დღეს ადამიანები ყოველდღიურად იმდენად დაკავებულები არიან, რომ საკუთარ საჭიროებებზე ფიქრისათვის დრო აღარ რჩებათ. ხშირ შემთხვევაში ამის მიზეზი სამუშაოზე გამუდმებული ფიქრია. განსაკუთრებით პანდემიის პირობებში, ადამიანები ხშირად ცდილობენ რომ სამსახურში საკუთარი როლის საჭიროება გუნდისთვის ან მენეჯერისთვის მუდმივად ხელმისაწვდომობით დაამტკიცონ. სამუშაოსთან ერთად, უმრავლესობას ოჯახური პასუხისმგებლობებიც აქვს. შესაბამისად, რთულია, ადამიანმა გამონახო დრო საკუთარი ჯანმრთელობისა და სხვა საჭიროებებისთვის მაშინ, როდესაც დღის ყოველ მონაკვეთში ხან სამუშაოს ხან ოჯახური საქმის კეთების პროცესით არის დაკავებული
როგორც HBR გვირჩევს, პირველ რიგში უნდა შევჩერდეთ, ღრმად ჩავისუნთქოთ და გავაანალიზოთ, რომ სამყარო ჩვენს მხრებზე არ დგას. ხანდახან აუცილებელია, რომ ადამიანი გათავისუფლდეს და დაიჯეროს, რომ ყველაფერი კარგად იქნება, მაშინაც კი, თუ შესასრულებელი სამუშაოების სიაში ზოგიერთი პუნქტი არც თუ ისე კარგად, ან საერთოდ ვერ შეასრულა. ამის შემდეგ კი ადამიანმა საკუთარ თავზე ზრუნვა უნდა დაიწყოს. HBR-მა შემოგვთავაზა რამდენიმე რჩევა, რომელიც დაგვეხმარება გავთავისუფლდეთ მუდმივად საქმეზე ფიქრის რეჟიმისგან და დრო საკუთარ თავსაც დავუთმოთ:
საჭიროებების განსაზღვრა
სხვადასხვა ადამიანს, ბედნიერებისა და ჯანმრთელობისათვის სხვადასხვა რამ სჭირდება. თუმცა, ყველას ცხოვრებაში არსებობს ისეთი საერთო საჭიროებებიც, როგორიცაა სრულფასოვანი ძილი, ფიზიკური აქტივობა, ჯანსაღი კვება, სოციალიზაცია, ბუნებაში გატარებული დრო, დრო სულიერებისათვის და სხვ.
ადამიანემა პირველ რიგში დრო უნდა დაუთმოს იმაზე ფიქრს თუ რა სჭირდება და რა სურს. HBR-მა „თვითგამორკვევისათვის“შემდეგი კითხვები შემოგვთავაზა:
1) რამდენ საათიანი ძილი გჭირდებათ იმისათვის, რომ დღის განმავლობაში პროდუქტიული იყოთ?
2) რა ტიპის ფიზიკური აქტივობაა თქვენთვის თავდაჯერებულობისა და საიმოვნების მომტანი?
3) რა არის თქვენი სულიერი საზრდო?
4) ვისთან ერთად გსიამოვნებთ დროის გატარება?
5) როგორ ან დროის რა მონაკვეთში შეგიძლიათ ბუნებასთან უფრო ახლოს ყოფნა?
6) რა აქტივობები განიჭებთ სიამოვნებას?
სურვილებისა და საჭიროებების ქონა დანაშაული არ არის. პირიქით ბუნებრივია, რომ ადამიანებს აქვთ სხვა სურვილები, მაშინაც კი თუ მათი ცხოვრება სავსეა სამსახურეობრივი წარმატებებითა და ოჯახური სიყვარულით.
შესაძლებლობების განსაზღვრა
მაშინ, როდესაც სამსახურში ბევრი საქმეა შესასრულებელი, ბავშვები დისტანციურად სწავლობენ ან როდესაც ადამიანი ცხოვრებაში დიდი ცვლილებებისთვის ემზადება, რთულია, საკუთარი თავისათვის გააკეთოს ყველაფერი, რაც სჭირდება. ასეთ გადატვირთულ პერიოდში, ადამიანი უნდა დაფიქრდეს, რისი გაკეთება შეუძლია თავისი მცირე დროითი რესურსის პირობებში. მაგალითად, თუ სირბილი გიყვართ და მარათონისთვის ვერ ემზადებით, შეგიძლიათ დილით ნახევარი საათი გამოყოთ სირბილისთვის. შეიძლება ვერ ნახულობდეთ მეგობრებს პირადად, მაგრამ შეგიძლიათ მათ სადილის კეთების დროსაც კი დაურეკოთ. შესაბამისად, უნდა გადახედოთ გრაფიკს და დაადგინოთ რა დააკმაყოფილებს თქვენს საჭიროებებს, თუნდაც მცირე დროით, არსებული დროითი რესურსიდან გამომდინარე
დროის განსაზღვრა
დასვენების დროს ადამიანები ხშირად განიცდიან დანაშაულის გრძნობას რომ უფრო მეტ საქმეს არ აკეთებენ. HBR ამ პრობლემის გადასაჭრელად გრაფიკის შედგენას გვთავაზობს, სადაც საკუთარი თავის მოვლისათვის დრო აუცილებლად უნდა გამოყოთ. და როდესაც დღის განმავლობაში დადგება საკუთარი თავისთვის გამოყოფილი დროის ინტერვალი, ადამიანმა თავს უნდა მისცეს უფლება, რომ სხვაზე არაფერზე იფიქროს გარდა საკუთარი საჭიროებებისა. ასე რომ, დაგეგმეთ დრო ვარჯიშისათვის, ძილისათვის, ოჯახისა და მეგობრებისათვის. ასევე ლანჩის დროს ან ბავშვების დაძინებისას, შეგიძლიათ დრო კითხვას ან პოდკასტების მოსმენას დაუთმოთ. ასევე შეგიძლიათ წაუძინოთ ან გააკეთოთ მედიტაცია შუადღეს ენერგიების მოსაკრებად, სამსახურის შემდეგ კი გახვიდეთ სასეირნოდ მანამ, ვიდრე ტელევიზორის წინ მოკალათდებით.
ამ მიდგომით, ნელ-ნელა საკუთარ თავზე ზრუნვა პრიორიტეტად იქცევა. ამასთან, გაჩნდება მოტივაცია, რომ ნაკლებად დახარჯოთ დრო ისეთ აქტივობებში, რომელიც სიამოვნებას არ განიჭებთ.
საკუთარი თავის მომზადება
HBR -ის მიხედვით, აუცილებელია, რომ ყველა ის დამაბრკოლებელი ფაქტორი აღმოიფხვრას, რომელიც საკუთარი თავისთვის დროის დათმობას შეუშლის ხელს. მაგალითად, თუ თქვენი პრიორიტეტი მეტი ვარჯიშია, გაასუფთავეთ სარბენი ბილიკი, მონიშნეთ თქვენი საყვარელი ვარჯიშის ვიდეოები ან ჩაეწერეთ სავარჯიშო დარბაზებში.
საკუთარი თავისთვის დროის დათმობის წახალისებისათვის, ეცადეთ რაც შეიძლება მეტად დაუხალოვდეთ თქვენს მიზანს. მაგალითად, დააწყვეთ სავარჯიშო ტანსაცმელი ლოგინთან ახლოს, რომ სირბილამდე დრო დაზოგოთ. მოტივაციის შესანარჩუნებლად ყოველთვის გახსოვდეთ, თუ რატომ არის ეს აქტივობები თქვენთვის მნიშვნელოვანი.
გულწრფელობა სხვებთან
ბოლო ნაბიჯი სხვა ადამიანების მომზადებაა. აუცილებელია, ოჯახის წევრებმა იცოდნენ, რომ მაგალითად, დილით ნახევარ საათს ვარჯიშს უთმობთ, რომ გჭირდებათ ძილის კონკრეტული საათები იმისთვის, რომ დღის განმავლობაში პროდუქტიული იყოთ. ასევე, HBR-ის აზრით, ეს ინფორმაცია თანამშრომლებსაც უნდა მიაწოდოთ. მაგალითად, თუ თანამშრომელი შეხვედრის ჩანიშვნას საღამოს საათებში გთხოვთ, შეგიძლიათ უთხრათ, რომ ამ დროს ვარჯიშობთ. იმისათვის, რომ დრო საკუთარ თავს დაუთმოთ, თქვენი რუტინა თქვენვე უნდა დაიცვათ.
ბევრი საქმე არ ნიშნავს, რომ ადამიანმა საკუთარი საჭიროებები უნდა დათმოს. ადამიანს ყოველ დღე შეუძლია კონკრეტული დროის გამოყოფა იმისათვის, რომ საკუთარი საჭიროებები დაიკმაყოფილოს და სრულად ორიენტირდეს საკუთარ თავზე. თუ საკუთარ თავს არ მოვუვლით, კოლეგების ან საკუთარი ოჯახის წევრების წინაშე აღებული პასუხისგმებლობების გამკლავება გართულდება.
წყარო: HBR