კოვიდ-19-ის პანდემიამ ელექტრონული კომუნიკაციის ახალ ერას ჩაუყარა საფუძველი. პირისპირ შეხვედრების შეუძლებლობის გამო, ბევრი ადამიანი საკუთარ მეგობრებს, ოჯახის წევრებს და თანამშრომლებს მხოლოდ კომპიუტერის ეკრანის მეშვეობით ეკონტაქტებოდა.
ვიდეოკონფერენციებმა ბევრი სარგებელი და კომფორტი შემოიტანა ყოველდღიურ ცხოვრებაში. თუმცა, გასაკვირი არ არის, რომ ეკრანებზე საკუთარი თავის მუდმივ ხილვას უარყოფითი შედეგებიც მოყვა.
პანდემიამდე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ფოტო ფილტრებისა და სოციალური მედიაში დამკვიდრებული სილამაზის სტანდარტების გავლენით, პაციენტები ხშირად მიმართავდნენ პლასტიკურ ქირურგებს. პანდემიიდან რამდენიმე წლის გასვლის შემდეგ, ქირურგები ამტკიცებენ, რომ კოსმეტიკური ქირურგიული ჩარევების მოთხოვნა კვლავ იმატებს და ეს მატება ვიდეოზარებს უკავშირდება. პანდემიის დროს კოსმეტიკური პროცედურების შესახებ ერთ-ერთ კვლევაში, მონაწილეთა 86%-მა მიუთითა, რომ კოსმეტიკური ჩარევების ყველაზე გავრცელებული მიზეზი იყო ვიდეოზარები.
პანდემიის შემდეგ, ყოველდღიური ცხოვრების შემადგენელი ბევრი სხვადასხვა ასპექტი ნელ-ნელა ძველ რუტინას დაუბრუნდა, თუმცა ვიდეოზარები და სოციალური მედია კიდევ დიდხანს იქნება ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი.
ფოტოსურათის გადიდება და საკუთარი გამოსახულებით უკმაყოფილება
ყველა ადამიანს აქვს ჩამოყალიბებული წარმოდგენა საკუთარ გარეგნობაზე. ეს შეხედულებები შეიძლება იყოს ნეიტრალური, ნეგატიური ან პოზიტიური.
გარეგნობით უკმაყოფილებას შეიძლება ბევრი სხვადასხვა მიზეზი განაპირობებდეს. ერთ-ერთი ასეთი ფაქტორია საკუთარ ანარეკლზე „სარკეში დაკვირვება“. კვლევები ადასტურებს, რომ დაკვირვების ამგვარმა სელექციურმა ფორმამ შეიძლება გამოიწვიოს გარეგნობის კონკრეტული მახასიათებლის უარყოფით კონტექსტში დანახვა და შესაბამისი განწყობის ჩამოყალიბება.
სხვა ფაქტორები, რომლებიც იწვევენ გარეგნობით უკმაყოფილებას, შეიძლება იყოს, დაბალი თვითშეფასება, სოციალური სტანდარტები და ნორმები გარეგნობის შესახებ, თანატოლების და მშობლების გავლენა, ტემპერამენტი, მენტალური ჯანმრთელობის გენეტიკური მდგომარეობა და ა.შ.
გარეგნობით უკმაყოფილება იწვევს დეპრესიას, დაბალ თვითშეფასებას, ნეგატიურ ფიქრებს, შფოთვას, კვებით აშლილობას.
Zoom-ის ეფექტი
Zoom-ის შეხვედრების, FaceTime-ის ზარების, სელფების და საკუთარი ცხოვრების მუდმივი დოკუმენტირების ეპოქაში, რთულია ადამიანი გაექცეს საკუთარი ანარეკლის დანახვას. ზოგ ადამიანში ამან შეიძლება გაამძაფროს გარეგნობით უკმაყოფილების შეგრძნება, რისგან თავის დაღწევასაც უფრო მარტივად ხერხდებოდა Zoom-ის ეპოქამდე.
ვიდეოზარები, სელფების გადაღება და სოციალურ მედიაში მათი განთავსება ვიზუალზე დაფუძნებული აქტივობებია, სადაც მთავარი ადგილი ადამიანის გამოსახულებას, მის გარეგნობას უჭირავს. შესაბამისად, გასაკვირი არ არის, რომ გამოსახულების გაზიარების პლატფორმები ხშირად ასოცირდება გარეგნობით უკმაყოფილებასთან, შფოთვასთან, დეპრესიასა და კვებით აშლილობასთან.
ერთ-ერთი კვლევის თანახმად, ადამიანები რომლებიც უფრო მეტად არიან ჩართულები ვიდეო ზარებში (იგულისხმება, რომ ზარების დროს ხედავენ სხვა მონაწილეებს და მათ ადარებენ საკუთარ თავს) უფრო მეტად უკმაყოფილონი არიან საკუთარი გარეგნობით. ამ კვლევის თანახმად, ადამიანები, რომლებიც ვიდეო ზარების პლატფორმაზე იყენებდნენ სხვადასხვა ფილტრებს, უფრო მეტად ადარებდნენ საკუთარ თავებს სხვებს და უფრო მეტ დროს ატარებდნენ ვიდეო ზარის დროს საკუთარ გამოსახულებაზე დაკვირვებაში.
ვიდეოზარების ყველაზე უნიკალური მახასიათებელია, რომ ის ადამიანებს აძლევს სხვებისთვის თავის შედარების შესაძლებლობას საუბრის და ინფორმაციის გაზიარების პარალელურად. კვლევების თანახმად, გარეგნობით უკმაყოფილება შეიძლება დაკავშირებული იყოს ვირტუალური შეხვედრებისგან გადაღლასთან, შფოთვასთან, რომ მუდმივად ვიღაც გიყურებს ან შეიძლება უარყოფითად შეფასდე შენი გარეგნობის გამო.
გარეგნობით უკმაყოფილებასთან ბრძოლის გზები ელექტრონულ ეპოქაში
თუ გამუდმებით აკრიტიკებთ საკუთარ თავს, თუ როგორ გამოიყურება ვიდეოზარისას, შეიძლება დროა შეაფასოთ თქვენი დამოკიდებულება საკუთარ გარეგნობასთან და საჭიროების შემთხვევაში, მიმართოთ კვალიფიციურ თერაპევტს. პრობლემატურია თუ არა თქვენი შეფასება, შეგიძლიათ განსაზღვროთ შემდეგ კითხვებზე პასუხის გაცემით:
-დღის რამხელა მონაკვეთს ვატარებ საკუთარ გარეგნობაზე ფიქრში?
-რა ტიპის ჩვევები მაქვს გარეგნობასთან დაკავშირებით?
-თავს ცუდად ვიგრძნობ ამ ჩვევების მიხედვით არ მოვიქცევი?
-ეს ჩვევები შეესაბამება ჩემს ღირებულებებს და სურვილებს თუ როგორ მინდა დროის გატარება?
სხვა ადამიანების დასახმარებლად, რომლებიც შეიძლება განიცდიდნენ გარეგნობით უკმაყოფილებას, მნიშვნელოვანია მათ გარეგნობაზე მეტად ხაზი პიროვნულ თვისებებს გაუსვათ. ხშირად, ადამიანები არ უკვირდებიან საკუთარ კომენტარებს, რომლებიც შეიძლება სხვისთვის დამაზიანებელი იყოს. ნეგატიური კომენტარები გარეგნობასთან დაკავშირებით განაპირობებს თვითშეფასების და მენტალური ჯანმრთელობის გაუარესებას. ვიდეო ზარისას ან სოციალურ მედიაში საკუთარ თავზე ან სხვებზე დაკვირვებისას, აღიქვით ადამიანი მთლიანობაში და არა მისი სხეულის რომელიმე ნაწილი ცალკე.
შეამცირეთ დრო, რომელსაც ეკრანთან ატარებთ. კვლევის თანახმად, სოციალური მედიის 50%-ით ნაკლებად გამოყენება აუმჯობესებს გარეგნობით კმაყოფილებას თინეიჯერებისთვის და მოზრდილებისთვის.