შემცირებები, რა იქნებოდა მათი შემდგომი ქმედებები. მათ განუმარტეს რისი შეთავაზება შეუძლია კომპანიას, იქნებოდა ეს დამატებითი კომპენსაციები თუ სარეკომენდაციო წერილები. მენეჯმენტმა პატივისცემით განუმარტა დასაქმებულებს, რომ შემცირებები არ იყო დასაქმებულების ბრალით გამოწვეული და მათ მიმართ მხოლოდ პატივისცემას გრძნობდნენ.
სამსახური ყოველთვის სასიამოვნო არ არის და მუშაობის სანაცვლოდ მიღებული კომპენსაცია მას ატანადს ხდის. თუმცა, თუ გსურთ დასაქმებულები იყვნენ სამუშო პროცესებში ჩართულები, იყვნენ პროდუქტიულები და არ ფიქრობდნენ სამსახურიდან წასვლაზე, დროა იზრუნოთ ურთიერთობების ჩამოყალიბებაზე. ზემოთ ჩამოთვლილი სტრატეგიების პრაქტიკაში გადატანა დაგეხმარებათ დასაქმებულების გამოცდილების გაუმჯობესებაში და გარდაქმნის ოფისს იმგვარ ადგილად, სადაც დასაქმებულები სიამოვნებით მუშაობენ და ავლენენ საკუთარ შესაძლებლობებს.
წყარო - Do You Want Better Performance? Help People Strengthen Their Relationships (forbes.com)