ბილ გეითსი „უცნაურს“ უწოდებს იმ ფაქტს, რომ კოლეჯის მიტოვების მიუხედავად სწავლა არასდროს შეუწყვიტავს. ბილ გეითსი ერთ-ერთია იმ 31 წარმატებულ ადამიანს შორის, რომლის ინტერვიუ დეივიდ მ. რუბენშტეინის წიგნში How to Lead გვხვდება.
რუბენშტეინი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი საინვესტიციო კომპანიის Carlyle Group-ის თანადამფუძნებელია. ამასთან, ის პირველია იმ მილიარდერებს შორის, რომლებმაც ხელი Giving Pledge მოაწერეს - ეს არის შეთანხმება, რომლის საფუძველზეც მათი ქონების დიდი ნაწილი ქველმოქმედებას ხმარდება.
რუბენშტეინს კიდევ ერთი სამსახური აქვს - მას სატელევიზიო შოუ მიჰყავს, სადაც მსოფლიოს ყველაზე წარმატებულ CEO-ებს, ანტრეპრენერებსა და მილიარდერებს ესაუბრება. როდესაც მას ჰკითხეს, თუ რა არის ის მთავარი თვისება, რომელიც ყველა წარმატებულ მენეჯერს ახასიათებს, მან თქვა, რომ ისინი არასდროს წყვეტენ სწავლას და საკუთარი გონებრივი შესაძლებლობების გაუმჯობესებას.
ბილ გეითსი
ბილ გეითს სწავლა არასდროს შეუწყვიტავს. ის დღემდე ძალიან ბევრს კითხულობს და ძალიან ბევრ ონლაინ კურსს გადის. ბილ გეითსი ამბობს, რომ მუდმივ სტუდენტად ყოფნა მას დიდ სიამოვნებას ანიჭებს.
გეითსი მეგობრებს მათი ცოდნის მიხედვით არჩევს. მისთვის მნიშვნელოვანია, რომ მეგობრებისგან რაც შეიძლება მეტი ისწავლოს. სწორედ ამაზეა დამყარებული მისი და ბაფეტის ურთიერთობა - ისინი ერთმანეთისგან მუდმივად რაღაც ახალს სწავლობენ.
გეითსისა და ბაფეტის აზრით, ადამინები, რომლებიც ცხოვრების ერთ მიმართულებას ირჩევენ, ერთმანეთს იმ ცოდნას უზიარებენ, რომელის დამოუკიდებლად სწავლის დროც არ აქვთ.
რიჩარდ ბრანსონი
რიჩარდ ბრანსონმა სკოლა 15 წლის ასაკში მიატოვა. თუმცა, როგორც Virgin-ის დამფუძნებელმა რუბენშტეინს უთხრა, ის თავს მუდმივ სტუდენტად გრძნობს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ბრანსონის სწავლის ინსტრუმენტი პატარა უბის წიგნაკია, რომელშიც ყველაფერს იწერს: საუბრებსა და დაკვირვებებს, ახალ იდეებსა და თანამშრომლების აზრებს.
უბის წიგნაკის ტარება სულაც არ არის ადამიანის წარმატების საწინდარი, წარმატება სამყაროსადმი უსაზღვრო ცნობისმოყვარეობას მოაქვს.
დეივიდ რუბენშტეინი
„იმისათვის, რომ მენეჯერებმა სამყაროს სწრაფ ცვლილებებს ფეხი აუწყონ, მათ მუდმივად უნდა განავითარონ მათი ყველაზე უნიკალური კუნთი - ტვინი“ , წერს რუბენშტეინი თავის წიგნში. ახალგაზრდა რუბენშტეინი ვერასდროს წარმოიდგენდა რომ ის სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი გახდებოდა. ის ბალტიმორის ერთ-ერთ ყველაზე ღარიბ უბანში გაიზარდა. მამამისი ფოსტალიონი იყო, დედამისი კი - დიასახლისი. მის ოჯახს დიდი შემოსავალი არ ჰქონდა. თუმცა, რუბენშტეინმა ყოველთვის იცოდა, რომ მისი წარმატების ბილეთი მისივე ცოდნა გახდებოდა. დღეს, 71 წლის ასაკში, რუბენშტეინს კითხვა ისევე უყვარს, როგორც ახალგაზრდობაში. ის დღეში ექვს გაზეთსა და 12 პერიოდულ გამოცემას, ხოლო კვირაში ერთ წიგნს კითხულობს.
დღევანდელ სამყაროში განათლების მისაღებად უამრავი საშუალება არსებობს. ადამიანებს შეუძლიათ გაიარონ უფასო ონლაინ კურსები, წაიკითხონ ბიზნეს ლიტერატურა და კარგია, თუ იმდენად თავდაბლები იქნებიან, რომ მათზე ჭკვიანი მეგობრები ჰყავდეთ.
არც ის არის სანერვიულო, თუ ადამიანს გეითსის, ბრანსონისა და რუბენშტეინივით ძლიერი სწავლის სურვილი არ აქვს. ადამიანების უმრავლესობა დაბადებიდანვე ცნობისმოყვარე არ არის - თუმცა ცოდნის მიღება წარმატებისკენ სავალი აუცილებელი გზაა.