2013 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, დასაქმებულები არ ტოვებენ კომპანიებს, ისინი ტოვებენ ცუდ მენეჯერებს. მიუხედავად იმისა, რომ ამ კვლევიდან 10 წელი გავიდა, ეს მიდგომა დღესაც აქტუალურია.
Salesforce-ის უახლესმა კვლევამ დაადგინა, რომ ადრე დასაქმებულებისთვის კომპანიაში ყველაზე მნიშვნელოვანი და სანდრო ადგილი აღმასრულებელ რგოლს ეჭირა. ხოლო დღეს, დასაქმებულები თვლიან, რომ აღმასრულებელ გუნდზე მეტად, კომპანიის ღირებულებების და პრიორიტეტების გაგებაში მათი უშუალო უფროსი ეხმარებათ. კომპანია GoodHire-ის კვლევაში, გამოკითხულთა 82%-მა მიუთითა, რომ სამსახურიდან შეიძლება წავიდნენ ცუდი მენეჯერის გამო.
სამწუხაროდ, მენეჯერები ყოველთვის არ არიან მზად მათზე დაკისრებული პასუხისმგებლობებისთვის. განსაკუთრებით მაშინ, თუ ისინი გადატვირთულები არიან სამუშაოთი და დამატებით გუნდს უნდა გაუძღვნენ რთულ დროს. Future Forum-ის კვლევით, მენეჯერების 43% უთითებს ე.წ. გადაწვის პრობლემაზე. ეს ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებელია სხვა პოზიციებზე დასაქმებულებთან შედარებით.
მენეჯერების შესანარჩუნებლად და შესაბამისად, მათი დაქვემდებარებული თანამშრომლების შესანარჩუნებლად, ინვესტირება მოახდინეთ მენეჯერების განვითარებაში. ამისთვის შეგიძლიათ სამი რამ გააკეთოთ:
1. დაეხმარეთ მენეჯერებს დასაქმებულებთან კავშირის დამყარებაში;
დასაქმებულებთან კავშირის დამყარება მენეჯერებისთვის, ხანდახან, „დამატებით სამუშაოდ“ განიხილება და მათთვის პრიორიტეტული საქმეების სიაში ბოლო ადგილს იკავებს. მენეჯერისთვის ცხადი უნდა იყოს, რომ ეს არის არა დამატებითი სამუშაო, არამედ მისი მთავარი პასუხისმგებლობა.
General Mills Engaging Leader პროგრამაა, რომელიც მენეჯერებს ეხმარება დაინახონ თანამშრომლებთან კავშირის დამყარების პრიორიტეტები. პროგრამაში ჩართულ მენეჯერებს უსვამენ შემდეგ კითხვას - რა არის საჭირო იმისთვის, რომ კარგი ლიდერი იყო?
პროგრამის ფარგლებში, მენეჯერები იაზრებენ კომპანიის მთავარ ღირებულებებს, მათ აღსასრულებლად საჭირო ქმედებებს და შეფასებებს იღებენ დასაქმებულებისგან საპასუხო უკუკავშირის სახით. უკუკავშირის მიღების შესაძლებლობით, პროგრამა აუმჯობესებს მენეჯერების გამოცდილებას და მათ კავშირს დაქვემდებარებულებთან. მენეჯერებს შეუძლიათ უკუკავშირის მეშვეობით პირდაპირი კავშირი დაამყარონ დასაქმებულებთან.
2. შექმენით სივრცე განვითარებისთვის;
ხშირად, კომპანიებში დასაქმებულები გადაყავთ მენეჯერულ პოზიციებზე არა იმიტომ, რომ კარგი მენტორული უნარები აქვთ, არამედ იმიტომ, რომ კარგად ასრულებენ მათ ყოველდღიურ სამუშაოს. მენეჯერების მიმართ არსებობს იმპერატიული მოლოდინი, რომ საჭირო უნარებს შესაბამისი შესაძლებლობის მიცემის შემთხვევაში, თავად გამოიმუშავებენ.
ტექ-გიგანტ Microsoft-ში მთელი კომპანია, 220’000 ადამიანი გადის სავალდებულო ე.წ. სამ საათან კულტურულ საუბრებს, იმისთვის რომ კომპანიაში დასაქმებული ადამიანები თავიდან ინტეგრირდნენ კომპანიის კულტურაში.
საუბრებს ატარებენ არა HR, არამედ, თავად მმართველი მენეჯერები, იმისთვის, რომ ჰქონდეთ პირდაპირი კავშირი დასაქმებულებთან და გაიზარდონ პროფესიულად. საუბრების დაწყებამდე მენეჯერებს ურიგდებათ გაიდლაინები, სადაც აღნიშნულია კომპანიისთვის მნიშვნელოვანი მესიჯები, რაზეც უნდა გაამახვილონ ყურადღება საუბრისას. ასევე მითითება, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დასაქმებულებთან ურთიერთობისას გაუზიარონ მათ საკუთარი პირადი ისტორიები.
ამ მიდგომის გადმოღება შეუძლიათ პატარა კომპანიებსაც. განსაზღვრეთ პრობლემა, რაზეც გინდათ, რომ მენეჯერებმა გაამახვილონ ყურადღება. მაგალითად, გლობალური პრობლემები, როგორიც არის კომპანიის კორპორატიული ღირებულებები და კულტურა, ან უფრო კონკრეტული პრობლემები, მაგალითად, პროდუქტის განვითარება ან გაყიდვები. შემდეგ, დასახეთ მენეჯერების მიერ ამ პრობლემის დასაქმებულებამდე მიტანის და მათთან ერთად განხილვის გზები. კომპანიის ღირებულებები გამოიყენეთ საუბრების დაგეგმვისას.
3. მენეჯერებს შესთავაზეთ კოლეგების დახმარება;
ყველა აღიარებული და საუკეთესოდ დატრენინგებული მენეჯერიც კი შეიძლება გადაიტვირთოს ჭარბი სამუშაოთი. მენეჯერების მუდმივი მხარდაჭერა აუცილებელია, რომ გაუმკლავდნენ მუდმივ გაურკვევლობას.
კომპანია Upwork ყოველთვიურად მართავს ონლაინ შეხვედრებს Zoom-ში სახელად One Upwork Forum. ამ შეხვედრებზე, კომპანიის მენეჯერები ერთმანეთს უზიარებენ გამოცდილებებს, ცვლილებებს რომლებზეც მუშაობენ, ყველა გამოწვევას რომლებსაც ებრძვიან. ეს არის გულწრფელი შეხვედრები, რომელსაც ყოველ ჯერზე სხვადასხვა მენეჯერი უძღვება.
კოლეგების მხრიდან დახმარებას, ბევრი ბენეფიტი აქვს. მენეჯერებს შეუძლიათ მიიღონ უკუკავშირი, განსხვავებული პერსპექტივიდან დაინახონ მათთვის მნიშვნელოვანი საკითები, აქვთ შესაძლებლობა განავითარონ ახალი უნარები უსაფრთხო გარემოში. მათთვის ეს პროფესიული და პიროვნული განვითარების შეუცვლელი შესაძლებლობაა.
გუნდის ჩართულობის და წარმატების 70% დამოკიდებულია მენეჯერზე. შესაბამისად, დროა, კომპანიებმა უფრო მეტი რესურსის ინვესტიცია ჩადონ მენეჯერებში, მისცენ მათ გაზრდის შესაძლებლობა და უფრო მჭიდროდ დაუკავშირონ საკუთარ გუნდს.
წყარო:To Retain Your Best Employees, Invest in Your Best Managers (hbr.org)